Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიგმა, შიდსი და ქართული საზოგადოება


მოხდა ისე, რომ 2011 წლის მიწირულს საქართველოში აქტიურად დაიწყო მსჯელობა სტიგმაზე, დამღაზე, რომელიც კონკრეტული საციალური ჯგუფების, თუ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

”ძალადობის შედეგად დაღუპული ტრანსექსუალთა ხსოვნის დღე”, ”სექსმუშაკებზე ძალადობის მიმართ პროტესტის დღე”, ”ადამიანის უფლებათა დღე”, ”შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის დღე” - წლის ბოლოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა - ზოგან უფრო მაშტაბურად, ზოგან - მოკრძალებულად, ზოგან, შესაძლებელია, - არალეგალურადაც.
არის მთელი რიგი ფაქტორი, რომელიც სტიგმას კვებავს. საქართველოში, თუნდაც იმის გამო, რომ ეს დაავადება კონცენტრირებულია ე.წ. ”რისკის ჯგუფებში”...

ადამიანის უფლებადამცველები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დღეებში მოწყობილ დისკუსიებზე, აქციებზე, სწორედ სტიგმაზე საუბრობდნენ - საქართველოში განსხვავებულ ადამიანებსა და ადამინთა ჯგუფებზე კვლავაც სტერეოტიპებით მსჯელობენ... სტერეოტიპი და კლიშეები კი ხელს უშლის კულტურის დონის ამაღლებას.

ალბათ არაა შემთხვევითი, მაგალითად, რომ 1 დეკემბერს, შიდსის დღეს, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით აქტიურობენ ხელოვნების მუშაკები - არტისტები, მუსიკოსები, მხატვრები; სწორედ ხელოვნება უნდა დაეხმაროს საზოგადოებას გადალახოს ბარიერი და იმ ხალხს გაუწოდოს ხელი, რომლის მიმართ აგრესია და შიში მძლავრობს საზოგადოებაში. საქართველოში იშვიათად ხდება ასე, რადგან კულტურის მუშაკების სამოქალაქო აქტიურობას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი განსაზღვრავს - ხელისუფლების, ან ოპოზიციის. ის ადამიანი, რომლის მიმართ საზოგადოების უმრავლესობა ან აგრესიას იჩენს, ანდა გაურბის მას და უარს ამბობს მასთან ინტეგრაციაზე, ქართველ არტისტებს ნაკლებად აინტერესებთ. მედიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

შიდსის დღეს გამართულ დისკუსიაზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდში ისიც ითქვა, რომ მედია - თუკი მაგალითად შიდსის თემით დაინტერესდა, სტიგმას უფრო მეტად განამტკიცებს ხოლმე - წარმოგვიდგენს შიდსს, როგორც ნარკომანების, ჰომოსექსუალების, სექსმუშაკების დაავადებას. ამის შესახებ ისაუბრა სწორედ ლია თავაძემ, რომელიც ჩართულია გაეროს პროგრამაში ”აივშიდსი”:
ჩვენ, ყველა გავიზარდეთ იმ პირობებში, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა ნაკლებად იყო საჭირო ...

”არის მთელი რიგი ფაქტორი, რომელიც სტიგმას კვებავს. საქართველოში, თუნდაც იმის გამო, რომ ეს დაავადება კონცენტრირებულია ე.წ. ”რისკის ჯგუფებში”, სტიგმის არსებობა გასაგებია... მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მის დასაძლევად. ვერანაირი მთავრობა ვერ დაგვეხმარება. მე საკუთარ თავსაც ვაკონტროლებ, რომ ჩემს ენაში დავძლიო სიძულვილი...”

”ჩვენ ყველანი გავიზარდეთ იმ პირობებში, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა ნაკლებად იყო საჭირო”, - აღნიშნა ლია თავაძემ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტიგმის გავრცელებისა და განმტკიცების პროცესები ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ისევ კულტურას დაუკავშირეს - ეს შეგვიძლია საბჭოთა წარსულით ავხსნათ, შეიძლება ზოგადად ქართული კულტურით, მაგრამ ფაქტია, განსხვავებული ადამიანი ამ სივრცეში უმეტეს შემთხვევაში ლამის უცხოპლანეტელად აღიქმებოდა. ასე იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა საქართველომ პირველად გაიგო შიდსის ეპიდემიის შესახებ.

ეგრეთ წოდებული ”დესტიგმატიზაციის პროცესი” მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით, განათლებით უნდა მოხდეს - აღნიშნა დისკუსიაზე შიდსის ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ბადრიძემ. მისი თქმით:
სტიგმა ძლიერია. თავიდან იყო შემთხვევები, როცა მშობიარეს ახლოს არ იკარებდნენ, თუკი ინფიცირებული იყო. სტომატოლოგი უარს ამბობდა ინფიცირებულის მომსახურებაზე...

”აივინფეცირებულები ამბობენ სტიგმა რომ არ იყოს ქვეყანაში, ჩვენ ჩვენს თავს გავამჟღავნებდით... სტიგმა ძლიერია. თავიდან იყო შემთხვევები, როცა მშობიარეს ახლოს არ იკარებდნენ, თუკი ინფიცირებული იყო. სტომატოლოგი უარს ამბობდა ინფიცირებულის მომსახურებაზე.. ”

მიუხედავად ამისა, აივინფეცირებულებს საქართველოში კვლავაც ეშინიათ გამოამჟღავნონ თავიანთი სტატუსი და თუკი მათი უფლება ირღვევა, მიმართონ თუნდაც სახალხო დამცველის ოფისს. ფსიქოლოგიურ ცენტრ ”თანადგომის” ექსპერტის, კახაბერ კეპულაძის თქმით, ეს ფობია ხანდახან ისტერიკულ ხასიათსაც კი იღებს. საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია და საზოგადოებას ხშირად არ სჯერა ინფორმაციის:

”არსებობს ჰერპესვირუსები, რომლის მატარებელია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი. გაცილებით მეტია, ვიდრე აივვირუსის მატარებელი ადამიანები. მაგრამ მათზე არასდროს ამბობენ ”დაავადებული” და უარყოფითი ელფერი არ სდევს თან, როცა საუბრობენ ამ ადამიანებზე. ”

კახაბერ კეპულაძის თქმით, იმისათვის რომ დავძლიოთ სტიგმა, იმ ენასა და ტერმინებზეც უნდა დავფიქრდეთ, რომელსაც ვხმარობთ... უარი ვთქვათ თუნდაც სიტყვებზე - ”დაავადებული”, ”ინფიცირებული”, დავნერგოთ ახლი სიტყვები - ”აივ-პოზიტიური”, ”სექსმუშაკი”
ორი კვირის მოლაპარაკების შემდეგ ორი პირობა დაგვიყენეს. პირველი - მოიტანონ ცნობა, რომ ბავშვი არ არის აივინფიცირებული და მეორე - დედას არ ექნება უფლება, რომ შემოვიდეს ტერიტორიაზე და ბავშვი ნახოს...

კახაბერ კეპულაძის თმით, ამ დაავადებამ სტიგმატიზაცია მოახდინა ადამიანთა ჯგუფების - იმ ხალხის, რომელიც თავიდან ”ინფორმაციაში გამოჩნდა” - ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცები, კომერციული სექსის მუშაკი ქალბატონები და ინექციული გზით წამლის მომხმარებლები. ეს ჯგუფები ჩამოყალიბდა, როგორც მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთა მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო განმტკიცდა. ”შიდსი” არის ”ცუდი ადამიანების დაავადება, რაც მოუვიდათ, დაიმსახურეს!” - ამას ხშირად გაიგებთ ჩვენში, - აღნიშნა ”თანადგომის” ექსპერტმა კახაბერ კეპულაძემ, რომელმაც თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა

”რამდენიმე წლის წინ დადგა საკითხი, რა ვუყოთ იმ ქალების ბავშვებს, რომლებიც კომერციული სექსის სფეროში მუშაობენ და არა აქვთ პირობები ამ ბავშვების აღსაზრდელად. საპატრიარქოს აქვს ბავშვთა თავშესაფრები. დავუკავშირდით ერთ-ერთს. გვითხრეს, რომ არ არის პრობლემა. ორი კვირის მოლაპარაკების შემდეგ ორი პირობა დაგვიყენეს. პირველი - მოიტანონ ცნობა, რომ ბავშვი არ არის აივ-ინფიცირებული და მეორე - დედას არ ექნება უფლება, რომ შემოვიდეს ტერიტორიაზე და ბავშვი ნახოს.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG