Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა - NGO


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს თანამშრომლობა "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" ანტიკორუფციულ ქსელთან (OECD/ACN).

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების თანახმად, საქართველოს მთავრობამ 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.

განცხადების ავტორების თანახმად, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით: უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან“.

მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.

არასამთავრო ორგანიზაციების თანახმად, შეფასება და რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნებოდა ანტიკორუფციული გარემოს შეფასებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის, ასევე „ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან სწორედ ამ უწყებამ უნდა შეიმუშავოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც ქვეყანას 3 წელია არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" (TI Georgia,) "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI), "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC), "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA).

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა. მისი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, კონკურსის გზით შეარჩიეს, საბოლოოდ კი პრემიერ-მინისტრმა დანიშნა.

“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია” 60-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობებთან მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებაზე და სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაწყვეტის ძიებაზე.

რადიო თავისუფლება საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა განმარტებისთვის, პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.

XS
SM
MD
LG