Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს ჩააბარა?


ილკინ მელიკოვის წერილი და ფოტო რუსულმა გამოცემამ "ვოტ ტაკ" გამოაქვეყნა
ილკინ მელიკოვის წერილი და ფოტო რუსულმა გამოცემამ "ვოტ ტაკ" გამოაქვეყნა

რუსეთში პატიმრობაში მყოფი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ის ორი წლის წინ ქართველმა პოლიციელებმა გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ხელისუფლება ამას უარყოფს.

ავტორიტარულ რეჟიმებს გამოქცეული დისიდენტები საქართველოში ადრეც გაუჩინარებულან.

5 მარტს, რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემამ “ვოტ ტაკ” დაწერა, რომ რუსეთში დაპატიმრებული აქტივისტი ილკინ მელიკოვი ქართველ პოლიციელებს თავის გატაცებაში ადანაშაულებს.

გამოცემა აქვეყნებს წერილს, რომელიც მელიკოვმა ნათესავებს ციხიდან მისწერა.

ის ჰყვება, რომ პოლიციამ თბილისში 2022 წლის 29 აპრილს დააკავა. იქამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართულმა სასამართლომ მას პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა.

მელიკოვი წერს, რომ პოლიციელებმა სახლში წაიყვანეს და ბარგის ჩალაგება მოსთხოვეს. ადვოკატთან დარეკვა როცა დააპირა, “ხელები გადამიგრიხეს, ტელეფონს მაცლიდნენ და მერე მაიძულეს, გამომერთო”.

იგი იხსენებს, რომ პოლიციელებმა მოატყუეს. უთხრეს, რომ დიღმის განყოფილებაში მიჰყავდათ, მაგრამ სინამდვილეში წაიყვანეს ლარსზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

მელიკოვის მტკიცებით, მანქანაში პოლიციელებმა მიუგეს, რომ მისი უფლებები არ აინტერესებთ, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის. ლარსზე ხელი მოაწერინეს საბუთზე, რომლის თანახმადაც რუსეთთან საზღვარს ნებაყოფლობით კვეთს.

საზღვრის გადაკვეთისთანავე მელიკოვი რუსულმა პოლიციამ დააკავა. ახლა ის რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის ციხეშია, სადაც კიდევ 5-დან 10 წლამდე ვადით შეიძლება დარჩეს. გამოძიება მას “ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას” ედავება.

შსს დუმს

მიმოწერაში მედიასაშუალებამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მელიკოვის წერილი მისი ნათესავებისგან მიიღო. მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების კითხვებს არ უპასუხა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მელიკოვის ბრალდებებს ტყუილი უწოდა.

ძებნილის ექსტრადიციას, ანუ სხვა სახელმწიფოსთვის მის გადაცემას არეგულირებს არაერთი საერთაშორისო შეთანხმება.

ბოლო წლებში საქართველომ რუსეთს ოფიციალურად გადასცა არაერთი ძებნილი. იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი ანგარიშისა და გამოძიების თანახმად, რუსეთის ციხეებში პატიმრების წამება სისტემურ ხასიათს ატარებს.

მაგალითად, 2019 წელს საქართველომ რუსეთს გადასცა ასევე ინტერპოლის მიერ ძებნილი და ტერორიზმში ბრალდებული რამზან ახიადოვი, რომელიც დანაშაულს უარყოფდა.

საქართველომ რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არაადამიანური მოპყრობა, - ასე ახსნა გადაწყვეტილება იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

უზუსტობებით სავსე საქმე

მელიკოვი საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, ქალაქ ნიჟნევარტოვსკიდან გამოიქცა, მას შემდეგ, რაც მისი მტკიცებით, პოლიციამ სცემა.

წარმოშობით აზერბაიჯანელი მელიკოვი მუსლიმია. 2019 წლის სექტემბერში ის და მის მეჩეთში მოსიარულე კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაში დასდეს ბრალი. რამდენიმეს უპოვეს იარაღი, ხელნაკეთი ასაფეთქებლები და ნარკოტიკები.

ექვსივეს პოლიცია ედავებოდა ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას, ტერაქტის დაგეგმვასა და სირიაში მეომარი “ისლამური სახელმწიფოს” წევრებისთვის ფულის შეგროვებას.

ექვსივემ, მათ შორის მელიკოვმა, აღიარებითი ჩვენება მისცა. მაგრამ დაკავებულებმა ცოტა ხანში თქვეს, რომ პოლიციამ აღიარებები წამებითა და მუქარით გამოსძალათ.

ოთხ დაკავებულს 12-დან 19-წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. მეხუთე იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს.

მელიკოვიც ამბობს, რომ პოლიციელები სცემდნენ. როგორც დაკავების, ისე დაკითხვის დროსაც. ასევე ემუქრებოდნენ ნარკოტიკების ჩადებით. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ის მოწმის სტატუსით გამოუშვეს. მისი აზრით, იმიტომ, რომ ნათესავებს გატაცებული ეგონათ და მათ მაშინვე მიმართეს პოლიციას.

2019 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საქმე მელიკოვის წინააღმდეგაც აღიძრა. 2021 წლის თებერვალში (ანუ სავარაუდო გატაცებამდე ორი თვით ადრე), რუსეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ექვსივე დაკავებულის საქმის დეტალებს დაწვრილებით ჰყვება რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალი”. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმეებში მრავლადაა უზუსტობები და დაკავებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ წამების კვალი.

ანგარიშის თანახმად, სამი დაკავებული ამტკიცებს, რომ აიძულეს უკვე დაწერილ აღიარებით ჩვენებებზე მოეწერათ ხელი. ერთი კი ამბობს, რომ ჩვენება გამომძიებელმა უკარნახა.

გარდა ამისა, საქმეში საერთოდ არაფერია ნათქვამი იმაზე, იყო თუ არა დაკავებულთა სახლებში მოპოვებულ ნივთმტკიცებებზე მათი თითის ანაბეჭდები და დნმ-ის მასალები.

სხვა შემთხვევები

საქართველოს შეფარებული აქტივისტები უცნაურ ვითარებაში ადრეც გამქრალან.

12 ოქტომბერს თბილისში გაუჩინარდა ანარქისტი იური შეპელევი, რომელიც ერთი თივს თავზე რუსეთში, წინასწარი დაკავების საკანში იპოვეს. მასაც ტერორიზმში სდებენ ბრალს.

ამ საქმეს შსს იძიებს. პოლიციის ვერსიით, შეპელევი სოფელ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. შემდეგ “საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ”.

ეს ვერსია რადიო თავისუფლებას კირბალელმა თვითმხილველმაც დაუდასტურა.

თბილისში მცხოვრები რუსი აქტივისტების ვარაუდით, შესაძლოა შეპელევი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტყუეს.

მელიკოვის და შეპელევის შემთხვევები მათთვის სახიფათო სიგნალია. ახლა ისინი შიშობენ, რომ კრემლის ხელი საქართველოშიც შეიძლება მისწვდეთ. თანაც შარშან რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს ასევე სომხეთსა და ყირგიზეთში.

რაც შეეხება საქართველოს კრიმინალურ პოლიციას, იგი ადრეც დაუდანაშაულებიათ უცხოელი დისიდენტის გადაცებაში. 2017 წელს, თბილისში გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ილჰამ ალიევის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი, აფგან მუხთარლი.

მუხთარლი ამტკიცებდა, რომ სწორედ კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა. თბილისში მისი ბრალდებები უარყვეს.

XS
SM
MD
LG