Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“


"აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქცია საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილი, 2024
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქცია საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილი, 2024

თუკი გულწრფელად გაინტერესებთ, მაგრამ ჯერაც ვერ დარწმუნდით, რატომ ეწინააღმდეგება ყველა, გარდა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდამჭერებისა, პარლამენტში უკვე მეორედ შეტანილ „აგენტების კანონს“, ეს სტატია თქვენთვისაა.

თქვენთვისაა ეს სტატია იმ შემთხვევაშიც, თუ, უბრალოდ, ამ კანონის დამაზიანებელ ეფექტებზე არგუმენტების და კონტრარგუმენტების შეჯამება გსურთ, მოკლედ წაიკითხოთ.

ერთი სიტყვით, სანამ პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „აგენტების კანონს“, აქ ვაჯამებთ პროექტის შესახებ გამოთქმულ ყველა მნიშვნელოვან მოსაზრებას და აქვე ვცდილობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე გავცეთ პასუხი.

დავიწყოთ კანონპროექტის შინაარსით

მმართველი პარტია ერთხმად „გამჭვირვალობაზე“ სვამს აქცენტს და „დეკლარაციის შევსებამდე“ დაჰყავს ინიციატივის შინაარსი.

ერთი შეხედვით, ტექნიკურად, კანონპროექტი ისეთს არაფერს ითხოვს, რაზეც წვდომაც სახელმწიფოს უკვე არ ჰქონდეს:

  • საჯარო რეესტრს
  • შემოსავლების სამსახურს
  • ფინანსთა სამინისტროს
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურს

უკვე მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციაზე, რასაც კანონპროექტი ითხოვს.

აქ მმართველი პარტია ამბობს, რომ სახელმწიფოს კი აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთად არ არის თავმოყრილი, არ იცის მივიდა თუ არა ადრესატამდე გრანტის თანხა [ეს ისაა, რასაც დონორი ზედმიწევნით აკონტროლებს] და ყველაზე მთავარი - ამ ინფორმაციას ერთად თავმოყრილს ვერ ნახავს დაინტერესებული მოქალაქე. არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტი, რომ პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული, "ქართულ ოცნებას" არ აკმაყოფილებს: თქვენ ამას ნებაყოფლობით აკეთებთ და ვალდებული არ ხართო.

"უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

მაგრამ ვერც კანონპროექტსა და ვერც განმარტებით ბარათში ვერ იპოვით, თუ რას ნიშნავს „უცხოური ძალის ინტერესების გატარება“.

კანონპროექტი არც კი განსაზღვრავს იმ საქმიანობის სფეროებს, რომლებსაც ის შეიძლება შეეხოს.

ამგვარად აიძულებს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, - და ასეთი ათასობით არის, - რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი, ძირითადად, დასავლელი დონორებისგან იღებს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარად“ დარეგისტრირდეს.

„ინტერესების გამტარებელი“

მმართველი პარტიის არგუმენტი, სიტყვა „აგენტს“ აღარ ვიყენებთო, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ბევრს არაფერს ცვლის.

მართალია, კანონპროექტში ამ ტერმინს განმარტება არ აქვს, მაგრამ ზოგადი განმარტებით, ასე გამოდის: „უცხო ძალის ინტერესების გამტარს“ არ შეიძლება, საკუთარი მოტივაცია ამოძრავებდეს.

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“ მხოლოდ ინსტრუმენტია.

ეს ტერმინი არის „უცხოეთის აგენტის“ დაგრძელებული ვარიანტი. შინაარსი იგივე აქვს.

და თუ კანონს მიიღებენ, „უცხო ძალის ინტერესების გამტარად“ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული ორგანიზაციისთვის სიტყვა „აგენტის“ დაძახება სულაც არ იქნება პოლიტიკოსებისათვის რთული.

მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე წელიწადზე მეტია, ამ სიტყვებით მოიხსენიებენ ყველას, ვინც მათ პოლიტიკას არ ეთანხმება, - პრეზიდენტით დაწყებული, ჟურნალისტებით დამთავრებული.

"აგენტებს" ოპონენტებს ან მედიას უწოდებენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ამ კანონის პროექტის მიხედვით, უშუალოდ "უცხო ძალად" წოდებული ან ამ ძალის "ინტერესების გამტარებელ" ორგანიზაციებში მუშაობდნენ.

ტერმინ „აგენტის“ ძლიერი უარყოფითი კონოტაცია საბჭოთა ლექსიკონიდანაა და, ფაქტობრივად, „სახელმწიფოს მტერთან“, „ხალხის მტერთან“ ასოცირდება, - განსხვავებით ინგლისურ ენისგან, სადაც „აგენტს“ ასეთი დრამატული დატვირთვა არ გააჩნია.

მაგრამ უცხოეთიდან ხომ ფინანსდებიან?

აქ ორი საკითხია: პირველი, რომ დაფინანსების მიღება, - მით უმეტეს, დაფინანსების 20%-ისა, - არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ მედია საკუთარი მოსაზრებებით, სხვების გავლენის გარეშე, არ ფუნქციონირებს.

და მთავარი საკითხი ისაა, რომ კანონპროექტი მიემართება დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, - რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან, - იმ სივრცის ნაწილი, საითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ქვეყანამ იაროს.

ეს ქვეყნები - შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები - საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში ეხმარებიან, კანონპროექტი კი ამ დახმარებას „უცხოეთის გავლენას“ უწოდებს.

სინამდვილეში, დასავლეთისგან დაფინანსებული ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის, მისი განვითარებისთვის, მისი კეთილდღეობისთვის მუშაობს:

  • შეიმუშავებს რეფორმებს უკეთესი სასამართლოსთვის, ძალოვანი უწყებებისათვის, ქალაქგეგმარებისთვის, ქალთა უფლებებისათვის, სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ადამიანების უფლებებისათვის;
  • ამხელს და აკრიტიკებს კორუფციას მუნიციპალიტეტებში;
  • ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს, მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, მათ შორის ეთნიკური ქართველების, უფლებებისათვის;
  • მუშაობს უსახლკარობაზე;
  • უვლის მიუსაფარ ცხოველებს.

ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია.

მოკლედ: ორგანიზაციები, - რომელთა ნაწილი თავისი საქმიანობით, დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, თუმცა კანონი საერთო ჯამში გაცილებით მრავალფეროვან სპექტრს ეხება - იძულებულები იქნებიან, იცრუონ და განაცხადონ, რომ „აგენტები“ არიან.

არადა, მათი საქმიანობის ლეგიტიმურობისადმი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ისინი ქართული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის განვითარებაზე მუშაობენ - პარტნიორების ფინანსური დახმარებით.

და თუ ცალკეულ შემთხვევებში კანონიერებაზე კითხვები ჩნდება, სწორედ ამისათვის არსებობს ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგამოძიებო უწყებები, მათ შორის - საიდუმლო სამსახურები.

იქნებ დაფინანსება რუსეთისგან მოდის?

ჯერ ერთი, ასეთები არსებობენ.

მაგალითად, „პრიმაკოვის ფონდი“, რომელიც რუსეთში დაარსებული „გორჩაკოვის ფონდის“ შვილობილია.

და ეს ფონდი პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მიერ არის დაარსებული და დაფინანსებული.

მედია „სპუტნიკ საქართველო“, რომელიც ასევე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის შვილობილია და უკრაინაში რუსეთის ომს უწყვეტად ამართლებს.

მათ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი პრობლემა არ ექმნება.

და კანონის მიღების შემდეგ რუსეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს პრობლემები ხომ შეექმნება?

თუ ფიქრობთ, რომ რუსეთისგან დაფინანსებულ თუ პრორუსულ ორგანიზაციებს „აგენტების კანონი“ ადარდებთ, შემცდარხართ.

პირიქით.

აი, მაგალითად, პრორუსული, ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული დაჯგუფების, „ალტ-ინფოს“ ლიდერები ამ კანონს მიესალმებიან.

ისინი მხარს უჭერენ არა მხოლოდ "უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად" - „აგენტებად“ რეგისტრაციას, არამედ დასავლეთისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებასაც.

საქმეც ისაა, რომ - გარდა იმისა, რომ იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებსაც არ განსაზღვრავს, - „აგენტების კანონპროექტი“ არ ასხვავებს მტრულ და მეგობრულ სახელმწიფოებს და მათგან წამოსულ დაფინანსებას.

უფრო სწორად, ამას მხოლოდ კანონპროექტის ფორმალური ტექსტი არ ასხვავებს.

