Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საფიქრალი ახალგორელებისთვის: რა იქნება მომავალი წლიდან?


ახალგორი
ახალგორი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ახალგორის მიმართულებით გადასაადგილებელი საშვების გაცემა თითქმის დაასრულა. ეს პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მანამდე არსებული ფორმა ნომერი 9 გააუქმა და დაბაში მცხოვრებლებისთვის ახალი საშვების გაცემა დაიწყო. ეს საშვები ახალგორელებს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების გადაკვეთისას სჭირდებათ. როგორც ცნობილია, ახალგორელების დიდი ნაწილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, თუმცა ისინი დაბაში საკუთარ სახლებს პერიოდულად აკითხავდნენ ხოლმე, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ახლა ეს უფლებაც წაერთვა, რადგან საშვის გაცემაზე უარი უთხრეს. ნათესავებს შორის კონტაქტები გაწყდა. ბევრ მშობელს დიდი ხანია ახალგორის გარეთ მცხოვრები შვილები აღარ უნახავს. დაბაში მცხოვრები ეთერ ჩერტკოევა უკვე შვიდი თვეა ცდილობს გაარკვიოს, რატომ არ აძლევენ მის ქალ-ვაჟს საშვს, მაგრამ უშედეგოდ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული მხარე დიდი ხანია საშვების გაცემის დაჩქარების საკითხს აყენებს. აქვე განიხილებოდა ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიასთვის გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტის გაცემის საკითხი, მაგრამ ქართულმა დელეგაციამ ამომწურავი პასუხი ვერ მიიღო. მიტროპოლიტი 9 თვეზე მეტია ახალგორის მონასტერში იმყოფება, დაბიდან არ გამოდის და საშვის მიღებას ელოდება, რადგან გამოსვლის შემთხვევაში უსაშვოდ ახალგორში დაბრუნების შესაძლებლობას აღარ მისცემენ. ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა საშვების გაცემის პროცედურა თითქმის მთლიანად დაასრულეს და ახლა სპეციალური კომისია მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებს განიხილავს.

ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარე საკითხის გარკვევას კიდევ ერთხელ შეეცადა, მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის ინფორმაციით, ოსური მხარისგან მხოლოდ ის შეიტყვეს, რომ საშვების მფლობელებს გადაადგილებისას პრობლემები არ შეექმნებათ.

ახალგორელების ყველაზე დიდი საფიქრალი ახლა ის არის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალი წლიდან. ახალგორის მცხოვრები მარი ოთარაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტს საშვი მიღებული აქვს, მაგრამ 30 დეკემბრიდან ამ საშვების მოქმედების ვადა იწურება და ახალგორელებს ახალი სადარდებელი უჩნდებათ: არავინ იცის, საშვებს ვადას გაუგრძელებენ, დაბაში მცხოვრებლებს ოსური პასპორტების აღებას მოსთხოვენ თუ, საერთოდ, ეგრეთ წოდებულ საზღვარს ჩაკეტავენ. ამ შემთხვევაში კი ახალგორელები არჩევანის წინაშე დადგებიან: დარჩნენ ახალგორში და მიიღონ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა თუ დაბა დატოვონ. ოთარაშვილის ინფორმაციით, ოფიციალურ დონეზე ამ საკითხის განხილვა ჯერ არ მიმდინარეობს.

ახალგორის მოსახლეობის დიდ ნაწილს ახლა ხანშიშესული ადამიანები შეადგენენ. ახალგაზრდები თბილისსა და წეროვანში წავიდნენ. მომავალი წლიდან კი დაბაში დარჩენილი ადამიანების ბედიც გაურკვეველი იქნება. ახალგორელების დიდი ნაწილი იმედს არ კარგავს: ფიქრობენ, რომ საშვებს ვადას გაუგრძელებენ და არ აიძულებენ პასპორტების აიღონ.

XS
SM
MD
LG