Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე ტურის შედეგები და დისკუსია ოქრუაშვილის გამონათქვამის გამო


გორში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცნობილია. გორის მერი და მუნიციპალიტეტის გამგებელი კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატები გახდნენ. ქალაქში კოალიციის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 62 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, “ქართული პარტიის” კანდიდატმა კახა ერგემლიძემ კი - 37 პროცენტზე მეტი. გორის მუნიციპალიტეტში კოალიციის კანდიდატს, დავით ონიაშვილს, მხარი 67-მა პროცენტმა დაუჭირა, მისმა კონკურენტმა „ქართული პარტიიდან“ ბონდო ვათიაშვილმა კი 33 პროცენტი მიიღო. არჩევნების დასრულებიდან 2 საათში ირაკლი ოქრუაშვილმა დამარცხება აღიარა, თუმცა მის მიერ გაკეთებული განცხადება გორში ამ დრომდე განსჯის საგანია. „ქართული პარტიის“ ლიდერმა იმ ამომრჩევლებს, დაახლოებით 10 ათას ადამიანს, რომლებმაც მმართველი კოალიციის კანდიდატს მხარი დაუჭირეს, 50-50 ლარად გაყიდულები უწოდა.

„ქართული პარტიის“ ლიდერის განცხადებას სწრაფად გამოეხმაურა კოალიციის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი. მან ოქრუაშვილის ბრალდებას უხამსი ტყუილი და საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა. ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ ოქრუაშვილს ამის შემდეგ გორში წარმატების არანაირი შანსი აღარ ექნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი საკითხი რჩება ჟურნალისტების განხილვის საგნად. ბრიფინგამდე ოქრუაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ სხირტლაძემ გადაწყვიტა, რომ „ქართული პარტიის“ ლიდერთან მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი შესულიყო, რასაც ხმაური მოჰყვა.

მედიის წარმომადგენელთა საერთო სოლიდარობის გამო, „ქართული პარტიის“ ლიდერს ჟურნალისტების დახარისხების მცდელობა ჩაუვარდა და მის შტაბში, საბოლოოდ, ყველა აღმოჩნდა.

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისია დღეიდან საჩივრების განხილვას იწყებს. კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებზეა დაწერილი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბნო კომისიების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალი მერი და გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებიან. 2 აგვისტოს გორში საკრებულოების სხდომები გაიმართება და როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილი გახდება.

XS
SM
MD
LG