Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლგბტ პროპაგანდის“ გამო რუსეთში გაყიდვიდან წიგნები ამოიღეს


გამომცემლობა „АСТ“ წიგნებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის გაყიდვიდან, ბეჭდურსაც და ელექტრონულსაც. თავიდან ვლადიმირ სოროკინის „მემკვიდრეობა“ ამოიღეს, შემდეგ მაიკლ კანინგემის „სახლი ქვეყნის დასალიერში“ და ჯეიმს ბოლდუინის „ჯოვანის ოთახი“. 23 აპრილს ამ სიას ჰანა იანაგიჰარას „პატარა ცხოვრება“ და მადლენ მილერის „აქილევსის სიმღერა“ დაემატა. მიზეზი ერთია - „ლგბტ პროპაგანდის ნიშნები ტექსტში“. ექსპერტიზას სპეციალური ორგანო ატარებს - ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების ექსპერტული ცენტრი, რომელიც რუსეთის წიგნის კავშირის ბაზაზეა შექმნილი.

წიგნების: „მემკვიდრეობა“, „სახლი ქვეყნის დასალიერში“ და „ჯოვანის ოთახი“ გაყიდვებიდან ამოღების შესახებ 22 აპრილს გახდა ცნობილი. ასევე გამომცემლობამ იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლილნის წიგნში მისი ბიოგრაფია დაფარა. პაზოლინი ჯერ კიდევ 1950-იანი წლების იტალიაში აცხადებდა, რომ გეი იყო.

„სათქმელიც ბევრი არაფერია. თავადაც იცით და გესმით ყველაფერი. მადლობა, რომ კითხულობდით და კითხულობთ. ვიცით, ბევრნი ხართ“, - წერია გამომცემლობა „Corpus“-ის ტელეგრამარხზე. ეს გამომცემლობა „Эксмо-АСТ“-ის ჰოლდინგში შედის.

წიგნებზე ორიენტირებულმა ტელეგრამარხებმა გამოაქვეყნეს წერილი წიგნების ამოღების შესახებ. წერილს „АСТ“-ის დირექტორის მოადგილე ტატიანა გორსკი აწერს ხელს. ეს წერილი გამომცემლობამ წიგნის მაღაზიებში გაავრცელა.

23 აპრილს მსგავსი წერილი, იმავე ხელმოწერითა და ადრესატებით კიდევ ორ წიგნს შეეხო - „პატარა ცხოვრებას“ და „აქილევსის სიმღერას“. გაყიდვიდან ამოღების მიზეზად მითითებულია „ტექსტში იმ ნიშნების არსებობა, რომლებიც მუხლ 6.21-ს ეხება“. ეს არის მუხლი „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და სქესის შეცვლის პროპაგანდის შესახებ“, ის რუსეთის კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში გამოჩნდა. იურიდიულ პირებს ეს მუხლი მილიონ რუბლამდე (დაახლოებით 29 ათასი ლარი. რ.თ.) ჯარიმას აკისრებს, თუ პროპაგანდა ინტერნეტის მეშვეობით ხორციელდება - 4 მილიონ რუბლამდე.

ამ ნუსხაში ერთადერთი ახალი წიგნი 2023 წელს გამოცემული ვლადიმირ სოროკინის „მემკვიდრეობაა“. სხვა წიგნები რუსულად წლების წინ გამოვიდა.

„პატარა ცხოვრება“ გვიყვება ოთხი მეგობრის ყოფაზე ნიუ-იორკში. ეს წიგნი რუსეთში 2016 წელს დაიბეჭდა.

„აქილევსის სიმღერა“ პატროკლეს თვალით დანახულ იმ მოვლენებს გადმოსცემს, რომელიც „ილიადაში“ ხდება - დაიბეჭდა 2019 წელს.

„ჯოვანის ოთახი“ 1950-წლებშია დაწერილი და ამერიკელ დევიდზე მოგვითხრობს, ბიჭი პარიზში ცხოვრობს და იტალიელ ჯოვანიზეა შეყვარებული. ეს წიგნი რუსულად ჯერ კიდევ 90-იან წლებში რამდენჯერმე გამოიცა.

„სახლი ქვეყნის დასალიერში“ დაწერილია 1990 წელს, პულიცერის პრემიის ლაურეატის მაიკლ კანინგემის მიერ. რუსულად რომანი 2000 წელს თარგმნეს და რამდენჯერმე გამოსცეს.

გამომცემლობა „АСТ“-მ დაადასტურა, რომ წიგნები ამოღებულია ექსპერტული ცენტრის დასკვნის საფუძველზე.

