Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახმა არ იცოდა, ომში თუ იყო - უკრაინაში დაღუპული დავით ღოღაძის ახლობელი


ფოტო დავით ღოღაძის ფეისბუკის გვერდიდან
ფოტო დავით ღოღაძის ფეისბუკის გვერდიდან

უკრაინაში 7 მაისს, საბრძოლო მოქმედებების დროს, დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლი, 37 წლის დავით ღოღაძე წარმოშობით თელავიდანაა. ის ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, „შავი არწივის“ წევრი იყო.

თელავში ოჯახი უკვე იღებს სამძიმარს. ნათესავების ინფორმაციით, ღოღაძე რუსეთ- უკრაინის ომში ოჯახთან შეუთანხმებლად წავიდა. თავდაპირველად პოლონეთში გაემგზავრა სამუშაოდ, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

"დათო ჩემი მეგობრის შვილია... თავიდან ვიცოდით, რომ ევროპაში იყო წასული სამუშაოდ, თუმცა შემდეგ უკრაინაში გადასულა... როგორც აქ გვითხრეს, ქართველი თანამებრძოლი იყო დაჭრილი და იმის გამოსაყვანად შესულა. ამ დროს ესროლა სნაიპერმაო“, - უთხრა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა დავით ცხოვრებაძემ.

მისი ინფორმაციით, რთული ვითარებიდან გამომდინარე, ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ღოღაძეს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი. 7 მაისს დავით ღოღაძესთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი ბესო ლომიძეც. ერთი დღით ადრე, 6 მაისს, ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი, დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 1500-მდეა. მათი დიდი ნაწილი ძირითადად ოთხი ქვედანაყოფის: „ქართული ლეგიონის“, „კავკასიის ლეგიონის“, „ქვედანაყოფ თბილისისა“ და „შავი არწივის“ რიგებში ასრულებს საბრძოლო დავალებებს. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG