ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 05:59

რუბრიკები / მუსიკა, მუსიკა

კერინ დალტონი

It's So Hard to Tell Who's Going to Love You the Best, კერინ დალტონის 1969 წელს ჩაწერილი ალბომიIt's So Hard to Tell Who's Going to Love You the Best, კერინ დალტონის 1969 წელს ჩაწერილი ალბომი
x
It's So Hard to Tell Who's Going to Love You the Best, კერინ დალტონის 1969 წელს ჩაწერილი ალბომი
It's So Hard to Tell Who's Going to Love You the Best, კერინ დალტონის 1969 წელს ჩაწერილი ალბომი

მულტიმედია

აუდიო
ეს სიმღერა პირველად რამდენიმე წლის წინ მოვისმინე. სულ შემთხვევით გადავეყარე, როცა კომპიუტერს დალექილი მუსიკალური ნაგვისგან ვასუფთავებდი. წარმოდგენა არ მაქვს, იქ როგორ მოხვდა. “mp3” ფორმატის ფაილს არც შემსრულებლის ვინაობა და არც ბლუზის სახელწოდება ახლდა. რამდენიმე ექსპერტის გაქექილმა ყურმაც ვერ დაადგინა ჭეშმარიტება. ვარაუდის ამარაღა დარჩენილმა, ავდექი და ვოკალური ხელწერიდან გამომდინარე, ბილი ჰოლიდეის ფოლდერში მოვისროლე. მას მერე ხშირად ვუსმენდი, როგორც „ლეიდი დეის“ თრობანარევ სასიყვარულო ბალადას. ჰოდა, ერთხელ იუტუბზე ბობ დილანის ვიდეოინტერვიუს გადავაწყდი, ფონად სწორედ ეს მელოდია გასდევდა და შემსრულებელზე საუბრობდა. დაახლოებით ეგეთი რაღაც თქვა: კერინ დალტონი ჩემი უსაყვარლესი ფოლკმომღერალი ბრძანდება, ბილი ჰოლიდეის დარად მღეროდა და გიტარაზე ჯიმი რიდივით უკრავდაო.



კერინ დალტონის ნამდვილი გვარ-სახელი კერინ ჯეი კერიკერია. 1937 წლის 19 ივლისს ოკლაჰომას შტატის ქალაქ ენიდში დაიბადა - იმ მხარეში, სადაც მე-19 საუკუნის მიწურულს ინდიელთა კუთვნილ ტერიტორიაზე რბოლები იმართებოდა და მიწის მსუყე ნაჭრებს ინაწილებდნენ. თავად კერინიც ძირძველი ამერიკელი - ჩეროკის გორისა გახლდათ. ეშხიანი იყო, როგორც ინდიელ ქალებს სჩვევიათ: მაღალი, ტანხმელი, გრძელი შავი თმით, თაფლისფერი თვალებითა და, რა თქმა უნდა, ასეთივე თაფლიანი ხმით. ფოლკსცენაზე სადღაც 60-იანების შუაგულში, ნიუ-იორკულ გრინვიჩ ვილეჯში გამოჩნდა. ბევრი არ უმღერია, მხოლოდ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რომლებშიც ბობ დილანმა ჰარპით გაუწია აკომპანირება. თუმცა ეს ხანმოკლე გამოჩენა საკმარისი გამოდგა მსმენელის გულის გასათბობად. კერინ დალტონის ხავერდოვანი, შრიალა ხმით რამდენიმე სახელოვანი პროდიუსერი დაინტერესდა და ალბომის გამოშვება შესთავაზა. იმხანად არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, ამგვარ შესაძლებლობას საღ ჭკუაზე მყოფი არც ერთი არტისტი ხელიდან არ გაუშვებდა. მაგრამ რად გინდა? თითქოს შემოთავაზების შეეშინდაო, შოუბიზნესის კლანჭებს დაუსხლტდა და კარგა ხნით დაემალა. ორჯერ გათხოვდა, თუმცა ორჯერვე უიღბლოდ. თავს სულ ლოთი-შფოთი ტიპები ეხვეოდნენ. კერინის გამო ერთხელ დიდი თავ-პირის მტვრევაც კი გამართეს. ჰოდა, რომ ამბობენ, გამშველებელს ყველაზე მეტი ხვდებაო, შუაში ჩამდგარ ქალსაც გვარიანად უთავაზეს, აყალ-მაყალში ორი კბილი დაუზიანეს.



