Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ატარებს „ცივი ომის" შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს


ფოტო არქივიდან. ნატოს სამხედრო წვრთნებში ჩართული თვითმფრინავები და გემი პორტუგალიის სანაპიროსთან. 2021 წლის მაისი
ფოტო არქივიდან. ნატოს სამხედრო წვრთნებში ჩართული თვითმფრინავები და გემი პორტუგალიის სანაპიროსთან. 2021 წლის მაისი

დღეიდან, 22 იანვრიდან, ნატომ დაიწყო ბოლო, თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 2024 (მტკიცე დამცველი 2024).


სწავლებაში, რომელიც მაისის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს ნატოს 31-ვე წევრი სახელმწიფოს და წევრობის კანდიდატი შვედეთის 90 000-მდე სამხედრო. წვრთნების სცენარი მოიცავს კონფლიქტის სიმულაციას „პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან“.

Steadfast Defender 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი მანევრები მოიცავს ტერიტორიას ნორვეგიიდან რუმინეთამდე. წვრთნებში ჩაერთვება 50-ზე მეტი გემი, 80-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი და ვერტმფრენი, 133 ტანკი, 533 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა ტექნიკა.

სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, სწავლების სცენარით, რუსეთი ნატოს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოს თავს ესხმის, რის გამოც ალიანსი აამოქმედებს ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ.

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თანახმად, სწავლებით Steadfast Defender 2024 ალიანსი აჩვენებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში შეუძლია რთული ოპერაციების ჩატარება ხმელეთზე, ზღვაში, ჰაერში, კიბერსივრცესა და კოსმოსში.

ნატოში აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმსხვილესი წვრთნებით აჩვენებს ალიანსის ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვისადმი და უნარს, დაიცვას მოკავშირე სახელმწიფოების მილიარდი მოქალაქე.

ნატომ ამ მასშტაბის ბოლო წვრთნები, დაახლოებით 125 000 სამხედროს მონაწილეობით, 1988 წელს ჩაატარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ალიანსმა ყველაზე მასშტაბური სწავლება 2018 წელს მოაწყო და მასში 50 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG