Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკის რეაქცია ალეკო ელისაშვილის მუშტზე პარლამენტში


ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებთან "სელფებს" იღებს
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებთან "სელფებს" იღებს

პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელების მთავარი თემა გახდა - მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ წარდგენისას შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ელისაშვილთან „სელფების“ გადაღების ათობით მსურველი გამოჩნდა.

ამ ფოტოზე სწორედ მუშტის დარტყმის სცენა მოჩანს
ამ ფოტოზე სწორედ მუშტის დარტყმის სცენა მოჩანს

ამ ამბის შემდეგ, ქართულ სოციალურ ქსელში ელისაშვილზე წერენ და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.

ამ ფოტოზე ელისაშვილი მდინარაძეს მუშტს უღერებს
ამ ფოტოზე ელისაშვილი მდინარაძეს მუშტს უღერებს

„მიხვდებით ხალხი რასაც უყურებს“, - დაწერა ფეისბუკზე თათო ღვინიანიძემ და თან დაურთო ფოტოები, რომლებშიც პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ტელეფონის ეკრანს ჩაჰყურებენ.

მათი ემოციებით ადვილი მისახვედრია, თუ რა სცენას ადევნებენ ისინი თვალს.

ხალხი პარლამენტის წინ უყურებს ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის მუშტის მოქნევის ვიდეოს
ხალხი პარლამენტის წინ უყურებს ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის მუშტის მოქნევის ვიდეოს

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

ტრიბუნასთან მდგარ მამუკა მდინარაძესთან ალეკო ელისაშვილი უცებ მიიჭრა და მუშტი დაარტყა:

„ამოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში, იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე“, - ასე გაიხსენა მომხდარი მოგვიანებით „მოქალაქეების“ ლიდერმა, - „რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწვანეაო... ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები“, - თქვა მან.

ამ წუთების ამსახველ ვიდეოში ისიც ჩანს, მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის შემდეგ, როგორ ურტყამს რამდენიმე ადამიანი ელისაშვილს, მათ შორის, არიან ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტურძელაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, შოთა ხაბარელი.

ეს არის კადრები სადაც ჩანს ორივე - დეპუტატ ელისაშვილის ცემა და რამდენიმე წამით ადრე მისი თავდასხმა დეპუტატ მდინარაძეზე.

მას შემდეგ, რაც ელისაშვილი პარლამენტის შენობიდან გამოვიდა, ჟურნალისტის შეკითხვას, ელოდება თუ არა, რომ საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, უპასუხა:

„რაც უნდა ის ქნან, თუ შემიშვებენ, კიდევ შევალ და ვიჩხუბებ. გინდა დამიჭირონ, გინდა სული ამომხადონ... აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ...“, - დეპუტატმა მასზე თავდასხმის შესახებაც ილაპარაკა: „გავილახე, მაგრამ საქართველოსთვის გავილახო...“ ის აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

პარლამენტიდან გამოსულ ელისაშვილს მოქალაქეები შეძახილებით შეხვდნენ.

„ჩემი ჯეკი ჩანი“, - ამ წარწერით აქვეყნებს ალეკო ელისაშვილთან გადაღებულ „სელფს“ ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი.

ასეთი სელფი ალეკო ელისაშვილთან დღეს ათობით ადამიანმა გადაიღო
ასეთი სელფი ალეკო ელისაშვილთან დღეს ათობით ადამიანმა გადაიღო

„სელფებს“ მომხდარის იუმორისტული კოლაჟებიც მოჰყვა.

ამ ფოტოკოლაჟში ალეკო ელისაშვილი UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას როლშია გამოყვანილი
ამ ფოტოკოლაჟში ალეკო ელისაშვილი UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას როლშია გამოყვანილი

ეს კი ნაწილია იმ გამოხმაურებებისა, რაც ალეკო ელისაშვილს მიეძღვნა:

„გამარჯვების პენალტი დაარტყა, ფაქტობრივად!“;

„ალიკური“;

„ამ Პარლამენტში ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მომხდარა“;

„ერთი დიდოსტატის მარჯვენა ვიცოდი და ახლა ელისაშვილის“;

„საბურთალოზე გავიგეთ ხმა! 1 დარტყმით შეყვარების გჯერათ?“

„მუჰამედ ალი ჩასახლდა ალეკოში“;

„როცა ამდენ ადამიანს შენი გალახვა ახარებს, ვერ ყოფილხარ მთლად კაი ტიპი და უნდა დაფიქრდე, ვაითუ მერე ქუჩაშიც აღარ გაგატარონ“.

სოციალურ ქსელში შეხვდებით საპირისპირო გამოხმაურებებსაც, ვინც ელისაშვილის ქმედებას ძალადობრივს უწოდებს ან არ იწონებს მას.

„ელისაშვილის საქციელს რომ ტაშს უკრავთ, არც თქვენთანაა კარგად საქმე“.

„ძალადობას რატომ არ გმობთ? თუ ეს არ იყო ძალადობა?“

"ელისაშვილის მოქმედება არის ჩვეულებრივი მამლაყინწა უმწიფრობა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და - რაც მთავარია - მრავალმხრივ სახიფათო და დამაზიანებელი სისულელე".

დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა განახლდა და ტრიბუნაზე მომხსენებლად კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ავიდა.

მან თქვა, რომ ალეკო ელისაშვილი „ქურდულად მიეპარა“ და, რომ ხელის დარტყმა „კაცობაში და ქართველობაში არ ზის".

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. ძალიან მძიმე სანახავი იყო. არ ვეთანხმებით მსგავს ქმედებას“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია მომხდარს.

„ისეთი რაღაც მოხდა ჩვენს თვალწინ, რომ ამის არ შემჩნევა და თითქოს არაფერი მოხდა და გავაგრძელეთ სხდომა, ჩემთვის მიუღებელია ადამიანურად. მინდა, გავემიჯნო ალეკოს საქციელს. მე არ მგონია, რომ იმ ადგილზე დგომა სახიფათო უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის და მეორე - არ მგონია, ხელისუფლებას დღეს ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ აუცილებელი ყოფილიყო ხელებით გაწევა და თითქოს სხვა არგუმენტი არ არსებობდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“, - ეს სიტყვები კი პარტია „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ეკუთვნის.

„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ კი განაცხადა, რომ უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ყველას მოხვდა და ეს მათი ღირსების საკითხია:

„მიუხედავად ამისა, მეც მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს მშვიდობიანად. თუმცა სახელიც ყველაფერს უნდა დაერქვას... როგორც იმ კანონში ნახეთ რამე რუსული, ისე ჩემს გამოსვლაშია მუქარა“, - თქვა ბექა ოდიშარიამ.

მოგვიანებით, ტელეკომპანია POSTV-მ გაავრცელა ფოტო წარწერით „სამოქალაქო აქტივისტებმა ელისაშვილის სახლთან წარწერები დატოვეს“.

სახლის ჭიშკარსა და კედელზე მიწერილ წარწერებში ელისაშვილს მოღალატეს და ქვეყნის მტერს უწოდებენ.
სახლის ჭიშკარსა და კედელზე მიწერილ წარწერებში ელისაშვილს მოღალატეს და ქვეყნის მტერს უწოდებენ.

როგორ შეიძლება, ეს საქმე გაგრძელდეს სამართლებრივად?

იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ელისაშვილს ამ ქმედების გამო ვერ დააკავებენ, თუ მას პარლამენტი დეპუტატის იმუნიტეტს არ მოუხსნის. პარლამენტის რეგლამენტით, ამისათვის საჭიროა დეპუტატთა ხმების 3/5 ანუ სულ 90 ხმა.

პარლამენტის რეგლამენტში ((მუხლი 11) ასევე წერია, რომ პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით.

მსგავს ქმედებაზე (როგორც ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის დარტყმა სახეში, ისე სხვა დეპუტატების მიერ ელისაშვილის ცემა - რ.თ.), სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლოა დაიწყოს126-ე, ძალადობის მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით. შესაძლებელია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, პარლამენტის დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დაიწყო ე.წ. აგენტების კანონის განხილვა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია და უცხოური ძალის გამტარებელთა გამოვლენას ემსახურება.

პარლამენტის შენობის გარეთ მოქალაქეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ.

რუსეთში 2012 წელს მიღებული და წლების განმავლობაში დამძიმებული მსგავსი კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დევნის საფუძველი გახდა.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით„ ჩაანაცვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG