Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილი“ - რუსულმა დაზვერვამ გერმანიის ხელისუფლება გააბითურა


ოლაფ შოლცი სტუმრად მოსკოვში, "უცნობი ჯარისკაცის" საფლავთან. უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. 2022 წლის 15 თებერვალი.
ოლაფ შოლცი სტუმრად მოსკოვში, "უცნობი ჯარისკაცის" საფლავთან. უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. 2022 წლის 15 თებერვალი.

გერმანია დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია. კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ბერლინში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ გერმანია თავს ვერ იცავს რუსული დაზვერვისგან.

თვეებია, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ აძლევს უკრაინას Taurus-ის ტიპის რაკეტებს, რომელიც კიევს ძალიან სჭირდება.

თავს ორი მიზეზით იმართლებს: Taurus-ი დაახლოებით 500 კილომეტრზე დაფრინავს, ამიტომ უკრაინამ “შემთხვევით” შეიძლება გაარტყას რუსეთის ტერიტორიას. თანაც რაკეტები უნდა გაატანოს გერმანელ ინსტრუქტორებს, რომლებმაც უნდა ასწავლონ უკრაინელებს მათი გამოყენება.

პირველმაც და მეორემაც გერმანია შეიძლება რუსეთთან ომში ჩაითრიოს, ამბობს ოლაფ შოლცი.

რუსეთთან ომს გერმანია, ჯერჯერობით, გადაურჩა. აი, დიპლომატიურ სკანდალს კი - ვერა. სკანდალის შედეგად, შარში გაეხვია გერმანიაც და მისი მოკავშირეებიც.

გაჟონილი ჩანაწერი

1 მარტს, კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერი. მასში გერმანიის საჰაერო ძალების, ლუფტვაფეს ოფიცრები დაწვრილებით განიხილავენ, თუ როგორ მიაწვდიან უკრაინას Taurus-ს და, რომ (სავარაუდოდ, ანექსირებული ყირიმის) “ხიდის” აფეთქებას 20-ზე მეტი ასეთი რაკეტა დასჭირდება.

ეს ხიდი ერთადერთი სახმელეთო კავშირია რუსეთსა და ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულს შორის.

19 თებერვლის ჩანაწერის თანახმად, გერმანიის საჰაერო ძალების მეთაურს, იგო ჰერგარცს და კიდევ სამ მაღალი რანგის ოფიცერს ვერ გაუგიათ, თუ რატომ ითრევს ფეხს მათი კანცლერი.

ოფიცრების თქმით, შეუძლიათ, უკრაინელებს Taurus-ების მართვა დისტანციურადაც ასწავლონ. თანაც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას ეს რაკეტები დიდი ხნის წინ მიაწოდეს, მაგრამ მოსკოვი ჯერ არავის დაუბომბავს.

ერთმა ოფიცერმა ისიც დაამატა, რომ ბრიტანეთს უკრაინაში საკუთარი ჯარისკაცები ჰყავს, უკრაინის გენშტაბს კი ხშირად სტუმრობენ “ამერიკული აქცენტით მოსაუბრე” ადამიანებიც.

გერმანიამ ჩანაწერის გაჟონვა უკვე დაადასტურა.

პუტინმა მიზანს მიაღწია?

კრემლის მიერ ჩანაწერის გამოქვეყნება ვლადიმირ პუტინის “საინფორმაციო ომის” ნაწილია, თქვა 3 მარტს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

მას სურს უკრაინის მოკავშირეების “სიმტკიცის გარღვევა” და ჩვენი დანაწევრება, დაამატა მინისტრმა.

თუ პუტინის მიზანი მართლა უთანხმოების შემოტანა იყო, მაშინ, გერმანული და ბრიტანული მედიის თანახმად, ეს გამოუვიდა.

"დოიჩე ველეს“ რუსული სამსახური წერს, რომ გერმანია დასავლელი მოკავშირეების თვალში კიდევ უფრო არასანდო გახდება. გერმანიაში უკვე ასამართლებენ საგარეო დაზვერვის ერთ თანამშრომელს, რომელსაც რუსეთისთვის ჯაშუშობაში ედავებიან.

ახლა კი აღმოჩნდა, რომ კრემლს გერმანელების კომუნიკაციაში შეღწევა შეუძლია. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ლუფტვაფე საკომუნიკაციოდ იყენებდა პროგრამა WebEX-ს, რომელშიც კავშირი სათანადოდ დაცული არ არის.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ტობიას ელვუდის თქმით, საუბრის გაჟონვა “ბერლინის სირცხვილია”.

“გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და ნატომ სერიოზულად უნდა იმსჯელონ დიპლომატიურ წრეებში იმაზე, თუ რატომ წარმოიქმნა ეს სიტუაცია”, - უთხრა მან ბიბისის.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაადასტურა, რომ უკრაინაში “მცირე პერსონალი” მართლაც ჰყავთ. მათი მიზანი კი ადგილზე დიპლომატების უსაფრთხოების დაცვა და უკრაინული ჯარების მხარდაჭერაა.

დეტალებს ლონდონი არ შეხებია, თუმცაღა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ისევ მოუწოდა ბერლინს, გადასცეს უკრაინას Taurus-ები.

რაკეტების მიწოდების მოთხოვნა უფრო ხმამაღლა გაისმა გერმანიის შიგნითაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მიმართა საკუთარ ხელისუფლებას, “ინტენსიურად განიხილოს” ეს საკითხი.

შოლცი კვლავ უარზეა. "კანცლერი ვარ და ასე იქნება", - თქვა მან 4 მარტს.

“დოიჩე ველე” ვარაუდობს, რომ შესაძლოა, რუსეთის შიშის გარდა, მისი ყოყმანის მიზეზი უბრალოდ უკრაინის უნდობლობა იყოს.

საჩუქარი პროპაგანდას

ბევრი გამოცემა აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, დაზვერვები მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებას ერიდებიან და ურჩევნიათ, მონაცემების შეგროვება გააგრძელონ ხოლმე.

კრემლის ნაბიჯი ნიშნავს, რომ მყისიერი სარგებელი მისთვის წყაროს დაკარგვაზე მეტია. შეიძლება იმიტომ, რომ ისტორია გერმანელ ოფიცრებზე, რომლებიც ყირიმზე თავდასხმას განიხილავენ, კრემლს შიდა მოხმარებისთვისაც გამოადგება.

პირველი: ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებისა და მასთან დასამშვიდობებლად გამოსული ათასობით ადამიანის გადასაფარად.

და მეორე: კრემლი დიდი ხანია წარმოაჩენს უკრაინაში თავდასხმას კოლექტიურ დასავლეთთან ომად. ახლა კი თავისუფლად შეუძლია, თითზე დაიხვიოს ლუფტვაფეს ოფიცრების საუბარი.

ბოლო დღეებია, ასეც იქცევა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩართულები არიან უკრაინის ომში.

ნათელია, რომ გერმანია “განიხილავს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ დაარტყას რუსეთის ტერიტორიას”, - თქვა პესკოვმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კი დაწერა, რომ “გერმანია რუსეთთან ომისთვის ემზადება”.

გერმანიამ უკვე თქვა, რომ საგულდაგულოდ გამოიძიებს საუბრის გაჟონვას. თუმცა გერმანელები შიშობენ, რომ დიდი შანსია, კრემლს მათი მაღალჩინოსნების სხვა საუბრებიც ჰქონდეს გადანახული.

XS
SM
MD
LG