Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისა და ისრაელისთვის მილიარდობით დოლარით დახმარებისთვის კენჭისყრის დღე დანიშნა


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 20 აპრილს უყრის კენჭს უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა 20 აპრილს უყრის კენჭს უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა შაბათს, 20 აპრილს, ჩაატარებს კენჭისყრას უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო, განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტ ხანში მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60,80 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში კონფლიქტთან გამკლავების და რუსეთის შეჭრის გამო რეგიონული პარტნიორების დახმარებისთვის. აქედან 23.2 მილიარდი დოლარი გამოყენებული იქნება აშშ-სგან იარაღის, მარაგებისა და აღჭურვილობის შესავსებად. კანონპროექტი ითვალისწინებს ისრაელის მხარდაჭერისთვის 26.38 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ის უნდა მოხმარდეს ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხარჯების დაფარვასაც.

ხოლო ინდოეთ-წყნარი ოკეანის კანონპროექტი შეიცავს 8,12 მილიარდ დოლარს.

რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობის შემდეგ იმაზე, მისცემენ თუ არა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები წევრებს დახმარებაზე კენჭისყრის საშუალებას, ჯონსონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვიტა სენატის 95-მილიარდიანი კანონპროექტის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა.

ხოლო 17 აპრილს, ხარჯების გეგმის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემდეგ, ჯონსონმა დაიწყო კანონპროექტების ტექსტის გამოქვეყნება, საბოლოო მიღებაზე კენჭისყრა კი მოეწყობა 20 აპრილს, საღამოს, რათა დრო იყოს დებატებისა და შესწორებების შეტანისთვის. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის უნება რომ დაერთო.

XS
SM
MD
LG