Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: პუტინს, სავარაუდოდ, არ გაუცია ნავალნის მოკვლის ბრძანება 


რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, არ გაუცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში მყოფი, ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

„ეს შეფასება სადავოს არ ხდის პუტინის დანაშაულს ნავალნის სიკვდილში, მაგრამ ამბობს იმას, რომ შესაძლოა მას არ გაუცია ბრძანება, რომ ეს მომხდარიყო სწორედ იმ მომენტში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის მიხედვითაც, ამგვარ დასკვნას იზიარებს აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოება, მათ შორის - CIA, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველო.

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა თავიანთი დასკვნები გააკეთეს დიდი რაოდენობით ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მათ შორის, საიდუმლო სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე ღია წყაროებიდან მიღებული მონაცემებით.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ თავისი თვალსაზრისი გააცნო ევროპულ სადაზვერვო სააგენტოებსაც, რადგან ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ სკეპტიკურად უყურებს ცნობებს იმის შესახებ, რომ პუტინი უშუალოდ არ მონაწილეობდა ნავალნის სიკვდილში. დღევანდელ მკაცრად კონტროლირებად რუსულ სისტემაში, საეჭვოა, რომ ნავალნისთვის დაეშავებინათ რამე პრეზიდენტთან შეუთანხმებლად, - მიიჩნევენ ევროპელი ოფიციალური პირები.

Wall Street Journal-ის თანამოსაუბრეებს არ დაუკონკრეტებიათ, შეაფასა თუ არა ნავალნის გარდაცვალება აშშ-ს მთავრობამ და აქვს თუ არა ამერიკის დაზვერვას საკუთარი ახსნა პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებსა და რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში არ გაუკეთებიათ კომენტარი გაზეთის თხოვნის პასუხად.

  • ალექსეი ნავალნის გარდაცვალების დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ნავალნის თანამოაზრეები კი ამტკიცებენ, რომ ის მოკლეს.
  • ალექსეი ნავალნიმ პატიმრობის პერიოდში 300 დღეზე მეტი გაატარა საჯარიმო საკანში.
  • 2024 წლის 17 მარტს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოიწონა მისი გაცვლის იდეა. მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვი მზად იყო გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. სანაცვლოდ, რუსეთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ითხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიაში დაპატიმრებული ვადიმ კრასიკოვისა და „შეერთებულ შტატებში მსჯავრდადებული კიდევ რამდენიმე რუსის“ ექსტრადიციას.
XS
SM
MD
LG