Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროება და დემოკრატია, გასაღებებით


საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ფარული მოსმენებისა და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან წვდომის საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტების იმ პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობითაა ცნობილი. გაიმართა პირველი მოსმენა ამ პაკეტის პირველი კანონპროექტისა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. კენჭისყრა 27 ნოემბერს გაიმართება, კანონპროექტის განხილვა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ცხარე დებატების ფონზე წარიმართა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განხილვის სიმწვავე განაპირობა არა მარტო ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების გასაღების ფლობის საკითხის აქტუალობამ, არამედ კანონპროექტის წამყვანი კომიტეტის შეცვლამაც. საქმე ისაა, რომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ნაცვლად, კანონპროექტი პლენარულ განხილვაზე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წარადგინა, მაშინ როცა ფარული მოსმენების საკითხზე იურიდიული კომიტეტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია, პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა კანონპროექტის განმარტებას და იმ უპირატესობების დამტკიცებას, რაც ფარული მოსმენის პროცესში ორი უფლებამოსილი რგოლის სინქრონულ მუშაობას შეეხებოდა. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით, ეს ორი რგოლია შინაგან საქმეთა სამინისტრო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი:

“ორი გასაღების პრინციპი რას გულისხმობს: ანუ ის ერთი გასაღები, რომელიც აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, არის საკონტროლო გასაღები, ანუ ინსპექტორს შეუძლია ან ეს მეორე გასაღები გამოიყენოს და ჩართოს მას შემდეგ, რაც გადაამოწმებს ინფორმაციას, არის თუ არა ყველაფერი სწორად, როგორც ეს მოსამართლემ გადაწყვიტა. და თუ მიიჩნევს, რომ არის სწორად, პირველი ღილაკი, რომელსაც ხელს აჭერს, შინაგან საქმეთა სამინისტროა. მაგრამ ის ღილაკი ვერ დაიწყებს საგამოძიებო მოქმედებებს, თუ ინსპექტორის საკონტროლო გასაღებით არ ჩაირთო. აი, ამ დადასტურების შემთხვევაში, როდესაც ორივე გასაღები დატრიალდა, ანუ ორივე ღილაკს დაეჭირა ხელი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედებები“.

თუმცა ეკა ბესელიას ეს განმარტება ცალსახად მისაღები არ გამოდგა მათთვის, ვისაც ეეჭვება, ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხი, მეორე მხრივ კი, კანონპროექტში იმის რისკებს ხედავს, რომ ორივე გასაღების გადატრიალება ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა სასამართლოს ნებართვის იგნორირებასაც ნიშნავდეს. კანონპროექტის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოსმენის შესახებ აქტს პროკურორიც გამოსცემს. ამ საკითხს შეეხო სწორედ თავის გამოსვლაში დეპუტატი პაატა ლეჟავა:

“ამ კანონპროექტის სულისკვეთება, როგორც მე გავიგე, არის ის, რომ ინსპექტორი ამოწმებს სასამართლოს ბრძანებას მოსმენასთან დაკავშირებით, რასაც წარადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. და გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში არ არსებობს სასამართლოს ბრძანება. ამიტომ, აქედან გამომდინარე, რას აკეთებს ინსპექტორი? უბრალოდ, თვალდახუჭული ურთავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ იმას? მე, აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ ხომ არ შემოგვეღო ჩვენ სასამართლოში 24-საათიანი სისტემა და ამ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობა პრაქტიკულად აღარ იქნებოდა“.

ფარული მოსმენის ნებართვის მოპოვებაში სასამართლოს უგულებელყოფის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ:

“პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა სიტყვასიტყვით გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გასაღები იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სასამართლო ზოგჯერ უარს გვეუბნება მოსმენებზეო. ყველანაირი ლოგიკით, - ჩვენ „ქართული ოცნების“ ლოგიკას ვერ ვწვდებით რიგითი მოკვდავები, მაგრამ რიგითი ადამიანების ლოგიკით, - პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ნიშნავს, რომ სასამართლო თუ არ გასცემს ნებართვას, მაშინ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სასამართლოს გვერდის ავლით ჩართოს მოსმენები“.

„ნაციონალური მოძრაობა“ კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ანალოგიური განზრახვა აქვს ფრაქციას „თავისუფალი დემოკრატები“, რომლის წევრი შალვა შავგულიძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმ საკითხზე, ვის უნდა ჰქონდეს ფარული მოსმენების გასაღები. დეპუტატის განმარტებით, შემოღებულ იქნა ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმი, რომელიც მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის დირექტივებს შეესაბამებოდა. მექანიზმი კი, მისი განმარტებით, შეთავაზებული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გაზრდილი და რეალური უფლებამოსილებების სახით:

„ფუნქციები იყო იმდენად ეფექტურად შემოთავაზებული, რომ მიჩნეული იქნა და მოწონებული იქნა ევროპელი ექსპერტების მიერ თავიანთ დასკვნებში ეს მექანიზმი. წარმოდგენილი კანონპროექტით უგულებელყოფილია აგვისტოს იმ კანონთა პაკეტით მიღწეული ეს შედეგი, ვინაიდან პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი შემოყვანილია ამ კანონპროექტით, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი სუბიექტი“.

როგორ შეძლებს ეს სუბიექტი დამოუკიდებელ მოქმედებას გაზრდილი უფლებამოსილებების ფარგლებში? - ეს შეკითხვა კი არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი კოალიციის რიგებშიც აწუხებთ. დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს:

“ამდენი უფლებამოსილება, რაც აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მთელ ამ პროცესში, რეალურად მხოლოდ და მხოლოდ მაკონტროლებელი ფუნქციაა. თუ ეს არის უშუალოდ პროცესში მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი სუბიექტის, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს?“

ფარული მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლება-მოვალეობებს კი საპარლამენტო განხილვის პარალელურად თავად გამოეხმაურა უწყების ხელმძღვანელი, თამარ ქალდანი. იგი ფარული მიყურადების პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს:

“ჩვენ არ უნდა ვიყოთ აღქმული სამართალდამცავი ორგანოების ნაწილად ან მათი საქმიანობის გამგრძელებლად. ერთადერთი ლეგიტიმური როლი ინსპექტორისა, ეს არის კონტროლის განხორციელება. და თუკი გასაღების ფლობა ამ კონტროლის ეფექტურობას უქმნის საფრთხეს, მაშინ არ უნდა იქნეს გასაღების თემაზე საერთოდ ინსპექტორთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელებული“.

კანონპროექტის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ მოდელი, რომელიც ფარული მოსმენების გასაღებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადასცემს ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებაც, განსხვავებით იმ მოდელისგან, რომელიც გასაღების ერთ-ერთ მფლობელად მობილურ ოპერატორებს ასახელებდა. კანონპროექტის ეს ზემოხსენებული ვარიანტი არ დარეგისტრირებულა. თუმცა საპარლამენტო განხილვას 27 ნოემბერს ელოდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის გადაცემას გულისხმობს. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს კი, გავრცელებული ცნობით, არც ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დაუჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG