Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვამთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს” - იური ვაჩნაძის რადიოპორტრეტები


იური ვაჩნაძე
იური ვაჩნაძე
სულ ცოტა ხნის წინ აუდიოალბომის სახით გამოიცა რადიო ”სვობოდას” რუსული სამსახურის მიმომხილველის იური ვაჩნაძის რადიოპორტრეტები. იური ვაჩნაძის მოსმენა რადიო თავისუფლების მუსიკის მოყვარულ მსმენელებსაც შეუძლიათ, რადგან ის ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას ”მუსიკა, მუსიკა”. ალბომი კი სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა და ორი დისკისგან შედგება.

რუსულ ენაზე წარმოდგენილი ალბომის სახელწოდებაა ”საქართველო-რუსეთი, რადიოპორტრეტები”. მისი პრეზენტაცია ქობულეთში გამართულ პოეზიის ფესტივალზე 27 ივნისს შედგა. ფესტივალი, სახელწოდებით ”პოეზიის სამყარო - მსოფლიო ომის გარეშე” აერთიანებდა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან მოწვეულ რუსულენოვან პოეტებს. რა კავშირი შეიძლება იყოს პოეზიის ფესტივალს, წარმოდგენილ ალბომსა და ქართულ-რუსულ კულტურულ ურთიერთობებს შორის?

ერთ-ერთი რადიოპორტრეტი იური ვაჩნაძის ალბომიდან ”საქართველო-რუსეთი, რადიოპორტრეტები” ჯორჯ ბალანჩინისა და ანდრეი ბალანჩივაძის შესახებ მოგვითხრობს. თუმცა ორი დისკისგან შემდგარი ალბომი სხვა მრავალ შემოქმედზეც გვიამბობს.

ალბომის პრეზენტაცია პოეზიის იმ ფესტივალზე შედგა, რომელიც ქართველი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე რუსულენოვანი პოეტების ერთად თავმოყრას ითვალისწინებდა.

ერთი შეხედვით, ამ ორ ამბავს შორის კავშირი თითქოს არ არის, თუმცა ასე არც თავად იური ვაჩნაძე ფიქრობს და არც ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოში არსებული საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის ”რუსული კლუბის” პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკი.

პოეტებმა ერთმანეთს ცოცხალი შემოქმედება გაუზიარეს, ალბომი კი იმ კავშირებს ასახავს, რომელიც წლების წინ ქართველ და რუს შემოქმედთა შორის არსებობდა.

საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები ადამიანებს სულიერ და კულტურულ კავშირებში ხელს არ უნდა უშლიდეს, მიიჩნევს იური ვაჩნაძე. კულტურა ამგვარ ურთიერთობებზე მაღლა დგას და სწორედ კულტურული ფასეულობების ურთიერთგაცვლის ენას სთვაზობს ალბომი მსმენელებს.

”ჩვენ გვაკავშირებს საოცარი ურთიერთობები - ვთქვათ, პასტერნაკი და ტიციან ტაბიძე, - ერთ-ერთი გადაცემა სწორედ ამას მიეძღვნა, - ასევე ჯორჯ ბანალჩინი და ანდრეი ბალანჩივაძე - ორივე ქართველი, მაგრამ ყველა მსოფლიო ენციკლოპედიაში ერთი მოხსენიებულია როგორც რუს-ამერიკელი ბალეტმაისტერი, მეორე კი - ცნობილი ქართველი კომპოზიტორი... და სწორედ ამას მიეძღვნა ეს ალბომი. მიუხედავად უმძიმესი ურთიერთობებისა, რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირები არ უნდა გაწყდეს“, - ამბობს იური ვაჩნაძე.

”რუსული კლუბის” პრეზიდენტი ნიკოლაი სვენტიცკი, რომელიც ალბომის გამოცემის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, ახლა იმით არის დაკავებული, რომ მსოფლიოს ცნობილ ბიბლიოთეკებს ალბომი მიაწოდოს. მისი თქმით, მალე ალბომი შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკას ექნება. იგზავნება ასევე ქაიროს ბიბლიოთეკაშიც. მისი აზრით, დისკის ნებისმიერი მსმენელი საქართველოს შესახებ ძალიან ბევრ სიახლეს აღმოაჩენს და ამით ქართული კულტურის საგანძურს გაეცნობა - როგორიც არის, მაგალითად, ქართული მრავალხმიანობა, ტიციან ტაბიძის და მისი მეგობრების შემოქმედება, თბილისელი წიგნის მოყვარულები, ქართველი ტენორები და ა.შ.

ნიკოლაი სვენტიცკი ამბობს, რომ ურთიერთობების ის ენა, რომლითაც იური ვაჩნაძე მსმენელს მოუთხრობს, დღეს ყველაზე აქტუალურია:

”ეს პროქტი, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია - განსაკუთრებით დღევანდელ დღეს. ჩემი აზრით, ამ პროექტში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნაჩვენებია, თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ ადამიანები, მიუხედავად მათი ქვეყნების პოლიტიკური მოსაზრებების, მათი პოლიტიკოსების მოქმედებებისა. ადამიანები უნდა ურთიერთობდნენ ისე, როგორც ამას იური ვაჩნაძე გვთავაზობს.”

”რუსული კლუბის” პრეზიდენტი ამბობს, რომ პროექტის გლობალურობას ერთი რამ განაპირობებს: ალბომში იური ვაჩნაძე ისეთი პიროვნებების პორტრეტებს წარმადგენს, რომლებიც არც მხოლოდ ქართული და არც მხოლოდ რუსული კულტურის ნაწილია. მეტიც, ისინი მსოფლიო კულტურას ქმნიდნენ. ასეთებად მიაჩნია ნიკოლაი სვენტიცკის ლევან ხაინდრავა, ალექსანდრ ვერტინსკი, ვახუშტი კოტეტიშვილი, მიხეილ ქვლივიძე, მარია იუდინა და ვლადიმირ სოფრონიცკი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი და სხვები, ანუ ვის შემოქმედებაზეც იური ვაჩნაძე ალბომში მოგვითხრობს.

რუსულ და ქართულ კულტურებს შორის კავშირის წყვეტაზე ამახვილებს ყურადღებას ჟურნალ ”რუსკი კლუბის” მთავარი რედაქტორი ალექსანდრ სვატიკოვი. იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ კონტაქტის მხარდაჭერის კარგი მცდელობაა ალბომი ”საქართველო-რუსეთი, რადიოპორტრეტები”. ამას გარდა, ის იმ ”თბილისურ სულზე” საუბრობს, რომელიც, მისი აზრით, დაიკარგა და რომლის შეგრძნებასაც ახლა მსმენელს ალბომი უბრუნებს.

”ჩემთვის ეს გადაცემები გახდა ჩემი დაკარგული სამოთხე, ანუ ის, რაც იყო 80-იანი წლების თბილისი. ამ გადაცემებში შენარჩუნებულია ის სული, რომელიც არსებობდა მაშინ და რომელიც ახლა ძალიან აკლია ამ ქალაქს”, - ამბობს ალექსანდრ სვატიკოვი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG