Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა ხელი მოაწერა საბიუჯეტო პაკეტის კანონპროექტს, რითაც თავიდან იქნა აცილებული მთავრობის ფუნქციონირების შეჩერება


კონგრესი ბიუჯეტზე შეთანხმდა მაშინ, როცა ფისკალური წლის თითქმის ნახევარია უკვე გასული.
კონგრესი ბიუჯეტზე შეთანხმდა მაშინ, როცა ფისკალური წლის თითქმის ნახევარია უკვე გასული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის პაკეტს ფედერალური სამსახურების ნახევარზე მეტის დასაფინანსებლად, მათ შორის - თავდაცვისა და საგარეო უწყებებისა. პაკეტის მოცულობა 1,2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამგვარად, მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა, გააგრძელოს ფუნქციონირება. ბაიდენის მიერ ბიუჯეტის ხელმოწერას წინ უძღოდა დოკუმენტის მიღება აშშ-ის სენატის მიერ.

სენატმა პაკეტი მოიწონა ვაშინგტონის დროით დაახლოებით ღამის ორ საათზე, ანუ ორი საათის შემდეგ, რაც შუაღამით ძალაში შევიდა მთავრობის ფუნქციონირების შეჩერება. მაგრამ თეთრმა სახლმა ცოტა ხანშივე გამოაცხადა, რომ მისმა ბიუჯეტის მართვის ოფისმა (OMB) ადმინისტრაციის ფუნქციონირების შეჩერების პროცესი შეაჩერა „მაღალი ხარისხის რწმენის“ გამო, რომ კონგრესი მიიღებდა კანონპროექტს და პრეზიდენტი მას ხელს მოაწერდა შაბათს.

კონგრესი ბიუჯეტზე შეთანხმდა მაშინ, როცა ფისკალური წლის თითქმის ნახევარია უკვე გასული. ორი მთავარი პარტია - რესპუბლიკელები და დემოკრატები - ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას ახალი ბიუჯეტის ჩარჩოებზე და ამის ნაცვლად რამდენჯერმე გაახანგრძლივეს შარშანდელი ბიუჯეტის მოქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ მთავრობის დაფინანსების კოლაფსი.

საბიუჯეტო კანონპროექტების პირველი პაკეტი კონგრესმა ორი კვირის წინ დაამტკიცა.

ორივე პაკეტი ჯამში მოიცავს 1,66 ტრილიონ დოლარს. მასში არ შედის ისეთი პროგრამები, როგორებიცაა სოცუზრუნველყოფა და სამედიცინო დახმარება, ასევე ქვეყნის მზარდი დავალიანების დაფინანსება.

რაც შეეხება უკრაინას, პაკეტი 300 მილიონ დოლარს ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების ეგიდით. ეს დაფინანსება არ უკავშირდება უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების მსხვილ პაკეტს, რომლის თაობაზეც კონგრესი ჯერაც ვერ შეთანხმდა.

XS
SM
MD
LG