Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სთხოვა “მეფე პუტინს” დაშავებულმა ჯარისკაცმა და რა მიიღო პასუხად?


იამალელ ალექსეი სეროტეტოს უკრაინაში ბრძოლის ველზე მიღებული კონტუზიის შემდეგ ხმამაღალი ლაპარაკის უნარი წაერთვა, მაგრამ პუტინისადმი მიმართვის მიუხედავად სამხედრო ვალდებულებისგან არ გაათავისუფლეს
იამალელ ალექსეი სეროტეტოს უკრაინაში ბრძოლის ველზე მიღებული კონტუზიის შემდეგ ხმამაღალი ლაპარაკის უნარი წაერთვა, მაგრამ პუტინისადმი მიმართვის მიუხედავად სამხედრო ვალდებულებისგან არ გაათავისუფლეს

“გამარჯობა, მსურს ახალი წელი მივულოცო ჩემს პატრონს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს. გთხოვთ, დამეხმაროთ. მე ვარ სამხედრო, რომელმაც კონტუზია მიიღო. ჩემთვის პრაქტიკულად არ უმკურნალიათ. მიყურებენ, როგორც ხალხის მტერს.“

ასე იწყებდა რუსეთის პრეზიდენტისადმი თავის წინასაახალწლო ვიდეომიმართვას 43 წლის ალექსეი სეროტეტო, იამალელი მეირმე, რომელმაც 2022 წლის აგვისტოს ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და უკრაინაში წავიდა საომრად.

მაგრამ ჯერ ბრძოლის ველზე, შემდეგ კი ჰოსპიტალში ნანახისა და განცდილის შემდეგ დაინვალიდებული და ფსიქიკურად დაავადებული მოხალისე ჯარისკაცი მწარედ ნანობს, რომ თავისივე მცდარი არჩევანის გამო აღმოჩნდა ისეთ ვითარებაში, რასაც „მტერსაც არ უსურვებს“.

სეროტეტო უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში იმყოფებოდა 20-კაციან რაზმთან ერთად, რომლიდანაც მხოლოდ ის და მისი ორი თანამებრძოლი დარჩა ცოცხალი.

ალექსეი სეროტეტო ჰოსპიტალში
ალექსეი სეროტეტო ჰოსპიტალში

"უკრაინასთან შედარებით ჩეჩნეთის ომს ომს ვერ უწოდებ"

ალექსეი სეროტეტო ტუნდრის შუაგულში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს ზამთარში უახლოეს სოფელ იარ-სალედან 120 კილომეტრში მდებარე იარ-ოტოს ტბის სანაპიროზე ედგათ ჩუმი (ტრადიციული კარავი). ადგილობრივები იხსენებდნენ, რომ აქ მეფის რუსეთის დროს სასიკვდილოდ განწირული, სურავანდით დაავადებული ადამიანები მოჰყავდათ.

იარ-ოტო, „ტირილის ტბა“, საკულტო ადგილია. აქ ნენელი მეირმეები უხსოვარი დროიდან სწირავდნენ მსხვერპლს კერპებს.

„მსხვერპლს მდიდარი ნენელები სწირავდნენ, ღარიბები ალბათ არა. იამალში კი 10 პროცენტი თუა მდიდარი“, - ამბობს სეროტეტო.

მდიდარს ის უწოდებს მეირმეს, რომელსაც ფარაში 10 ათასზე მეტი ირემი ჰყავს. სეროტეტოს ოჯახს კი მხოლოდ 120 ირემი ჰყავდა.

ალექსეი ოჯახის უფროსი შვილი იყო და ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა, ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი დედა. მოზარდი ალექსეი ოჯახის უფროსი გახდა და როგორც ერთადერთ მარჩენალს, კანონით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ეკუთვნოდა.

- "ოცი წლის რომ გავხდი, არმიაში უკანონოდ გამიწვიეს. მე ერთადერთი მარჩენალი ვიყავი, ავადმყოფ დას ვუვლიდი. კომისარიატში მითხრეს: „ტიუმენში გაგათავისუფლებენო“, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მოვხვდი“, - იხსენებს ალექსეი.

ასე მიიღო მან მონაწილეობა 2000 წლებში ჩეჩნეთის მეორე ომში, რომელსაც რუსეთის ფედერალური ხელისუფლება ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ფორმირებებთან აწარმოებდა. "უკრაინასთან შედარებით ჩეჩნეთის ომს ომს ვერ უწოდებ", - ამბობს ალექსეი, რომელიც 2022 წლის აგვისტოში მოხალისედ გაემგზავრა უკრაინაში საომრად.

ეს არჩევანი ყოფილმა მეირმემ მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო მიიღო.

„ომში წავედი, რათა ჩემი ოჯახი შიმშილით არ მომკვდარიყო“, - ამბობს ალექსეი სეროტეტო.

