Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“


ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 2022 წლის 27 ოქტომბერი
ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 2022 წლის 27 ოქტომბერი

საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოეთიდან დაფინანსების გამჭვირვალობის“ შესახებ, რაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ჯგუფების სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად, უნგრეთისთვისაც ნაცნობია.

„ეს კანონპროექტები, როგორც ჩანს, ეფუძნება მსგავს, რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას, და არა ამერიკულს“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კანონპროექტზე „უცხოეთის აგენტების შესახებ“.

„რადიო თავისუფლება“ იხსენებს, როგორ მიიღეს ცენტრალურ ევროპაში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა „ანტიდემოკრატიულად“ შეაფასეს, როგორ აუარა გვერდი ვლადიმირ პუტინის ევროპელი მოკავშირის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციებს და რა მოხდა შემდეგ.

უნგრული კანონი „უცხოურ დაფინანსებაზე“

არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ლათინური დასახელებით, Lex NGO-ს სახელით იცნობს, ბუდაპეშტმა 2017 წელს მიიღო.

ცვლილებმა დაავალდებულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების სახით 7,2 მილიონ ფორინტზე, ესე იგი, დაახლოებით 27 ათას ამერიკულ დოლარზე მეტს იღებდნენ უცხოეთიდან, ყოველწლიურად გაევლოთ დამატებითი რეგისტრაცია სახელმწიფო უწყებებში და მიეთითებინათ, რომ „უცხოეთიდან დაფინანსებულები“ იყვნენ.

ავტორების თქმით, ეს კანონი ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას და, ამასთან, იქნებოდა ეფექტური მექანიზმი ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

დემონსტრაცია უნგრეთში საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. 2017 წლის აპრილი
დემონსტრაცია უნგრეთში საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. 2017 წლის აპრილი

არასამთავრობოებს გამჭვირვალობას უნგრეთში მანამდე მოქმედი კანონმდებლობაც ავალდებულებდა - მათ ყოველწლიურად უწევდათ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში დეტალიზებული ფინანსური ანგარიშების წარდგენა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხებს კი ცალკე აწესრიგებს უნგრული კანონმდებლობა.

ამრიგად, უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის ცხადი იყო, რომ ცვლილებების შემოღების სამიზნე ძირითადად იყო ამერიკელი მილიარდერი, ლიბერალიზმის ქომაგი ჯორჯ სოროსი, რომელიც ვიქტორ ორბანს მკაცრად აკრიტიკებდა. ცვლილებები ორბანთან აფილირებულ ორგანიზაციებს შეეხო.

სიტყვა „აგენტი“ უნგრეთის კანონმდებლობის დასახელებაში მითითებული არ ყოფილა, თუმცა პოლიტიკოსები ხშირად იყენებდნენ. ამასთან, „უცხოეთიდან დაფინანსება“, ორბანის მთავრობის მზარდი ნაციონალიზმის ფონზე, სიტყვა „აგენტის“ გარეშეც, უარყოფითად იქნებოდა განხილული და მასტიგმატიზებელი ეფექტი ექნებოდა.

ორბანის მმართველობა

„ფრიდომ ჰაუსის“ 2022 წლის ანგარიშის, "ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, თანახმად, უნგრეთის დემოკრატიის ხარისხი, 100-ბალიან სკალაზე 45 ქულას შეადგენს. ეს ქულა მას განაწესებს „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიგებში, - „დემოკრატიულსა“ და „ავტოკრატიულს“ შორის.

ვიქტორ ორბანი 2010 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი. 2010 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისმა ნაციონალისტურმა პარტია „ფიდესმა“ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რითაც ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახერხა და მოიპოვა გავლენა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, მათ შორის სასამართლოზე. ორბანი და მისი პარტიის წევრები ხშირად უწოდებენ საკუთარი მმართველობის მოდელს ქრისტიანულ, არალიბერალურ დემოკრატიას.

უნრეთის პრეზიდენტი ევროპარლამენტში. 2018 წლის 11 სექტემბერი
უნრეთის პრეზიდენტი ევროპარლამენტში. 2018 წლის 11 სექტემბერი

ორბანის მთავრობას მმართველობის 13-წლიან პერიოდში მიღებული აქვს მკაცრი პოლიტიკა უმცირესობებისა და ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის იმიგრანტებისა და ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, „ფიდესის“ მმართველობისას მიღებული ცვლილებები არღვევს ოპოზიციური ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, უნივერსიტეტებისა და სხვა დაწესებულებების უფლებებს, რომლებიც მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულები არიან, ან რომელთა შეხედულებებიც მმართველ პარტიას- „ფიდესს“ არ მოსწონს.

რა თქვა ვენეციის კომისიამ?

კანონის მიღებამდე ორიოდე კვირით ადრე ვენეციის კომისიამ, - ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ორგანომ, - უნგრეთის კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა და მიუთითა, რომ იგი უწესებდა „ზრვარგადასულ ვალდებულებებს“ არასამთავრობო ჯგუფებს და „არაპროპორციულ სანქციებს“ აკისრებდა მათ.

კომისიის განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა იმ ჩანაწერმა, რომელიც ორგანიზაციებს, - მათ შორის მედიასაშუალებებს, - ავალდებულებდა, ყოველ პუბლიკაციასა თუ სხვანაირი სახის მედიაპროდუქტში მიეთითებინა, რომ იგი „უცხოური დაფინანსებით“ იყო მომზადებული. ამ ჩანაწერის მიუთითებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციებსა და მედიებს დახურვა ემუქრებოდათ.

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია

ვენეციის კომისიამ ყურადღება გაამახვილა კონტექსტზე და მიუთითა, რომ:

  • წლების განმავლობაში უნგრელი პოლიტიკოსები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას წარმოაჩენდნენ, როგორც საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის;
  • ცვლილებები მიღებულ იქნა მმართველი კოალიციის წევრების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად“ სისტემურად მოხსენიების ფონზე, რაც მათი კეთილსინდისიერებაში საზოგადოების ეჭვის შეტანას ემსახურებოდა.

რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, 2017 წლის 8 ივნისს „ფიდესმა“ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა, რათა, როგორც აცხადებდნენ, ვენეციის კომისიის შენიშვნები აესახა.

თუმცა ასახული ცვლილებები, Human Rights Watch-ის შეფასებით, იყო „ზედაპირული და არ ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის მთავარ შენიშვნებს“.

მაგალითად, ცვლილებების მიუხედავად, კვლავ რჩებოდა უცხოურ დაფინანსებაზე „დისქლეიმერის“ განთავსების ვალდებულება - კანონი კვლავ დახურვით ემუქრებოდა ორგანიზაციებს, რომლებიც ასე არ მოიქცეოდნენ.

პარლამენტმა კანონი 2017 წლის 13 ივნისს მიიღო. პასუხად ევროკომისიამ კანონპროექტი გაასაჩივრა ევროკავშირის უმაღლეს ინსტანციაში - მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში (CJEU).

დემონსტრაცია CEU-ს დახურვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში. 2017 წლის 9 აპრილი. ბანერზე ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი არიან გამოსახულნი
დემონსტრაცია CEU-ს დახურვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში. 2017 წლის 9 აპრილი. ბანერზე ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი არიან გამოსახულნი

Lex NGO ნაწილი იყო იმ კამპანიისა, რომელიც ჯორჯ სოროსისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად, 2017 წელსვე, ვიქტორ ორბანის გუნდმა მოამზადა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რამაც სოროსის დაფინანსებით მოქმედი უნივერსიტეტი, „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“, რომელსაც ორბანი საძულველ „ლიბერალიზმის ბასტიონად“ მიიჩნევდა, ქვეყნიდან გააძევა.

CEU სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ სივრცედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. იქ არაერთი ქართველი სტუდენტიც სწავლობდა. 2017 წელს ორბანის თბილისში ვიზიტისას საპროტესტო აქცია გაიმართა უნივერსიტეტის დახურვის წინააღმდეგ - სადაც ორბანის მომხრე ქართველი ნაციონალისტებიც მივიდნენ კონტრაქციით.
CEU სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ სივრცედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. იქ არაერთი ქართველი სტუდენტიც სწავლობდა. 2017 წელს ორბანის თბილისში ვიზიტისას საპროტესტო აქცია გაიმართა უნივერსიტეტის დახურვის წინააღმდეგ - სადაც ორბანის მომხრე ქართველი ნაციონალისტებიც მივიდნენ კონტრაქციით.

სასამართლოს გადაწყვეტილება და ცვლილებები

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 18 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ შეზღუდვები არასამთავრობოების უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ „ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონმდებლობას“.

სასამართლომ უარყო უნგრეთის არგუმენტები მეტი გამჭვირვალობის შესახებ და დაადგინა, რომ შეზღუდვები ეხება განურჩევლად ყველას და არა მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც „არსებითი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ დისკურსზე“. სასამართლოს თანახმადვე, კანონი არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს.

უნგრეთის მთავრობამ, ევროკავშირის მიერ პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების შესაძლო ამოქმედებაზე მინიშნების ფონზე, განაცხადა, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებოდა და კანონმდებლობას წესრიგში მოიყვანდა. თუმცა მხოლოდ 9 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში წარადგინა ცვლილებები, რომლითაც მოქმედი კანონმდებლობა უნდა განახლებულიყო. ცვლილებები ძალაში იმავე წლის ივლისიდან შევიდა.

ულტრამემარჯვენეების აქცია ევროკავშირის წინააღმდეგ ბუდაპეშტში. 2012 წელი
ულტრამემარჯვენეების აქცია ევროკავშირის წინააღმდეგ ბუდაპეშტში. 2012 წელი

როგორც Human Rights Watch-ი აფასებს, ეს მაინც „არ ყოფილა წინ გადადგმული ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებაში რეალური ცვლილებებისაკენ“.

ახალი კანონით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაევალა შემოწმება არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც 55 000 ევროზე მეტს იღებდნენ. ცვლილებებმა ასეთი პრაქტიკისგან დაიცვა მხოლოდ სპორტული, რელიგიური და ეთნიკურ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. Amnesty International-ის შეფასებით, ახალი უფლებამოსილება აუდიტის სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, შერჩევითად მიუდგეს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას.

ბოლო, 2022 წლის ანგარიშში „ფრიდომ ჰაუსი“ წერს, რომ უნგრეთის მთავრობა აგრძელებს არასამთავრობოების დისკრედიტაციას მათთვის „უცხოეთის აგენტებისა“ თუ „სოროსის აგენტების“ წოდებით.

„ტროას ცხენი“ ევროპაში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, უნგრეთი, 2017 წელს კანონის მიღებით, „რუსეთის გზას დაადგა“:

  • HRW-მა მაშინ განაცხადა, რომ „კანონპროექტი ჰგავს რუსეთის პრობლემურ კანონს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ“.
  • Amnesty-მ განაცხადა, რომ უნგრეთის კანონი „მოგვაგონებს რუსეთის დრაკონულ კანონს „უცხოეთის აგენტებზე“.

პოლიტიკის ანალიტიკოსებისთვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა, - უნგრეთი, ორბანის მმართველობის წლების განმავლობაში მიიჩნეოდა რუსეთის „ტროას ცხენად“ ევროკავშირსა და ნატოში.

უნგრეთის ისტორია, მათ შორის უახლესი ისტორია, ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, უაღრესად ჩახლართულია. II მსოფლიო ომში იგი ჩაერთო, როგორც ფაშისტური ალიანსის, „ღერძის სახელმწიფოთა“ მოკავშირე, ომის დასასრულს კი მისი ტერიტორიები საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ცივი ომის დასრულებამდე, უნგრეთი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ბლოკს წარმოადგენდა. საბჭოთა ჯარებმა სისხლით ჩაახშეს 1956 წლის ეროვნულ-გამათავისუფლებელი სახალხო აჯანყება. 1990 წელს, საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. 1999 წელს უნგრეთი ნატოს შეუერთდა, 2004 წელს კი - ევროკავშირს.

2010 წლიდან, ორბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. აშშ-ის „უილსონის ცენტრის“ თანახმად, 2010-იან წლებში ორბანი ყველა სხვა ევროპელ ლიდერზე გაცილებით ხშირად ხვდებოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, - მისი „აღმოსავლეთისადმი გახსნილობის“ პოლიტიკის ფონზე.

ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ ორბანი ხვდებიან ერთმანეთს. 2019 წლის 30 ოქტომბერი
ვლადიმერ პუტინი და ვიქტორ ორბანი ხვდებიან ერთმანეთს. 2019 წლის 30 ოქტომბერი

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ორბანი, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. უნგრეთი ძლიერად არის დამოკიდებული რუსულ ენერგეტიკაზე. რუსეთი უნგრეთის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.

ორბანს საკამათო პოზიცია აქვს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასა და აგრესიაზე - აცხადებს, რომ ევროკავშირმა ვითარება გააურესა რუსეთის სანქცირებითა და უკრაინისათვის იარაღის მიწოდებით. „როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, დასავლეთმა კონფლიქტისგან თავის შორს დაჭერის ნაცვლად, იგი პან-ევროპულ დონეზე აიყვანა“, - თქვა ორბანმა 2023 წლის თებერვალში. მისი განცხადებითვე, „უნგრეთის მთავრობა არ მიიჩნევს, რომ რუსეთი უნგრეთის ან ევროპის უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს“.

არსებობს გარკვეული მსგავსებები ორი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ რეალობებს შორისაც. როგორც ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია, „უილსონის ცენტრი“ წერს:

  • „პუტინის მსგავსად, ორბანმაც ჩამოშალა უნგრეთში კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რაც მის ძალაუფლებას ზღუდავდა, და ჩაანაცვლა არაერთი დამოუკიდებელი თანამდებობის პირი თავისი ერთგული მოკავშირეებით;
  • ერთგული ოლიგარქების წყალობით, ორბანი აკონტროლებს უნგრეთის მედიასცენის დიდ სეგმენტებს;
  • მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში ამუშავებს „პოლიტიკური ტროლინგის“ კოორდინირებულ სისტემას, რაც რუსეთის „ტროლების ქარხნების“ მსგავსია;
  • ეს ყველაფერი ამახინჯებს საარჩევნო გარემოს - უნგრეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნები აღარ მიიჩნევა სამართლიანად“.

უნგრეთი-საქართველო

საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შემდეგ, უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობები გარღმავდა. საქართველოს პოლიტიკის „ეროვნული ინტერესების დაცვით“ შენიღბული პოპულისტური ნაციონალიზმისკენ გადახრის ფონზე, იზრდება მათ შორის მსგავსებაც.

2022 წლის შემოდგომაზე საქართველოს, უნგრეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ფონზე, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი პროექტი გამოიკვეთა. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 17 დეკემბერს მოაწერეს.

ამ შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, - აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავი ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.

საერთო ინტერესების ფონზე შესამჩნევია მსგავსება შიდა თუ საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი დამოკიდებულებაზეც. საქართველოს მმართველი გუნდის წევრებმა სწორედ უნგრეთის კვალდაკვალ დაიწყეს ქვეყნის „ომში ჩათრევის მცდელობების“ შესახებ შეთქმულების თეორიების გავრცელება. ორბანის პირველი კომენტარი უკრაინის ომზე ასეთი იყო: მთავარია, უნგრეთის ომში ჩართვა არ დავუშვათ. „ეს არ უნდა მოხდეს“. 2022 წლის 3 აპრილის არჩევნებში მის მოულოდნელ გამარჯვებას სწორედ ამ კამპანიას უკავშირებენ.

უკრაინაში ომის ინტერპრეტაციისათვის ბრძოლამ „ფიდეშის“ მედიაიმპერიის ძალა გამოავლინა. ორბანმა ნარატივთა დაპირისპირებაში გაიმარჯვა. თავი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩინა, ოპოზიციას კი უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობაში დასდო ბრალი“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ ანდრას ბირო-ნაგი, უნგრული კვლევითი ინსტიტუტის, Policy Solutions, ანალიტიკოსი.

უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც გააკრიტიკა ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის პირობების დაწესების შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ 2022 წლის ოქტომბერში თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის დაწესებული კრიტერიუმები „ჰაერიდანაა მოტანილი“, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, - რისკენაც ევროკავშირი წლებია საქართველოს მოუწოდებს, - კი „კომუნისტურ ერთპარტიულობას“ შეადარა.

პოლონური მედიის ცნობით, უნგრეთი 2023 წლის თებერვალში ბლოკავდა ინიციატივას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო ევროკავშირს დიპლომატიური პროტესტი უნდა გამოეხატა საქართველოს ხელისუფლებისთვის. „უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც არის ძალიან მისასალმებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 16 თებერვალს.

საბოლოოდ, დემარში მაინც შედგა - 27 თებერვალს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის უნგრეთის სახელით, ოფიციალურ პოზიცია წარუდგინა.

"არასწორი გზავნილი არასწორ დროს" - ქართული კანონი "აგენტებზე"

2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, „უცხოური გავლენის აგენტად“ დაარეგისტრირებს. საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს მოუწოდეს, არ მიიღოს ეს კანონი.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება წინააღმდეგობაში მოვა საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციასთან და ევროკავშირის ღირებულებებთან და ნორმებთან. "ეს არის არასწორი გზავნილი არასწორ დროს"- უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კანონპროექტი გააკრიტიკა გაერომაც და განაცხადა, რომ „მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში“.

XS
SM
MD
LG