Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი შარშან 250 ათასით გაიზარდა


გერმანიაში მყოფ შრომისუნარიან უკრაინელ ლტოლვილთა 80%-ს ქალები შეადგენენ.
გერმანიაში მყოფ შრომისუნარიან უკრაინელ ლტოლვილთა 80%-ს ქალები შეადგენენ.

ამჟამად გერმანიაში რეგისტრირებულია 1,65 მილიონი უკრაინელი. გფრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს მეოთხედი მილიონით მეტია, ვიდრე 2023 წელს. როგორც Deutsche Welle იტყობინება, გერმანიის პოლიტიკოსებს შორის გაისმის გაფრთხილებები და მოწოდებები, რომ ლტოლვილები უფრო თანაბრად განაწილდნენ ევროპაში.

12 მარტის მდგომარეობით გერმანიაში დაახლოებით 250 ათასით მეტი ადამიანი იყო უკრაინიდან, ვიდრე შარშან. ამის თაობაზე პარასკევს დაწერა გამოცემა Der Spiegel-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხზე დაყრდნობით, რომელიც მან გასცა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატ ალექსანდერ ტრომს.

გერმანიაში უკრაინის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გაურბიან, აღემატება სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელებისას. ფედერალურმა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ გერმანიამ უკრაინელ მიგრანტთა მიღებაში ზღვარს მიაღწია, განაცხადა დეპუტატმა ტრომმა.

ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 80%-ს უკრაინის შრომისუნარიანი მოქალაქეებისა, რომლებმაც 2022 წლის შემდეგ მოიპოვეს გერმანიაში თავშესაფარი, ქალები შეადგენენ.

უკრაინელ ლტოლვილებს გერმანიაში უფლება აქვთ მიიღონ „სამოქალაქო დახმარება“, რომელსაც უმუშევრებს უხდიან. მარტო მყოფთათვის ეს თანხა თვეში 563 ევროს შეადგენს, დაოჯახებულ წყვილთათვის კი თითოსთვის 506 ევროს.

მშობლებისთვის გათვალისწინებულია 357-დან 471 ევრომდე დახმარება ბავშვისთვის, მისი ასაკის მიხედვით. სახელმწიფო ფარავს ხარჯებს სამედიცინო დაზღვევისთვის, ბინისთვის და კომუნალური მომსახურების ნაწილისთვის, გამოყოფს ფულს ავეჯისა და სასკოლო ნივთების საყიდლად, აფინანსებს ენის შესწავლას, აღნიშნავს Deutsche Welle.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ გერმანიაში მცხოვრებ უკრაინელთა დასახმარებლად 5-5-დან 6 მილიარდ ევრომდე გამოიყოფა.

XS
SM
MD
LG