Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მთავრობა ძველი სახეებით


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2 აპრილს მთავრობის თავმჯდომარედ დომენტი ყულუმბეგოვი დანიშნა, ახლა კი, მისი წარდგინებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნა მიმდინარეობს. ახალ ეგრეთ წოდებულ მთავრობაში ისევ ძველი მინისტრები ინიშნებიან. ფინანსთა მინისტრი აზა ხაბალოვა, თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცი, შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი, განათლების მინისტრი მადინა ჩიბიროვა, ჯანდაცვის მინისტრი გიორგი კულიჯანოვი - ეს ადამიანები, რომლებიც წინა მთავრობაშიც მუშაობდნენ, იანვარში თიბილოვმა, კრემლის კურატორების მოთხოვნით, დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისთვის მოხსნა, მაგრამ მთავრობის უნდობლობის შესახებ განცხადება თიბილოვს თითქოს არც გაეკეთებინოს, ისევ ძველ სახეებს უცხადებს ნდობას.

კრემლმაც თითქოს მოადუნა ყურადღება თიბილოვის საკადრო გადაწყვეტილებებისადმი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ ოსეთის კურატორმა ვლადისლავ სურკოვმაც მოხსნა თიბილოვის მთავრობის მიმართ ყველა მოთხოვნა, რომელიც ფინანსური რესურსების მკაცრ კონტროლს და პოლიტიკური ვითარების სტაბილურობას ეხებოდა. სამოქალაქო აქტივისტი, ცხინვალში გამომავალი გაზეთ „21-ე საუკუნის“ მთავარი რედაქტორი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი იმიტაციაა. მისი აზრით, რესპუბლიკის აღდგენის საქმეში დომენტი ყულუმბეგოვი ვერ შეძლებს სერიოზული გარღვევის მოხდენას, ამიტომ ცხურბათი რეალურ ცვლილებებს არ ელოდება.

რუსეთის პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი მუხინი ფიქრობს, რომ კრემლისგან მკაცრი რეჟიმის შერბილება შეიძლება სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებაზე დადებითადაც აისახოს, თუ ოსი ლიდერები ჭკუით მოიქცევიან და რუსეთიდან გაგზავნილ ფინანსურ დახმარებას მიზნობრივად დახარჯავენ.

რუსი ექსპერტის ევგენი კრუტიკოვის აზრით, იმ დროს, როცა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვითარება გართულდა, არაღიარებულ რესპუბლიკებში მას ზედმეტი თავის ტკივილი აღარ სჭირდება და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხის მიღწევას ცდილობს.

კრუტიკოვის აზრით, მაშინ, როცა რუსეთს უკრაინის საკითხში გართულებული საერთაშორისო მდგომარეობა აქვს, არაღიარებულ რესპუბლიკებს საკადრო გადაწყვეტილებებში თავისუფლებას აძლევენ, იმ იმედით, რომ ისინი დამატებით პოლიტიკურ სირთულეებს არ შექმნიან, დააკმაყოფილებენ ადგილობრივი პოლიტიკური ფიგურების მადას და არჩევნებს სტაბილურად ჩაატარებენ. მოსკოველი ექსპერტების თქმით, თვითაღიარებული რესპუბლიკის კურატორი ვლადისლავ სურკოვი სამხრეთ ოსეთის საქმეებისგან გვერდით გადგა და ახლა ახალგაზრდა დიპლომატების სკოლის ჩამოყალიბებით არის დაკავებული, მისი ამბიციური გეგმები კი სამხრეთ ოსეთის მოდერნიზაციის თაობაზე გაურკვეველი ვადით გადადებულია. ამიტომ, ვიდრე რუსეთი უკრაინის მიმართულებით არის გადართული, სამხრეთ ოსეთში ვითარება მიშვებულია და ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა. მთავარია, რომ ვითარება სტაბილური იყოს.
XS
SM
MD
LG