თორემ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას რომ დააკვირდეთ, მარტივად ამოიცნობთ, ვინაა კანონპროექტის რეალური ადრესატი.

რუსეთი არ არის.

დასავლელი პარტნიორები - კი.

ახლანდელი პრემიერი ირაკლი კობახიძე დასავლური ფონდებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავს.

მას რომ დავუჯეროთ, ამერიკული „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ (NED) და ევროპული „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (EED) „საქართველოში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აფინანსებენ“.

რა არის „გლობალური ომის პარტია“

აქ აღარ დავწვრილმანდებით „ოცნების“ სხვა, დაბალი რანგის ლიდერების მსგავს და გაცილებით მძიმე განცხადებებზე.

მხოლოდ გავიხსენებთ იმას, რომ ეს კრიტიკა სათავეს ჯერ კიდევ 2018 წელს იღებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში დევალვაციას განიცდიან“.

მაშინდელი სამიზნეები ამერიკული „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) იყვნენ.

უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის შემდგომ პერიოდში დასავლეთის „ქართული ოცნებისეული“ კრიტიკა ყალიბდება კარგად დაგეგმილ დეზინფორმაციულ კამპანიად, რომელიც ეფუძნება შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“.

ამ თეორიის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანია, საქართველო ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და სხვა არაერთ ადამიანსა და ორგანიზაციას.

ერთი სიტყვით, მათ, ვისაც „ოცნების“ ლიდერები „აგენტებად“ მოიხსენიებენ.

თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები უარს ამბობენ, დააკონკრეტონ, ვის გულისხმობენ „გლობალური ომის პარტიაში“.

ეს კარგი, მაგრამ, „რუსულ კანონს“ რაღატომ ეძახიან?

შეიძლება, რუსეთში მედიისა და არასამთავრობოების მიმართ ამჟამად მოქმედი რეგულაციები [წაიკითხეთ - მათი სრული ცენზურა და გაუქმება] განსხვავდება „ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტისგან.

მაგრამ ამ კითხვაზე პასუხს რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველ რიგში ის, რაზეც წინა თავში ვისაუბრეთ:

კანონის სულისკვეთება მიზანში იღებს დასავლურ ინსტიტუციებს.

კანონმდებლობის დონეზე, ერთმანეთს უთანაბრებს რუსეთის მავნე გავლენასა და შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებას.

და ამას აკეთებს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ზეიმობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ხოლო ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ეს ნაბიჯი ჯერ გაურკვევლობას, შემდეგ კი შეშფოთებასა და იმედგაცრუებას იწვევს დასავლელ პარტნიორებში.

საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის სიტყვებით, ტერმინი „უცხო ძალა“ „ნამდვილად არ ჟღერს მეგობრულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დახმარება პარტნიორი ქვეყნებისგან მოდის“.

კანონი არა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციებთან, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის მთელ პროცესთან მოდის წინააღმდეგობაში.

ეს კი გეოპოლიტიკურ ჭრილში ნიშნავს არათუ „ნაცრისფერი ზონაში“ „ჰიბრიდულ რეჟიმად“ დარჩენას, არამედ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას.

ეს, თავის მხრივ, რეალურად შეზღუდულ სუვერენიტეტს ნიშნავს.

ჰო, მაგრამ მკაცრი კანონი ხომ არ არის?

ყველა ის არგუმენტი რომ დავივიწყოთ, რაც აქამდე მოვიყვანეთ, სამეზობლოს უახლესი ისტორია საუკეთესო პასუხს სცემს ამ კითხვას.

12 წლის წინ, როდესაც რუსეთში პირველად მიიღეს კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, ისიც მხოლოდ არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იურიდიულ პირებს ეხებოდა თავიდან.

თავიდან იგი მედიასაც კი არ ეხებოდა - „ოცნების“ ვერსიისგან განსხვავებით.

მაგრამ ეტაპობრივად კანონისმიერი შეზღუდვები გავრცელდა სწორედ მედიაზე (2017), ბლოგერებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებზე (2019), ფიზიკურ პირებზე (2020), უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ კი (2022) ის აგენტებად აცხადებს პირებს უშუალოდ უცხოური დაფინანსების მიღების გარეშეც კი.

წაიკითხეთ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის დირექტორის, ჟურნალისტისა და ისტორიკოსის, ანდრეი შარის ინტერვიუ, რომელიც თავისი და თავისი კოლეგების გამოცდილებას გვიზიარებს:

2012 წლის რუსეთის ხელისუფლებისა და 2023-24 წლებში საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს:

  1. „აგენტი“ ცუდი სიტყვა არ არის;
  2. კანონი „ამერიკულ მოდელს“ ეფუძნება;
  3. რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?

იქნებ არ გაამკაცრონ?

ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ლიდერები მუდმივად იმას იმეორებენ, რომ მედიის და არასამთავრობოების საქმიანობა არ იკრძალება და მხოლოდ დეკლარაციების შევსების ვალდებულება შემოდის.

კანონის არსებული ფორმაც პრობლემურია, მაგრამ არ არსებობს დაზღვევა, რომ მისი, პირველადი სახით მიღების შემდეგ, საქართველოში კიდევ უფრო არ გამკაცრდება, - როგორც ეს რუსეთში მოხდა - და მედიასა და კრიტიკულ სამოქალაქო სექტორს სრულად არ გააქრობს.

პირობა, რომ კანონი არ გამკაცრდება, „ქართულ ოცნებას“ არც დაუდია.

და რომც დადოს, დაპირებების შესრულებაში „ოცნების“ გამოცდილება იმედისმომცემი არ არის.

„აგენტების კანონის“ დაბრუნება საკუთარი პოლიტიკური განაცხადის გადათქმის ნათელი მაგალითია.

და ბოლო წლებში მმართველ პარტიას რამდენიმე ასეთი დიდი შემთხვევა დაუგროვდა. მათ შორის:

  1. „ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი“ - თქვეს, რომ არ განიხილება, - და თავად თქვეს, რომ სამართლებრივი მოსაზრებებით მიუღებელია, - ახლა კი მაინც აპირებენ;
  2. ქალთა კვოტირება: თავად შემოიტანეს და ახლა, მაჟორიტარების გაქრობის დროს, კვლავ გააუქმეს;
  3. პროპორციული არჩევნები - ორჯერ დაარღვიეს პირობა;
  4. „შარლ მიშელის შეთანხმება“ - აქედანაც გავიდნენ.

ასეთი კანონი თვითონ ამერიკაში რომ აქვთ?!

არა. არ არის ასე.

ამერიკაში ის კანონი, რაზეც „ოცნება“ მიუთითებს ხოლმე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) - 1938 წელს მიიღეს ნაცისტური გერმანიის ინტერესების წინააღმდეგ. და ის დღემდე ძირითადად ლობისტურ კომპანიებს ეხება.

ამ კანონის თანახმად, უცხოელი აგენტია ის იურიდიული ან ფიზიკური პირი, ვინც უცხო სახელმწიფოების, ან ამ სახელმწიფოების წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით, კონტროლითა და მითითებით და მათი ინტერესებისთვის მოქმედებს.

მაგალითად საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, სახელმწიფო ორგანოებს - იქნება ეს უშიშროების საბჭო თუ საქართველოს საელჩო აშშ-ში, ან პოლიტიკურ ფიგურებს, ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, წლების განმავლობაში ყავდათ ან ყავთ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, რომლებიც მათი ინტერესების დასაცავად მოქმედებენ. ერთ-ერთი ტიპური ჩანაწერი FARA-ში რეგისტრაციისას საქართველოსთან დაკავშირებით ასეთია - „რეგისტრანტი [საკონსულტაციო/ლობისტური კომპანია რ.თ] დაქირავებულია უცხოელი კლიენტის მიერ, რომელსაც ის უწევს კონსულტაციებს და მას წარმოადგენს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გასაძლიერებლად. ამ მიზნით რეგისტრანტის ამოცანაა იურიდიული ანალიზი, კონსულტაციები და სტრატეგიის შემუშავება უცხოელი კლიენტისთვის“.

მაგალითად საქართველოს საელჩოს მიერ დაქირავებული Chartwell Strategy Group-ის მიერ ატვირთული დოკუმენტით - ხელშეკრულებით, რომელიც 2024 წლის იანვარში გაგრძელდა, სახელმწიფო და დაინტერესებული მოქალაქე იგებს, რომ ლობისტური კომპანია მომსახურებაში საქართველოს ბიუჯეტიდან თვეში 40 000 დოლარს იღებს და საელჩოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და ვაჭრობის გაფართოების, ინვესტიციების მოზიდვის, ასევე საზოგადოოებრივი აზრის შემქნელებთან ურთიერთობობაში ეხმარება.

იყო უკიდურესი შემთხვევები, როდესაც FARA შეეხო შტატებისთვის მტრული სახელმწიფოების მთავრობის კუთვნილ მედიასაშუალებებს - RT-ს, „სპუტნიკს“ და ჩინეთის CGTN-ს.

ესეც იმიტომ, რომ RT, „სპუტნიკი“ და CGTN-ი უშუალოდ შეერთებული შტატებისადმი მტრულ სახელმწიფოთა მთავრობების მიერ პირდაპირ ფინანსდებიან და კონტროლდებიან.

FARA არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას ავტომატურად არ იღებს მიზანში ვინმესგან დაფინანსების მიღების გამო.

და სუბიექტების ვალდებულებაც მხოლოდ დეკლარირებაა - როდესაც RT-ს შეეხო, ტელეარხი იძულებული გახდა, დარეგისტრირებულიყო, როგორც უცხოეთის აგენტი - საქმიანობა არ შეუჩერებია. RT-მ აშშ-ში მაუწყებლობა 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავად შეაჩერა.

ევროპაში ხომ მაინც აქვთ?!

არა.

ყველა ის მაგალითი, რასაც „ქართული ოცნების“ მომხრეები ასახელებენ, სრულიად სხვა შინაარსისაა.

ერთ-ერთი ბოლო არგუმენტი საფრანგეთს შეეხებოდა.

პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ „ერთადერთი“, რითაც ფრანგული კანონი „ქართული ოცნების“ ინიციატივისგან განსხვავდება, ისაა, რომ ფრანგული უფრო მკაცრია.

მაგრამ აქაც კონტექსტია მნიშვნელოვანი.

საფრანგეთის საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც 27 მარტს მიიღო ეროვნულმა ასამბლეამ და ახლა სენატის განხილვებს ელოდება, „ოცნების“ ვარიანტისგან განსხვავებით:

  • მთავარი მხოლოდ დაფინანსება არ არის - დაკონკრეტებულია, თუ რა საქმიანობას უნდა ეწეოდეს სუბიექტი, რომლის მოქმედებათა გაკონტროლება სურს სახელმწიფოს;
  • ამ კანონის მიღებას წინ უძღოდა საფრანგეთის სახელმწიფო უწყებების ორი ანგარიში, სადაც საგარეო ჩარევის რისკებზე ცალ-ცალკე ქვეთავები ეთმობა რუსეთს, ჩინეთს, ირანსა და თურქეთს - და სწორედ ისინია საფრთხის წყაროდ დასახელებული.

ერთი ანგარიში ეროვნული ასამბლეის საგამოძიებო კომიტეტის ავტორობითაა მომზადებული და 2023 წლის ივნისით თარიღდება, მეორე კი დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციას ეკუთვნის და 2023 წლის ნოემბრით თარიღდება.

მოკლედ: რეაქციები

თუ ვერც ეს არგუმენტები გარწმუნებთ ინიციატივის პრობლემურობაში, თვალი გადავავლოთ ამონარიდებს საქართველოს პარტნიორებისა და მისი მოწინააღმდეგის, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირების განცხადებებიდან.

აშშ: ელჩი რობინ დანიგანი - „კანონმდებლობა გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან“;

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტი: „მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა“.

ევროკავშირი: კანონის ხელახალი ინიციირება „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“; სამოქალაქო საზოგადოების და მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნას „გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“;

ნატო: გენერალური მდივანი სტოლტენბერგი - „ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას“;

გაერო: „ღრმა შეშფოთება“ - „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიწვიოს კანონპროექტი“;

დიდი ბრიტანეთი: „შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“.

გერმანია: კანცლერი ოლაფ შოლცი - „ევროკავშირს არ აქვს მსგავსი რეგულაცია… უნგრეთში იყო რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ გააუქმა“.

ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები: „თავისი შინაარსით, კანონპროექტი წარმოადგენს რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ კანონის ზუსტ ასლს“; ის „სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს“.

რუსეთი: კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი - „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა… აქ საჭიროა უბრალოდ უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG