Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეობის მაძიებლებს სააკაშვილსა და ოკუპაციაზე აღარ ჰკითხავენ


"ვარდების რევოლუცია", ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელი
"ვარდების რევოლუცია", ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელი

ისტორიის ტესტებიდან, რომლებიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ამოღებულია კითხვები ედუარდ შევარდნაძეზე, მიხეილ სააკაშვილსა და "ვარდების რევოლუციაზე". ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი „ეხო კავკაზა“ წერს.

ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. ახალი და ძველი ტესტები სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ადრე მოქალაქეობის მსურველებისთვის წერილობით ტესტში შეეძლოთ ეკითხათ, რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული (რუსეთის, ისრაელის, ჩინეთის თუ იაპონიის)? ახლა ტესტებში ასეთი კითხვა არ არის. გარდა ამისა, მოხსნილია შეკითხვა, ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობას – ნიკარაგუა, ნაურუ, ლიეტუვა თუ ვენესუელა; ტესტებიდან ამოღებული სამი შეკითხვა მიხეილ სააკაშვილთან და მის მმართველობასთან დაკავშირებით - კერძოდ: რომელ წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში? ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი? ვინ მოვიდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში?

ახალ ტესტებში არ არის კითხვები არც ქვეყნის მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე, ასევე - არც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, აშშ-ზე.

ძველ ტესტებში იყო კითხვა: „ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფოა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა თუ ბრაზილია?“ მოქალაქეობის მსურველებს აღარ ეკითხებიან, „ჩამოთვლილ სახელმწიფო მეთაურთაგან რომელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება - იოსებ სტალინს, ლეხ კაჩინსკის, ვლადიმერ პუტინს თუ უგო ჩავესს? (სწორი პასუხია კაჩინსკი).

ახალ ტესტებში არ არის კითხვა „რომელ წელს მოხდა საქართველო-რუსეთის ომი“, თუმცა საუბარია შინდისის ბრძოლაზე: „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველო წინააღმდეგ დაწყებული ომისას სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. რომელ წელს გაიმართა ეს ბრძოლა?“

ტესტებში გაჩნდა შეკითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროს გაფორმდა. საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG