Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი ამბობს, რომ საქართველო დათანხმდა კორუფციაზე ანგარიშის გასაჯაროებას


საქართველო უარს აცხადებს GRECO-ს მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე
საქართველო უარს აცხადებს GRECO-ს მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე

ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უარს აცხადებს ჯგუფის მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ გასაჯაროებაზე თანხმობა გაცემულია - „დღეების ამბავია“.

GRECO 1999 წელს ევროპის საბჭოს (იგივე ევროსაბჭოს) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ამოწმებს, რამდენად ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებს.

2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცეს. შეფასებისათვის GRECO-ს დელეგაცია 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა საქართველოში.

ორგანიზაციის ვებსაიტის თანახმად, ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. მათ შორის:

  • ეთიკის პრინციპები,
  • ინტერესთა კონფლიქტი,
  • ცალკეულ აქტივობათა აკრძალვა,
  • ქონების, შემოსავლების, ვალდებულებებისა და ინტერესთა დეკლარარიება.

„ანგარიში კონფიდენციალურია“, - მითითებულია GRECO-ს ვებსაიტზე.

ორგანიზაციის საიტზე მითითებული განმარტების თანახმად, შეფასების ანგარიში საჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.

2024 წლის აპრილში არაერთი ქვეყნის ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდა, მათ შორის საქართველოს მეზობელი სომხეთის შესახებ.

ინფორმაცია საქართველოზე GRECO-ს ანგარიშის დაფარვაზე პირველად ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გაავრცელა 26 აპრილს.

„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე“, - აცხადებს TI.

ორგანიზაციის ცნობით,

  • შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
  • GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა [ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა].
  • GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც განაცხადეს, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ და თქვეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას გაავრცელებენ.

განახლება: მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება, დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, ეს ანგარიში იქნება გამოქვეყნებული“.

მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როდის განაცხადა საქართველომ თანხმობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა“.

„გამჭვირვალობა“ იხსენებს, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად განუცხადა უარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე, - როდესაც ქვეყანას OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია მოუწოდებს.

გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოების თანახმად, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.

„მოვუწოდებთ, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

შენიშვნა: სტატია განახლდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განმარტების შემდეგ.

XS
SM
MD
LG