Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

43 წლის კაცს ბრალი წარედგინა 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე


საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა

43 წლის კაცს, რომელსაც გამოძიება 19 წლის გოგოს მიმართ ჩადენილ დანაშაულს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფასა და სექსუალური ხასიათის იძულებას ედავება, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიებით დადგინდა, რომ 43 წლის კაცი Facebook-ის ჯგუფებში ყალბი ანგარიშით თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის ქალებს იწვევდა. მოგვიანებით კი მან ფოტოსესიაზე მისულ 19 წლის ქალს სქესობრივი კავშირი მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ფოტოები გაუვრცელა.

„[მას] დაჰპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, ფოტოებში არ გამოჩნდებოდა სახე... ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეომასალას არ გადაუგზავნიდა“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები. ჯამში აღმოჩენილია 200-მდე ქალის 5000-მდე ფოტო და ვიდეო.

43 წლის კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა. ის სამართალდამცავებმა 22 მარტს დააკავეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

XS
SM
MD
LG