Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციები "მონური სულისკვეთებით" იმართება


29 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებს მიმართა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემაც, ბიძინა ივანიშვილმა.
29 აპრილს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებს მიმართა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემაც, ბიძინა ივანიშვილმა.

29 აპრილს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო კურსზე, მომავალ არჩევნებსა და ოპონენტებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას 11-ჯერ ახსენა სიტყვა "სუვერენიტეტი" და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე უფრო მნიშვნელოვნად საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას მიიჩნევს. კობახიძის თქმით, საქართველო აპირებს ევროკავშირს მასში გაერთიანებამდე საქართველოს "სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა" მოსთხოვოს.

"არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ციტატა, რომელიც კობახიძემ გამოიყენა და რომელსაც არაერთი პოლიტიკოსი იყენებს საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ჩერჩილს მიეწერება ისე, რომ არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, რომელშიც ის ამ სიტყვებს ამბობს. მუდმივ მტრებსა და მეგობრებზე ფრაზას ხშირად იყენებენ პროპაგანდისტულ ნარატივებში საქართველოშიც იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა შესაძლებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ 2020 წლიდან ამ დრომდე ქვეყანას ააცილა ორი რევოლუცია, რომლებსაც "რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული 'ენჯეოები' აწყობდნენ." ბოლო წლებში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის დაწყებულ არცერთ გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები არ გამოუვლენია. კობახიძის მტკიცებით, ის ძალები, რომლებიც წინა წლებში ქვეყანას "რევოლუციურ რეჟიმში" აცხოვრებდნენ, დღესაც "არ ერიდებიან ქვეყნის არევის მესამე ცდას." ირაკლი კობახიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას უკმაყოფილება გამოხატა არა მხოლოდ ხელისუფლების ოპონენტების მისამართით, არამედ იმ ამომრჩევლებსაც მოუწოდა "საკუთარი ქვეყნის წინაშე მეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ", ვინც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ხმა წინა არჩევნებზე.

"სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა 'ნაცმოძრაობას', ხაზარაძის ან გახარიას პარტიას, 'გირჩს' ან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტს საქართველოში. თითოეულ ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა "ყველა ღირსეულ ქართველს - პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს."

ირაკლი კობახიძე ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ უწყვეტ პროტესტსაც - მისი შეფასებით, ამ აქციებს "პოლიტიკური უმცირესობა" მართავდა.

"იმ აქციებს და ჩვენ დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი პრინციპული რამ - ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით: ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არა აქვთ გააზრებული - თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი ანუ რადიკალური ოპოზიცია, 'ენჯეოები' და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან საქართველოს პარლამენტის წინ გამართული სცენიდან მოუწოდა ევროკავშირს, წელსვე გახსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან. ამ მოთხოვნის ფონია განცხადებები ევროპარლამენტში, სადაც დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოს "აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების, მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვის და კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირების პერსპექტივის შესახებ აფრთხილებენ.

XS
SM
MD
LG