არეული პირადი ცხოვრების ფონზე, კერინი უზომოდ ბევრს სვამდა და ნარკოტიკებსაც ეძალებოდა. იმდენად წახდა, რომ პროდიუსერები მასთან საქმის დაჭერას ერიდებოდნენ. სხვა ახირებებიც ჰქონდა: საკონცერტო ტურნეებზე რომ არაფერი ვთქვათ, სძულდა სტუდიური მუშაობა, სიმღერის ჩასაწერად ძალით თუ შეათრევდი. ამიტომაც იყო, რომ ამერიკული მუსიკის ისტორიაში მხოლოდ ორჯერ - 1969 და 1971 წლის ალბომებით გაიელვა. მაგალითად, პირველი მათგანი (It's So Hard to Tell Who's Going to Love You the Best) მისი მეგობრის ფრედ ნილის მარიფათის წყალობით გამოიცა: ფოლკმომღერალი საკუთარ სტუდიაში ვისკით გაუმასპინძლდა, ხასიათზე მოსული ააღიღინა და ქალის გულისნადები ჩუმად, დაუკითხავად ჩაიწერა. ალბომში სულ 10 ქავერი შევიდა, მათ შორის: თავად ფრედ ნილის ერთი სევდიანი ბალადა, ლუიზიანელი მულტიინსტრუმენტალისტის ლედბელის ხალხური სიმღერა და კრეოლი ჯელი როლ მორტონის ბლუზადქცეული ჯაზური პიესა.



დიახ, ისტორიამ ბევრი სიმღერა შემოინახა, რომელიც არა ორიგინალური ვერსიის, არამედ ქავერის სახით გახდა პოპულარული. მაგალითად, დილანის It's All Over Now, Baby Blue ვან მორისონმა აქცია ჰიტად, ხოლო All Along the Watchtower-ის ავტორობა საერთოდ ჯიმი ჰენდრიქსს მიეწერება. აი, კერინს კი ნებისმიერი სხვისი ნაწარმოების საკუთარ თხზულებად ქცევა შეეძლო, ბევრი უღიმღამო სიმღერა გააცოცხლა და მივიწყებას გადაარჩინა. ამ ნიჭის საიდუმლო  და გემო, რა თქმა უნდა, შესრულების ხელწერაში იმალება. კერინისეული ვოკალი თითქოს სუსტია, ხოლო დამცხრალი, გაწელილი რიტმი თუ ფრაზირების მანერა პრიმიტიულად გეჩვენება, მაგრამ, ამავე დროს, არაამქვეყნიური ემოციური განზომილებაც გახლავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, კერინთან გატოლება შეუძლებელი, მისი უსაშველოდ სევდიანი მუსიკალური ფორმის მოხელთება კი ბევრი სანაქებო ვოკალისტისთვის დაუძლეველ ბარიერად რჩება.



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ლიი
30.11.2012 00:37
დალტონის "დათაფლულ ხმაზე" ვერ დაგეთანხმებით, ვახო. ამისათვის ბევრი ნაკაწრები აქვს ხმაში და ამ ბზარებს შორის ისმის კვნესა. საინტერესო ხმა აქვს. თითქოს, ფრაზების ბოლოს, სადაც ბგერა წყდება, "კვნესა" აგრძელებს ჟღერადობას.

სხვა მასალები

აუდიო პრეზიდენტის ამერიკაში წაუსვლელობისა და ქართველ მუსლიმთა შევიწროების კვირა

გასული კვირა საქართველოში მთავრობისა და პრეზიდენტის ღია დაპირისპირების კვირად იქცა, რისი მიზეზიც გაეროში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გამგზავრების საკითხი იყო.
გაგრძელება

აუდიო აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი

13 სექტემბერს საფრანგეთში, ლევილში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების 90-ე წლისთავი აღინიშნა.
გაგრძელება

აუდიო უძრავი ქონების ბაზარი

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" დღევანდელი გადაცემის თემაა მდგომარეობა უძრავი ქონების ბაზარზე.
გაგრძელება

უკრაინის შიდა გამოწვევები

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე "ამერიკის ხმამ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან და რუსეთის საკითხების ექსპერტთან - ჯეკ მეტლოკთან.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული