Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელივით დაიცვან


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინა ისევე დაიცვან, როგორც ისრაელი დაიცვეს ირანის შეტევისგან.

15 აპრილს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა, ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორდანიამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის ნატოს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს.

ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ევროპის ცა დიდი ხნის დაცული იქნებოდა, უკრაინას პარტნიორებისგან რომ ჰქონდეს ისრაელის მსგავსი, სრული დახმარება დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად.

ირანმა ისრაელზე შეტევა 13-14 აპრილს მიიტანა. ისრაელის არმიის ცნობით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ევროპული სარდლობის საბრძოლო გემების მხარდაჭერით გაანადგურეს 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით იყო ნასროლი ირანიდან და იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG