Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები და ფინანსური დახმარების გადახედვა - სენატორები კობახიძეს "აგენტების კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებენ


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

"ამერიკის ხმა" იუწყება, რომ აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა, 14-მა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

"ამერიკის ხმის" ცნობითვე, ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, "რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და, ასევე, აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტისა და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას".

"ამერიკის ხმა" ასევე წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში "უცხოეთის გავლენის აგენტის" ხელმეორედ ინიციირებული კანონი ამოქმედდება. მათივე ცნობით, პოლიტიკის ცვლილებაში ისინი მოიაზრებენ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტას და სავიზო შეზღუდვების გაფართოებას.

"ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება", - ციტირებს სენატორების წერილს "ამერიკის ხმა".

„აგენტების კანონი“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG