Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გაზის მარაგების შესახებ


გუშინ ქართულმა მედიამ აქტიურად აიტაცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში - კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში - გაზის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს. ამაზე ატლანტიკური საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშშია („დასავლეთის ენერგეტიკული სტრატეგიის განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის და მის გარეთ“) საუბარი (ავტორი არიელ კოენი). როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში არსებული რესურსებით ქვეყანას შეუძლია, იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი გახდეს. დოკუმენტში ავტორი ეყრდნობა კომპანია „ფრონტერა რესურსის“ ინფორმაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, კომპანიის შეფასებით, „სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში“ ბუნებრივი აირის მარაგი 5.3 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს.

ექსპერტის აზრით, თუ აღმოჩენილი გაზის მარაგის მოცულობას დამოუკიდებელი წყაროები დაადასტურებენ, ხოლო გეოპოლიტიკური გამოწვევები წარმატებით მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც დაბალი შემოსავლის ქვეყანაა, გაზის იმპორტიორის ნაცვლად, ექსპორტიორი ქვეყანა გახდება.

თუმცა სკეპტიკოსებისთვის მსგავსი განცხადებები უფრო კომპანია „ფრონტერას რესურსის“ მიერ საკუთარი აქციების ღირებულების გაზრდის მცდელობას ჰგავს, ვიდრე რეალობას.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი ხასიათის განცხადება კომპანია „ფრონტერამ“ 2014 წლის ივნისში გააკეთა. მაშინაც ითქვა, რომ კომპანია „ფრონტერამ“ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო აღმოაჩინა. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს და 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. იმავე 2014 წლის ივნისში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებდნენ, რომ როცა “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” საბადოზე ბურღვითი სამუშაოები დაიწყო, უწყებასა და საქართველოს მთავრობაში წარმოადგინა დოკუმენტაცია, სადაც აღნიშნულ ჭაბურღილზე 23 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის დამტკიცებული მარაგი მოიაზრებოდა, რაც, მათი აზრით, ასევე დასასაბუთებელი იყო.

დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით,ნავთობისა და გაზის მოპოვების მასშტაბები საქართველოში საკმაოდ მოკრძალებულია: გაზის მოპოვების სამუშაოები საქართველოში 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორ-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ. კუბ. მ-ს აღწევდა. თავისუფალი გაზის მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა ასევე ნინოწმინდის უბანზე, სადაც მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.

ბოლო წლებში გაზის წლიური მოპოვება, საშუალოდ, 16.5 მლნ. კუბ. მ იყო. ცხადია, ოპტიმისტური განცხადებები საზოგადოებისთვის საინტერესოა, თუმცაკითხვას, ხომ არ არის ეს ოპტიმიზმი გადაჭარბებული, პასუხი ისევ სტატისტიკამ უნდა გასცეს. ფაქტი ერთია, რომ ჯერჯერობით საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება-გაყიდვის ბუმი აშკარად არ შეინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG