Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო


უკრაინაში ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი თბოელექტროსადგური და საავადმყოფო დაზიანდა. არიან დაშავებულები.

„სერიოზულად დაზიანდა საწარმოების აღჭურვილობა, ამ წუთებში ენერგეტიკოსები ცდილობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას“, - განაცხადა კერძო ენერგეტიკულმა კომპანია ДТЭК-მა, რომელიც ფლობს რუსეთის მიერ სამიზნეში ამოღებულ თბოელექტროსადგურებს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არიან დაზარალებულები, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმან გალუშჩენკომ განმარტა, რომ ერთ-ერთ ობიექტზე მყოფმა თანამშრომელმა კონტუზია მიიღო.

სარაკეტო იერიში იქნა მიტანილი ხარკოვის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. შედეგად ერთი პაციენტი დაიჭრა.

„საბედნიეროდ, რაკეტები მიწაზე დაეცა და არა სამედიცინო დაწესებულების შენობებს“, - წერს ტერეხოვი. მისი თქმით, დაბომბვის დროს სამედიცინო კომპლექსში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა: 900 პაციენტი და 250-მდე საავადმყოფოს თანამშრომელი.

„აფეთქების ტალღამ სამედიცინო კომპლექსში ფანჯრები ჩაამსხვრია, დაზიანდა სახურავები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის მილები და სხვა კომუნალური საშუალებები“, - დასძინა ტერეხოვმა.

უკრაინის არმიის ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა - მათგან 21-ის ჩამოგდება მოხერხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG