Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აივ-ინფექცია შიდსი - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში


შიდსის XIX საერთაშორისო კონფერენცია
შიდსის XIX საერთაშორისო კონფერენცია
ვაშინგტონში 22 ივლისს გაიხსნა და 27 ივლისს მუშაობას დაასრულებს აივ-შიდსის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია, რომელში მონაწილეობისთვისაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, 19 ივლისს, გამოქვეყნდა აივ-შიდსზე გაეროს ერთიანი პროგრამის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაავადების მკურნალობაზე შიდა ინვესტიციების რაოდენობა სულ უფრო მეტ ქვეყანაში იზრდება.

გაეროს ერთიანი პროგრამის ანგარიშის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ანტირეტროვირუსულ მკურნალობას 8 მილიონამდე ადამიანი გადის, აივ-ინფექცია შიდსთან ბრძოლის ხარჯები კი 2006-2011 წლის განმავლობაში 50 პროცენტით მსოფლიოს 80-ზე მეტმა ქვეყანამ გაზარდა. საქართველოს ანგარიშში ცალკე ადგილი არ ეთმობა, თუმცა ის პასუხობს აღმოსავლეთ-ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არსებულ ზოგად ტენდენციებს.

რაც შეეხება ვაშინგტონის მე-19 საერთაშორისო კონფერენციას, მასში საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დელეგაციაც მონაწილეობს. კონფერენციას ესწრება ასევე საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში 2012-2013 წლებში საქართველოს წარმომადგენელია.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაში, რომელზეც ყურადღება საქართველოში აივ-შიდსის გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზეც გამახვილდა.

საქართველოს პირველმა ლედიმ შიდსთან ბრძოლის თვალსაზრისით რეგიონში მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც შიდსის ცენტრის აივ-ინფექცია შიდსის მკურნალობისა და მოვლის პროგრამის მენეჯერმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა გვითხრა, საქართველო კონფერენციაზე რამდენიმე მიმართულებით ახსენეს პოზიტიურ კონტექსტში. მათ შორის კი მთავარია ის, რომ ქვეყანაში შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა არსებობს. ანუ ყველას, ვისაც მკურნალობა სჭირდება, უფასოდ შეუძლია იმკურნალოს. ამას გარდა, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ 2005 წლიდან ორსული დედისგან ბავშვის დაინფიცირების პრაქტიკულად არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, საჭიროების შემთხვევაში მიმდინარეობს აივ-ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა C ჰეპატიტზე, რაც რეგიონში სიახლედ ითვლება და ასე შემდეგ. პროექტების თანადაფინანსების პროცესში, ერთი მხრივ, საერთაშორისო გლობალური ფონდია ჩართული, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო.

”მნიშვნელოვანი წილია გლობალური ფონდის დახმარება, რომელიც თვითონ ამ მედიკამენტებს ყიდულობს, მათ შორის - შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს და სხვ. დანარჩენი სერვისი, რაც არის იგივე ექიმის მომსახურება, ამბულატორიული მომსახურება, გამოკვლევები, მკურნალობა თანდართული დაავადებების, მკურნალობა სტაციონარული, ამას ანაზღაურებს სახელმწიფო პროგრამა. ანუ თანადაფინანსებით მოხერხდა ის, რომ ყველა პაციენტი, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშაა, წელიწადში სამჯერ ვიკვლევთ, საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ დახმარებას და ვიწყებთ მკურნალობას.”
სამწუხაროდ, გვიანი დიაგნოსტიკაა ინფიცირებულებს შორის, ანუ გვიანი გამოვლენაა საქართველოში აივ-ინფიცირებულების ...
აკაკი აბუთიძე

ნიკოლოზ ჩხარტიშვილი დასძენს, რომ უკანასკნელ წლებში სახელმწიფო დაფინანსება იზრდება, სახელმწიფო, აივ-ინფექცია შიდსის მკურნალობის გარდა, ფარავს ასევე ზიანის შემცირების პროექტების ნაწილს, უსაფრთხო შიდსის პროგრამას და სხვ. თუმცა, იმავდორულად, ფაქტია ისიც, რომ გლობალური ფონდის დახმარების გარეშე, კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა.

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ-ინფექცია შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება. მაგრამ, შიდსის კანონზომიერებიდან გამომდინარე, რეგისტრირებული შემთხვევების უკან დაახლოებით 4000 -მდე არარეგისტრირებული შემთხვევა დგას. 2012 წლის 20 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3 391 შემთხვევაა აღრიცხული. ექიმი ეპიდემიოლოგი აკაკი აბუთიძე ამბობს, რომ პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა, ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა ინტრავენური ნარკომანიაა, რაოდენობის თვალსაზრისით კი, მომდევნო ადგილზე ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები დგას. რაც შეეხება პაციენტთა სიკვდილიანობის ზრდას, აკაკი აბუთიძე ამბობს:

”სამწუხაროდ, გვიანი დიაგნოსტიკაა ინფიცირებულებს შორის, ანუ გვიანი გამოვლენაა საქართველოში აივ-ინფიცირებულების, რასაც თავისი მიზეზები აქვს. აი, სწორედ ასეთი შეხვედრების და, მათ შორის, შიდსის ამჟამინდელი კონგრესის გამოწვევა თუ მესიჯი - ძირითადი მესიჯი -არის ის, რომ დროულად გამოვიკვლიოთ აივ-ინფექციაზე მაღალი რისკის ჯგუფები, განსაკუთრებით ინტრავენური ნარკომანები ყველა ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებად ქვეყნებში, და ვუმკურნალოთ მათ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი.”

აივ-შიდსზე გაეროს ერთიანი პროგრამის ანგარიშის თანახმად კი, მსოფლიოში 34 მილიონზე მეტი აივ-ინფიცირებული ცხოვრობს. ვაშინგტონის კონფერენციის კიდევ ერთი მესიჯი შიდსის გლობალური ეპიდემიისაგან თავისუფალი თაობის შექმნაა. მიმდინარე მონაცემებით კი, ინფიცირების შემთხვევების ზოგადი კლების მიუხედავად, ყოველწლიურად აივ-შიდსის ორ-ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება.
XS
SM
MD
LG