Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორებებს უყრიან კენჭს


საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი სტრასბურგში
საილუსტრაციო ფოტო: ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი სტრასბურგში

ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.

რეზოლუციის ძირითადი ტექსტის საბოლოო სამუშაო ვერსია წარმოადგენს ევროპარლამენტში ცალ-ცალკე წარდგენილი ხუთი პროექტის შემაჯამებელ ვერსიას.

ხუთშაბათს, 25 აპრილს, პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტარები სწორედ ამ ვერსიას უყრიან კენჭს.

გარდა ამისა, 24 აპრილისთვის ევროპარლამენტში წარდგენილია საერთო რეზოლუციის შესწორების ორი ვერსია.

ერთ-ერთი შესწორებების ავტორია პოლიტიკური ჯგუფი „განაახლე“ (წარმოადგენს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი), მეორისა კი - „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (წარმოადგენს ანა ფოტიგა).

„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:

  1. ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
  2. ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„განაახლეს“ შესწორება სამ პუნქტს მოიცავს:

  1. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
  2. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  3. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

ხუთი სამუშაო ვერსიის შეჯამების შედეგად გაერთიანებული საერთო რეზოლუციის პროექტის შინაარსი კი ასეთია:

  1. ევროპარლამენტი გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას;
  2. ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;
  3. სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;
  4. მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;
  5. კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;
  6. ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;
  7. გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით
  8. იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  9. ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება;
  10. ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;
  11. მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;
  12. კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.
  13. ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.

23 აპრილს სტრასბურგში „აგენტების კანონზე“ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ ითხოვენ:

  • დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს, ასევე - პოლიციის მაღალჩინოსნებს;
  • გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი,
  • შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება.

საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

საბოლოო, მესამე მოსმენით, კანონის მიღება 17 მაისსაა დაგეგმილი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

XS
SM
MD
LG