Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში რამდენიმე ორგანიზაცია აქტიურობს


კახეთის რეგიონში რეგისტრირებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა აქტივობით მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა. ის ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობის პროცესში მთელ რეგიონს ფარავენ, ძირითადად, ცენტრალური ოფისების ფილიალებს წარმოადგენენ და მათ საზოგადოებაც კარგად იცნობს. ასეთია, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის რეგიონალური ოფისი, რომელსაც დაზარალებული მოქალაქეები მთელი რეგიონიდან ყველაზე ხშირად მიმართავენ და რეაგირებაც ამ ორგანიზაციის მხრიდან ოპერატიულად ხდება.

რეგიონში ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისიც. აქ მოქალქეები ყველაზე ხშირად იურიდიული კონსულტაციებისთვის მიდიან. ორგანიზაცია რეგიონში პრობლემებს შეისწავლის და თვითმმართველობათა მუშაობის მონიტორინგსაც აწარმოებს. თვითმმართველობების მუშაობას აკვირდებიან და არსებული ხარვეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მუდმივად აწვდიან სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თელავის რაიონულ ოფისშიც.

ორგანიზაცია კი, რომელიც ადგილობრივია და აქტიურად მუშაობს, “სამოქალაქო განვითარების ასოციაციაა”. ორგანიზაციის სამიზნე კახეთში მხოლოდ რამდენიმე რაიონია: ლაგოდეხი, სადაც ასოციაციის ოფისია განთავსებული, სიღნაღი, ყვარელი, გურჯაანი და თელავი. “სამოქალაქო განვითარების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბოკერია აცხადებს, რომ საზოგადოება, თავისი უფლებების დაცვის კუთხით, საკმაოდ პასიურია, გააქტიურება კი თვითმმართველობაში მომუშავე ადამიანებსაც სჭირდებათ.

ხუთივე სამიზნე რაიონში “საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია” წლების განმავლობაში ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბოკერიას განცხადებით, მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და უნარ-ჩვევების გაზიარების მიზნით, მათ მიერ არაერთი ტრენინგიც ჩატარდა.

„საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ მიერ ჩატარებული ტრენინგი გაიარა ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანის მცხოვრებმა ნანა აგასაშვილმაც. ნანა ამბობს, რომ საკმაოდ პასიური მოქალაქე იყო, თუმცა ტრენინგების გავლის შემდეგ მას უნარ-ჩვევები გამოუმუშავდა, საკუთარ უფლებებს გაეცნო და დღეს უკვე სოფლის პრობლემების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბარიც აღარ უჭირს.

მოქალაქეთა გააქტიურების კუთხით, მესამე სექტორის მუშაობას მიესალმებიან ადგილობრივ თვითმმართველობათა წარმომადგენლებიც. მაგალითად, ყვარლის რაიონის გამგებლის მოადგილე გია ცინცაძე აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

“სამოქალაქო განვითარების ასოციაციის” გარდა კი, კახეთის რეგიონში ბევრი ადგილობრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. მთელი არსებობის მანძილზე მათ მიერ მხოლოდ რამდენი პროექტია განხორციელებული, რის გამოც მათი ცნობადობა საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია და მათ მიმართ ნდობაც, ფაქტობრივად, არ არსებობს.
XS
SM
MD
LG