Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ მილიონერი ახალი დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი


გიორგი ბარვენაშვილი - პარლამენტის დეპუტატი პარტია „ქართული ოცნებიდან“
გიორგი ბარვენაშვილი - პარლამენტის დეპუტატი პარტია „ქართული ოცნებიდან“

21 თებერვალს საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი შეემატა. ამ დღეს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნული ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლის - გიორგი ბარვენაშვილის უფლებამოსილება ცნო. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 71-ე ნომერი იყო. 

გიორგი ბარვენაშვილზე ქართულ მედიაში პირველად 2019 წლის ნოემბერში დაიწერა და მომზადდა სიუჟეტები. „მთავარ არხსა“ და „ფორმულის“ ეთერში მაშინ გავიდა სიუჟეტი ევროპაში ერთ-ერთ მიმზიდველ კომოს ტბაზე გამართული წვეულების შესახებ, რომლის მასპინძელი გიორგი ბარვენაშვილი იყო, სტუმრები კი მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. მედია მაშინ ამ მოგზაურობით დაინტერესდა, რადგან პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ არ შეასრულა არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარების დაპირება.

დავუბრუნდეთ გიორგი ბარვენაშვილს, რომელმაც თანამდებობის პირისთვის სავალდებულო დეკლარაცია პირველად 22 აპრილს შეავსო. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ დეპუტატს მხოლოდ საკუთარ სახელზე აქვს ქონება რეგისტრირებული, ცოლს კი არაფერი ეკუთვნის.

დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთები თბილისში, სახლი მცხეთაში ასევე, ორი მსუბუქი ავტომობილი. ზოგიერთ შემთხვევაში ამ უძრავ ქონებას ჰყავს თანამესაკუთრე, რომელთა შესახებაც დეკლარაციაშია ინფორმაცია მითითებული.

ამონარიდი დეკლარაციიდან
ამონარიდი დეკლარაციიდან

გიორგი ბარვენაშვილს ეკუთვნის რვა ძვიდარღირებული საათი, რომელთა ჯამური ღირებულებაც, დეკლარაციის მიხედვით, 439 400 დოლარია.

ამონარიდი დეკლარაციიდან
ამონარიდი დეკლარაციიდან

დეპუტატს ეკუთვნის „ბიტკოინისა“ და „ეთერიუმის“ კრიპტოვალუტები, რომელთა ნომინალური (პირობითი) ფასი 3 350 660 დოლარია.

ამონარიდი დეკლარაციიდან
ამონარიდი დეკლარაციიდან

გიორგი ბარვენაშვილსა და მის ცოლს მაია მაისაძეს ათობით ათასი ევრო და დოლარი აქვთ საბანკო ანგარიშებზე. კიდევ უფრო დიდი თანხა აქვთ ნაღდი ფულის სახით.

ამონარიდი დეკლარაციიდან
ამონარიდი დეკლარაციიდან

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავლის ერთადაერთი წყარო გასულ წელს ბიზნესი იყო - მან შპს „ოდა“-დან 2 630 559 ლარი მიიღო.

გიორგი ბარვენაშვილმა 2020 წელს 60 ათასი ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“, 2018 წელს კი ამდენივე თანხა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

XS
SM
MD
LG