Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თანხის არამიზნობრივი ხარჯვა თუ განაწყენებულის პოზიცია – ურთიერთბრალდებები ადიგენში


ადიგენი
ადიგენი

ადიგენის მკვიდრი ზურაბ ტაბიძე ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებსა და თანხის არამიზნობრივად ხარჯვაში სდებს ბრალს.

დასუფთავების სამსახურისთვის, მანქანების რემონტისა და სასოფლო ტექნიკისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხები და საქმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ზურაბ ტაბიძე ადგილობრივ მთავრობას ედავება. ტაბიძე ირწმუნება, რომ ერთი წლის წინ ადიგენის გამგებელმა შპს ისე შექმნა, რომ ახლად დაარსებულ კომპანიას გამგეობის მიერ მუნიციპალიტეტის დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლებოდა.

ზურაბ ტაბიძის ბრალდებებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უსაფუძვლოს მიიჩნევს. იმედა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ ტაბიძის განაწყენება 2016 წელს ტენდერში წაგებამ განაპირობა, რადგან მანამდე გამოცხადებულ ტენდერებში ყოველთვის ტაბიძის კომპანია იმარჯვებდა.

ზურაბ ტაბიძე ადიგენის ხელისუფლებას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაშიც ადანაშაულებს. ამბობს, რომ 2015 წელს საკუთარ კომპანიას გამგებელმა ბორბლებიანი ექსკავატორი უყიდა, რის გამოც ტენდერი 155 ათას ლარზე გამოაცხადა, მოგვიანებით კი ფირმას ოფისიც გაურემონტა. ტექნიკის შეძენას ადასტურებს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე. იმედა მღებრიშვილი აცხადებს, რომ შესყიდული ტექნიკით მუნიციპალიტეტი საკუთარი მოსახლეობისთვის ბევრ საქმეს აკეთებს.

კიდევ ერთი ბრალდება სახელმწიფო მანქანების მოვლა-პატრონობისთვის თანხის ასევე ხელოვნურად გაზრდაა.ზურაბ ტაბიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქამრების შემოჭერის ნაცვლად საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, რასაც არ ეთანხმება იმედა მღებრიშვილი.

ზურაბ ტაბიძის ბრალდებებზე არაფერს ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძე გამგეობაში პროკურატურის შესვლას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ განაწყენებული ადამიანის ცილისმწამებლურ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG