Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო წვრთნები Steadfast Defender 24 - რას ნიშნავს ეს ევროპისათვის?


რიკარდ იოზვიაკი.
რიკარდ იოზვიაკი.

თვის ბოლოს ნატო დაიწყებს ცივი ომის შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნებს Steadfast Defender 24, რომელშიც სამხედრო ალიანსის წევრი 31 ქვეყნის და შვედეთის 90 ათასი ჯარისკაცი 4 თვის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის მანევრებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში.

ნატოს დოკუმენტში არ არის ნახსენები, რომ ეს წვრთნები მოკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის სიმულაციაა - ოფიციალურად საქმე შეეხება „თითქმის თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სცენარს“. პირად საუბრებში ნატოს ოფიციალური პირები უყოყმანოდ ადასტურებენ, რომ „ცხადია, ამაში რუსეთი იგულისხმება“.

ეს კიდევ უფრო ცხადი გახდება, თუ წვრთნების გეოგრაფიას და მანევრების დეტალებს დავაკვირდებით. უხეშად რომ ვთქვათ, Steadfast Defender 24 ორ ფაზადაა დაყოფილი. პირველი ეტაპობრივად დაიწყება იანვრის ბოლოს და ძალების ტრანსატლანტიკურ გადაადგილებას მოიცავს. აქ გამოჩნდება, შეუძლია თუ არა აშშ-ს საკმარისი რაოდენობის სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლა ევროპაში თავდაცვისათვის.

ამას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია ხურდება და ის კულმინაციას ნოემბერში მიაღწევს. ამერიკელმა ამომრჩეველმა შეიძლება თეთრ სახლში დააბრუნოს პრეზიდენტი, რომელიც ნატოს საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებდა, განსაკუთრებით კი მის მთავარ, მეხუთე მუხლს, სადაც წერია, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე. თუ ამერიკა ამ პრინციპის ერთგული აღარ იქნება, საკითხავია, რამდენად ქმედითი შეიძლება იყოს ეს სამხედრო ალიანსი.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამერიკელი სამხედროები სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ბრიტანეთის, ნორვეგიისა და ესპანეთის სანაპიროებზე ამფიბიურ თავდასხმებში. ეს ევროპის შიშებს ვერ გააქარწყლებს, მაგრამ შთამბეჭდავი სანახაობა კი იქნება: წვრთნებში 50 ხომალდი იქნება ჩართული - ავიამზიდები, ფრეგატები და გამანადგურებლები.

წვრთნების მეორე ფაზა კი აჩვენებს, შეუძლია თუ არა ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის დაცვა. ალიანსის ცნობით, ამოცანაა აჩვენოს, შეუძლია თუ არა ნატოს „განახორციელოს და გააგრძელოს კომპლექსური ოპერაციები, რამდენიმე თვის განმავლობაში, ათასობით კილომეტრის მანძილზე, მაღალი ჩრდილოეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპამდე, ნებისმიერ პირობებში.“ სწორედ ამგვარი ომი იქნება მოსალოდნელი, თუ რუსეთი თავდასხმას გადაწყვეტს.

თებერვლის შუიდან დაწყებული მაისის ბოლომდე წვრთნები ძირითადად ხმელეთზე და ცაში ჩატარდება. მათი ეპიცენტრი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იქნება, გერმანია კი კოორდინაციის და დამატებითი ძალების გადასროლის მთავარი კერა იქნება. ამას გარდა, წვრთნის ელემენტები სკანდინავიაშიც ჩატარდება. ჩეხეთშიც, უნგრეთშიც, ჩრდილოეთ მაკედონიაშიც, რუმინეთშიც და მოლდოვაშიც - რომელიც ნატოს წევრი არ გახლავთ და კონსტიტუციურადაც ნეიტრალურია. გასაგები მიზეზების გამო უკრაინაში არაფერი ჩატარდება და არც უკრაინელი სამხედროები მიიღებენ წვრთნებში მონაწილეობას.

წვრთნების დროს ნატო საქმეში გამოცდის თავდაცვის ახალ გეგმებს, რომლებიც გასული წლის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე მიიღეს. ეს 4-ათასგვერდიანი დოკუმენტია, სადაც დაწვრილებითაა გაწერილი, თუ რომელმა მოკავშირემ რა ტერიტორია უნდა დაიკავოს ალიანსზე თავდასხმის შემთხვევაში. აქვე გამოჩნდება, თუ როგორ მუშაობს ნატოს „ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ძალები“ (Very High Readiness Joint Task Force (VJTF)), რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პასუხად შეიქმნა 2014 წელს. VJTF შედგება 6 ათასამდე სამხედროსგან, რომლებსაც უნდა შეეძლოთ რამდენიმე დღის განმავლობაში ალიანსის ნებისმიერ კუთხეში განთავსება. ის ნებისმიერი პოტენციური თავდასხმის მთავარი კომპონენტია.

წვრთნები უკვე წლებია იგეგმება, მაგრამ ის გადამწყვეტ დროს განხორციელდება. ის უნდა გახდეს გარანტი, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, ალიანსი მზად იქნება, თუ ომი ნატოს საზღვრებს მიუახლოვდება. ამ მასშტაბის წვრთნები ბოლოს 1988 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 125-მა ათასმა სამხედრომ მიიღო.

მთავარი შეკითხვა კი მაინც ისაა, შეძლებს თუ არა ეს წვრთნები ევროპის შიშების შემცირებას. ბოლო თვეების განმავლობაში საგანგაშოდ შემცირდა იარაღის მიწოდება უკრაინაში და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიას მოუწევს ტემპი ააჩქაროს. ბოლო დროს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს უთქვამს, რომ ნატო მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პუტინმა შეიძლება სხვა ქვეყნებსაც შეუტიოს - ბელგიის არმიის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ კრემლი მოლდოვას ან ბალტიის ქვეყნებს დაესხას თავს, მისმა შვედმა კოლეგამ კი მოქალაქეებს მიმართა - ომისათვის ყველანი მზად უნდა იყოთო.

გაზაფხულზე ევროპელები იხილავენ სამხედრო წვრთნების კადრებს, რომლებიც მათ ერთდროულად დაამშვიდებს და თან შეაშინებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG