Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპიკერმა ჯონსონმა ერთმანეთისგან გამიჯნა ისრაელის და უკრაინის დახმარება


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თანაპარტიელ რესპუბლიკელებს წარუდგინა ოთხი დამოუკიდებელი კანონპროექტი ისრაელის, უკრაინის და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ.

ჯონსონის ინიციატივა განსხვავდება გადაწყვეტილებისგან, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში მიიღო კონგრესის ზედა პალატამ, დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა და ამ ოთხი მიზნისთვის ერთ პაკეტად დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის დახმარება, საიდანაც 14 მილიარდი განსაზღვრა ჰამასთან ომში მყოფი ისრაელისთვის და 60 მილიარდი უკრაინისთვის, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის.

კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, ამ კანონპროექტისთვის კენჭი არ უყრია კონსერვატორი კონგრესმენების წინააღმდეგობის გამო. ისინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებენ მექსიკის საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს.

ისრაელის დახმარების საკითხი წარმომადგენელთა პალატაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 13-14 აპრილს ირანმა ისრაელს დრონებით და რაკეტებით შეუტია.

სააგენტო Reuters-ის და გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, სპიკერმა ჯონსონმა რესპუბლიკელებს ოთხი კანონპროექტი 15 აპრილს წარუდგინა დახურულ შეხვედრაზე, რომელიც კონგრესის შენობაში გაიმართა.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო აკვირდება, შეძლებს თუ არა აშშ მოკავშირეების და საკუთარი ინტერესების დაცვას და ამას აუცილებლად გააკეთებენ.

მაიკ ჯონსონის ინფორმაციით, კანონპროექტებით გათვალისწინებულია დაახლოებით იმდენივე დაფინანსება, როგორც ეს სენატმა განსაზღვრა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სახსრების ნაწილს კრედიტის სახე ექნება.

კანონპროექტები დღეს, 16 აპრილს, უნდა გამოქვეყნდეს. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრა ამ კვირაში გაიმართება.

გამოცემა The Hill-ის წყაროთა თანახმად, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას, ჩინური კომპანიის (ByteDance) მიერ შექმნილი სოციალური ქსელის, TikTok-ის დაბლოკვას და ასევე, მოიცავს პუნქტს, რომელიც აშშ-ს მისცემს შესაძლებლობას, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები.

მაიკ ჯონსონის საკანონმდებლო ინიციატივა არ ეხება საზღვრის დაცვას, რაც მკვეთრად მემარჯვენე რესპუბლიკელების უკმაყოფილებას იწვევს. მათ შესაძლოა, სპიკერის გადადგომა მოითხოვონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG