ორშაბათი, 25 მაისი, 2015 თბილისის დრო 17:11

რუბრიკები / მუსიკა, მუსიკა

მიშელ პეტრუჩანი - ჯუჯა ჯადოქარი

მიშელ პეტრუჩანიმიშელ პეტრუჩანი
x
მიშელ პეტრუჩანი
მიშელ პეტრუჩანი
13-14 წლის თუ ვიქნებოდი, როცა ტელევიზორში მეტად უცნაურ სანახაობას გადავაწყდი. ერთი ციდა კაცი ვნახე. რომელიღაც ზღაპრის გმირს ჰგავდა. გაყინული თვალებით ჭერში რაღაცას მიშტერებოდა და ფორტეპიანოსთან ირჯებოდა. ასაკიდან გამომდინარე, ჰარმონიისა თუ ფრაზირების მუღამების გონზე არ ვიყავი, მისი საშემსრულებლო უნარები რომ შემეფასებინა, თუმცა ამ უცნაური კაცის ნამოქმედარმა ჩემი გამოუცდელი ყურის მოხიბლვა მაინც მოახერხა და შთაბეჭდილებაც დღემდე გამომყვა: ულამაზეს მელოდიას ასრულებდა, რბილი და დახვეწილი ბგერებით თითქოს მეც თავის ზღაპრულ სამყაროში შემიტყუა და მომაჯადოვა. დედა მთლად პიანისტი მეგულება და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ იმ სევდიან თემას „ბესამე მუჩო“ ერქვა, ხოლო ციცქნა არსება მიშელ პეტრუჩანი გახლდათ. გასულ კვირას ჯაზურმა სამყარომ პიანისტის დაბადების 50 წლისთავი აღნიშნა და დღევანდელ სიუჟეტშიც სწორედ ამ ჯუჯა ჯადოქარზე ვისაუბრებ.

პეტრუჩანის ბიოგრაფიის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე საყვარელ თემასა თუ ალბომს ამოვქექავ. მოგეხსენებათ, გაჩენისთანავე სამედიცინო ცნობაში ისეთი რამე ჩაუწერეს, სასიკვდილო განაჩენს რომ უფრო ჰგავდა - არასრული ოსტეოგენეზი. ამ უმძიმესი დაავადების გამო, შეეძლო ნაღველსა თუ მწუხარებაში ჩაძირულიყო და ცხოვრებაზეც გული აეყარა, მაგრამ მის სულში სულ სხვა რამე ტრიალებდა - ბრძოლის იმგვარი ჟინი, ბევრი ჯანმრთელი ჯეელიც რომ ინატრებდა. ხელები სრულფასოვნად ჰქონდა განვითარებული, ჰოდა, მანამ ებრძოდა შავ-თეთრ კლავიშებს, სანამ ამ ხელებითვე სასწაული არ მოახდინა - ყველასგან განსხვავებული და ცნობადი საშემსრულებლო ტექნიკა გამოიმუშავა, მრავალფეროვანი ჰარმონიითა და ნატიფი ჟღერადობით გამორჩეული. თუმცა პეტრუჩანის ხელწერაში სხვა ჯადო-თილისმაც იყო ჩადებული - ის საოცრად ნათელი და ლაღი გახლდათ. როცა პიანისტის მუსიკის ამ ადამიანურ ბუნებაზე ვსაუბრობ, ერთი თემა მახსენდება ხოლმე: ეროლ გარნერის “Misty”, რომელიც 1995 წელს 87 წლის თანამემამულესთან, სტეფან გრაპელისთან ერთად ჩაწერა. ფრანგები რბილი, ნატიფი და დამცხრალი ბგერებით მეტყველებენ. ენა არ მოგიბრუნდება იმის სათქმელად, რომ ფორტეპიანო ვიოლინოს თანმხლებია ან პირიქით. იერარქიული დაყოფა, უბრალოდ, მკრეხელობაა, ინსტრუმენტები ლირიზმით სავსე იმპროვიზაციებით იხარჯებიან მსმენელის ყურისა თუ სულის სალხენად.

მიშელ პეტრუჩანი მეტწილად ჯაზური სტანდარტების საკუთარ ყაიდაზე მორჯულებით გახლდათ დაკავებული, თუმცა კომპოზიტორის გამჭრიახობაც არ აკლდა. ამ მხრივ რამდენიმე საავტორო ალბომს გამოვყოფდი - მაგალითად, Music-ს, რომელიც 1989 წელს „Blue Note“-ში გახლავთ ჩაწერილი და პიანისტის 10 სიმპათიურ თემას მოიცავს. მათ შორის რომანტიკულ „პარიზულ მოგონებებს“, ტკბილ „იავნანას“, გაფრენილ ბიბოპსა და ერთ ფანკურ ახირებასაც გამოვარჩევდი ტანია მარიასთან ერთად. აი, შემდეგ ალბომს კი ამას წინათ სულ შემთხვევით გადავეყარე. აღარც მახსოვდა, დისკი თუ მქონდა. იმ ნივთივითაა, სულ რომ კარგავ და პერიოდულად თავისით გამოჩნდება ხოლმე. მოკლედ, 1987 წლის ნამუშევარია, მახვილგონივრული სახელწოდებით: „მიშელი ასრულებს პეტრუჩანის“. პიანისტს პარტნიორობა ჯაზური სცენის მთელმა თანავარსკვლავედმა გაუწია: გიტარაზე - ჯონ აბერკრომბიმ, დრამზე - როი ჰეინსმა, ბასზე - ედი გომესმა და ჰარი პიკოკმა. დისკზე ფრანგის 9 შესანიშნავი თხზულებაა, რომელიც თამამად შეიძლება ჯაზურ სტანდარტებადაც მივიჩნიოთ. ამჯერად კი ერთ მათგანს დავასახელებ: მხიარულებით, აღვირახსნილი სიშმაგითა და ძლევამოსილებით გამორჩეულ საფორტეპიანო სოლოს.

ვერ ვიტყვი, მიშელ პეტრუჩანის შემოქმედების თავგადაკლული ფანი ვიყო. ერთადერთი აუდიომასალა რაც გამაჩნია, ზემოთ ხსენებული დისკია. თუმცა, როცა ფრანგის მუსიკის ხასიათზე ვარ, გამოსავალს იუთუბზე განთავსებულ პიანისტის ლაივებში ვპოულობ. ჰოდა, ბოლოსთვის ამ უნიჭიერესი პიანისტის, ალბათ, ყველაზე უჩვეულო ჩანაწერს გავიხსენებ: ცათამბჯენის სახურავზე სრულიად მარტო საყვარელ „სტეინვეისთან“ მოკალათებულა, თვალებით ცას მისჩერებია და სმოკინგში გამოწყობილი უკრავს. ეს მუსიკოსის ახირება გახლდათ თუ რამე კომერციული სვლა, წარმოდგენა არა მაქვს. ჯონ აბერკრომბის ინტერვიუში ერთ სენტიმენტალურ შეფასებას კი გადავეყარე, ფრანგმა სახელდახელო კონცერტი მადლიერების ნიშნად ღმერთს გაუმართა, ბოლომდე რომ არ გაწირა, ჯანსაღი ხელები უწყალობა და ნიჭიერებაც ბლომად დაანათლაო. მართლაც, საოცარი ჩანაწერია, - ბურთი ყელში მოგაწვებაო, რომ ამბობენ, ზუსტად ეგეთი ვიდეო გახლავთ. Looking Up-ს უკრავს, შესრულებას კი თავისი ცნობილი ფრაზით ამთავრებს: „ვერ ვიტან დამშვიდობებას!“. თუმცა მსმენელს, რომელსაც მთელი ცხოვრება სიკეთით სავსე მუსიკით ასაჩუქრებდა, 1999 წლის 6 იანვარს, 36 წლის ასაკში, საბოლოოდ მაინც გამოეთხოვა.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მე საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 11:03
სასწაულია :) ძლიერი ვირტუოზია და მაგარ მუსიკას ქმნის

აქვე თავიანთია არასახარიელო ჯანმრთელობის მიუხედავად
რეი ჩარლზი სტივი ვანდერი გამახსენდა, გენიოსები არიან... თვით პეტრუჩიანიც

სხვა მასალები

აუდიო აკაკი ხოშტარიას სახლი 100 წლის შემდეგ

ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.
გაგრძელება

ვიდეო კორნელი კაკაჩია რიგის სამიტის შესახებ

25 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
გაგრძელება

აუდიო რიგის სამიტის კვირა

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამ სამიტზე საქართველომ მაქსიმუმი მიიღო, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიამ „საშემოდგომო“ გამოაყოლა.
გაგრძელება

აუდიო ჭოროხმა მოსახლეობა დააზარალა

მდინარე ჭოროხში წყლის დონე კალაპოტში ორი დღის განმავლობაში 5 მეტრით იყო მომატებული. წყლის დონის მატების შედეგად კირნათი-მარადიდის მოსახლეობა თავს დაზარალებულად მიიჩნევს - წყალმა ბოსტნეული კულტურების ნათესები გადარეცხა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)