მოგვიანებით გამომცემლობამ ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ ექსპერტული დასკვნა კი არ მიიღო, არამედ გაფრთხილებაც პროკურატურიდან, რომ „დაუშვებელია დაირღვეს კანონის მოთხოვნა ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ, ასევე ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“.

გამოცემა „ვედომოსტი“ გვიყვება ექსპერტულ ცენტრზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სოროკინისა და კანინგემის წიგნები ლგბტ პროპაგანდაა.

ზუსტად როდის დაარსდა ეს ცენტრი, უცნობია. ის რუსეთის წიგნის კავშირის ბაზაზე ფუნქციონირებს. კავშირის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინია, რომელიც 1999 წელს ცოტა ხნით რუსეთის ხელისუფლებაში იყო და მას შემდეგ სხვადასხვა ფონდსა და ასოციაციას ხელმძღვანელობს. 2022 წელს სტეპაშინს სანქციები შეეხო. მან ხელი მოაწერა რუსეთის იურისტთა ასოციაციის წერილს, რომლითაც უკრაინის წინააღმდეგ ომს დაუჭირა მხარი.

„ვედომოსტი“ ჰყვება, რომ რუსეთის წიგნის კავშირის ექსპერტთა საბჭოში შევიდნენ „როსკომნადზორის“ წარმომადგენლები. ასევე ექსპერტებს შორის არიან რუსეთის ისტორიული საზოგადოებიდანაც, რომლის ხელმძღვანელი დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინია. ასევე არიან რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოებიდან, მას პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. ექსპერტულ ცენტრში შედიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც და ა.შ.

ექსპერტები წიგნებში კანონდარღვევებს ეძებენ და რეკომენდაციებს იძლევიან. საბოლოო გადაწყვეტილებას გამომცემლობა იღებს.

წიგნების ინდუსტრიის წარმომადგენლების რეაქციის მიხედვით (კრიტიკოსები და წიგნით მოვაჭრეები), ამ ექსპერტული ცენტრის შესახებ მათ მხოლოდ „АСТ“-ის განცხადებიდან გაიგეს.

„თვალი თუ არ მატყუებს, ჩვენთან გაჩნდა ორგანო, რომელსაც სერტიფიკატიც არა აქვს, მაგრამ მაინც უნდა არკვიოს, ესა თუ ის წიგნი კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია თუ არა და შემდეგ რეკომენდაციები გასცეს მისი გაყიდვებიდან ამოღების თუ დატოვების თაობაზე?“ - აღშფოთდა წიგნების მიმომხილველი მაქსიმ მამლიგა. ის ამ სიტყვებს თავის ტელეგრამარხზე წერს. - „ეს როგორ? ეს სასტიკად ანტიკონსტიტუციურია. თან ვერც ვიპოვე, ამ ექსპერტულ საბჭოში ვინ შედის. ვინ არის ეს ხალხი?“

„ეს წერტილოვანი რეპრესიების მეთოდია, მასობრივზე სახელმწიფოს ჯერ რესურსი არა აქვს. მაგრამ ისე დააშინებენ ყველას, რომ ბევრი აღარც არაფერი ექნებათ გასაკეთებელი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ადრე მწერლებს დევნიდნენ, მათი წიგნების შინაარსს კი მხედველობაში არ იღებდნენ. ახლა, ჩანს, უფროსობაში ვიღაცამ ანბანი ისწავლა და ნელ-ნელა სიტყვების შედგენაც დაიწყო. აი, ნაყოფი განათლებისა“, - წერს თავის ტელეგრამარხზე ლიტერატურის კრიტიკოსი გალინა იუზეფოვიჩი.

მედია ამჩნევს, რომ წერტილოვანი რეპრესიები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან შეინიშნება, ასევე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების შემდეგაც. მწერლები და ცალკეული ნაწარმოებები სხვადასხვა მოტივით იდევნება. ზოგიერთი მაღაზია თაროებიდან იღებს ან ფუთავს იმ მწერლების წიგნებს, რომლებიც „უცხოეთის აგენტებად“ შეირაცხნენ, თუმცა, კანონი ამას არ ითხოვს. უფრო სერიოზულად დევნიდნენ მწერლებს - ბორის აკუნინს, ლიუდმილა ულიცკაიასა და დმიტრი ბიკოვს. დევნა მას მერე დაიწყო, რაც მათ კრემლის პრანკერებმა დაურეკეს და საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ამ ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ მწერლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ემხრობიან. აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს, გამომცემლობა „АСТ“-მ კი ლიუდმილა ულიცკაიას საავტორო ჰონორარის გადახდა შეუწყვიტა.

ვლადიმირ სოროკინს, რომელიც ღიად გამოთქვამს თავის ნეგატიურ შეხედულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე, „პედოფილიის პროპაგანდაზე“ ამოწმებდნენ. ამის თაობაზე ულტრამემარცხენე მოძრაობა „სოროკ სოროკოვ“ აცხადებს. მაღაზია „ლაბირინთმა“, ასევე პლატფორმებმა „Ozon“ და „Wildberries“ მისი რომანი ჯერ კიდევ იანვარში, ექსპერტიზის დასრულებამდე, მოაშორეს თაროებიდან.

ამის პარალელურად ლიტერატურულ წრეებში განიხილება სხვადასხვა შავი სია, რომლებშიც თითქოსდა მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან ამოსაღები წიგნებია შეტანილი. ერთ-ერთ ნუსხაში შეტანილია დოსტოევსკის, ოსკარ უაილდისა და მარსელ პრუსტის წიგნები (ისინი რუსეთში ჯერაც გამოიცემა). მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დუმაში შესულია კანონპროექტი ბიბლიოთეკებიდან წიგნების ამოღების შესახებ. თუმცა, ამ კანონში საუბარია „უცხოეთის აგენტებზე“ და იმათზე, ვინც ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია.

ვლადიმირ ხარიტონოვი, ინტერნეტგამომცემელთა ასოციაციის დირექტორი და ავტორი ტელეგრამარხისა „სიტყვა და ფული“, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ჰყვება, რომ ექსპერტული ორგანოს წარმოშობა გამომცემლობების შიდა ექსპერტიზას ემსახურება. ვარაუდია, რომ ეს ექსპერტული ცენტრი იმავე „Эксмо-АСТ“-ის ინიციატივით გაჩნდა, რისკებისგან თავის დასაზღვევად. რისკებს კი ქვეყანაში შექმნილი ახალი კანონები წარმოშობს.

„როდესაც გამომცემლობებს “მიაწვნენ”, რუსეთის წიგნის კავშირმა - საკმაოდ დისციპლინირებულმა ორგანიზაციამ - გადაწყვიტა გამომცემლობებისთვის შიდა ექსპერტიზის ორგანიზება, რომ გამომცემლობებს წიგნების წარდგენა და რჩევის მიღება შესძლებოდათ: „აი, ეს წიგნი რამე რისკს შეიცავს თუ არა?“ რუსეთის წიგნის კავშირში მთავარი „ექსმო“ და „განათლებაა“, ესენი არის ინდუსტრიული ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მსხვილ გამომცემლობებს აერთიანებენ“, - განმარტავს ხარიტონოვი.

ის ამბობს, რომ „ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონი იურიდიული პირებისთვის არა მხოლოდ მსხვილ ჯარიმას, არამედ ფუნქციონირების შეწყვეტასაც ითვალისწინებს: „ეს ისეთი მონსტრებისთვის, სადაც ათობით რედაქცია და ათიათასობით წიგნია, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. პატარა გამომცემლობებს შეუძლიათ თავად აკონტროლონ წიგნები, მაგრამ „ექსმოს“ და „АСТ“-ს ურჩევნიათ ექსპერტულ ცენტრს მიმართონ“.

ხარიტონოვს მიაჩნია, რომ უზარმაზარი ჰოლდინგისთვის რამდენიმე, თუნდაც პოპულარული წიგნის ამოღება დიდი დანაკარგი არ იქნება. თუმცა, ექსპერტები და შემმოწმებელი ორგანოები ამ ხუთ წიგნზე არ შეჩერდებიან.

„იმ წიგნების სიები, რომლებიც შეიძლება ამოიღონ ან აკრძალონ, დიდი ხანია „დადის“. რაღაც დროის განმავლობაში რუსეთის წიგნის კავშირთან ვთანამშრომლობდი და ვიცი როგორ მუშაობენ. ვფიქრობ, ეს დასაწყისია. ასეთ გადაწყვეტილებებს მერეც მიიღებენ. რთული არ არის ისეთი წიგნების პოვნა, სადაც რამე „გეი აღვირახსნილობა“ ეწერება, - ამბობს ხარიტონოვი, - თუნდაც 250 წიგნიც რომ იყოს, დიდი ჰოლდინგისთვის ეს სერიოზული დანაკარგი არ იქნება, მაგრამ მკითხველი იზარალებს“.

XS
SM
MD
LG