"ჩვენ 20 კაცი იერიშზე გაგვიშვეს, რამდენიმე საათში ხუთი კაცი დავრჩით"

ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში - რ. თ.) დაწყების შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში სეროტეტომ რუსეთის არმიასთან ერთწლიანი სამსახურის კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ ერთჯერადად მას 300 ათასი რუსული რუბლი გადაუხადეს. „მაგრამ მთელი ეს ფული აღჭურვილობასა და სამხედრო საჭიროებაზე დაიხარჯა“, - განმარტავს ალექსეი.

ალექსეი სეროტეტო თანამებრძოლთან ერთად
ალექსეი სეროტეტო თანამებრძოლთან ერთად

ნათესავები ბევრს ეცადნენ, რომ გადაეთქმევინებინათ მისთვის ომში წასვლის გადაწყვეტილება.

- "ვცადე თავიდანვე დამერწმუნებინა, რომ არ წასულიყო, შემდეგ კი ბილეთები იყიდა და თქვა, რომ მიდიოდა. ჩემი ძმები, დები და სიძე ცდილობდნენ მის დარწმუნებას. ეს სარისკოა, ინვალიდი შეიძლება დარჩე, ჯანმრთელობა დაკარგოო, - ეუბნებოდნენ. გამოდის, რომ ეს მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო", - ამბობს ანასტასია, ალექსეის ნათესავი.

მისი სოფლიდან უკრაინაში წასული 4 კაცი ოფიციალურად გამოაცხადეს დაღუპულებად, კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. თავად ალექსეი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში მან ბრძოლის ველზე კონტუზია მიიღო.


"ჩვენ 20 კაცი იერიშზე გაგვიშვეს, რამდენიმე საათში ხუთი კაცი დავრჩით. მე და ოთხი მძიმედ დაჭრილი, მათგან ორი ჰოსპიტლისკენ მიმავალ გზაში გარდაიცვალა, ერთს ნამსხვრევმა ხელი მოაგლიჯა, მეორეს - ფეხი", - იხსენებს ალექსეი სეროტეტო.

დაჭრილი ყოფილი მეირმე კი ლუგანსკის ჰოსპიტალში აღმოჩნდა. მიღებული კონტუზიისა და სტრესის ფონზე მას აფონია განუვითარდა - ხმამაღალი ლაპარაკის უნარი წაერთვა და თითქმის ჩურჩულით საუბრობს.

"ზაფხულში დამირეკა, როცა კონტუზია მიიღო. რაღაც სჭირდა თავში, ყველანაირი მოლანდება ჰქონდა", - იხსენებს ანასტასია.

მეტყველების სირთულეების გამო, სხვებს ეჩვენებოდათ, რომ ალექსეის ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. მალე კონტუზირებული იამალელი სამხედრო ვორონეჟთან ახლოს მდებარე ნეიროფსიქიატრიულ პანსიონში გაგზავნეს.

„კარგად მხოლოდ გონებაში ვსაუბრობ, მაგრამ როცა ხმამაღლა ვიწყებ საუბარს, ადამიანები ვერაფერს იგებენ, თუ რას ვამბობ. ნემსებისა და აბების შემდეგ ხმა ცოტათი დამიბრუნდა, მაგრამ ახლა როცა საუბარს ვიწყებ, მაშინვე ვბორძიკობ. ექიმები მეუბნებიან, რომ ეს სტრესების გამოა და ყველაფერი გაივლის“, - წერს სეროტეტო.

„თანმხლებ პირებთან ერთად იქიდან ის სალეხარდამდე ჩაიყვანეს. სალეხარდში მას დახვდნენ მეგობრები, შემდეგ ჩასვეს სანიტარულ თვითმფრინავში და სოფელში ჩამოიყვანეს. თითქოს მობერებული ჩანდა, ძლივს გადაადგილდებოდა, მძიმედ ლაპარაკობდა“, - იხსენებს ანასტასია.

ალექსეი სეროტეტო კვლავ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის ვორონეჟში მდებარე თავის სამხედრო ნაწილში დააბრუნეს.

მიუხედავად კონტუზიისა და ფსიქიკური აშლილობის სიმპტომებისა, სეროტეტო სამხედრო სამსახურისგან არ გაუთავისუფლებიათ, სამედიცინო კომისიამ მას „ბ“ კატეგორია მიანიჭა, რაც სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულ ვარგისობას ნიშნავს.


„კანონის თანახმად, ზურგში მდებარე სამხედრო ნაწილში უნდა გადამიყვანონ, მაგრამ ჯერ არსად მივყავართ. ვაკანსიები არ არის და მათ არ სურთ ისეთ ადამიანთან დაიჭირონ საქმე, ვისაც ფსიქიკური აშლილობა აქვს. მაგრამ მათ შეუძლიათ ფარულად გაგზავნონ B კატეგორიის მქონე პირი საზღვარგარეთ, უკრაინაში. ასე უკვე გაგზავნეს იქ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სამხედრო პოლიციამ ისინი უკან დააბრუნა", - განაგრძობს ალექსეი.

ახლა სეროტეტო სამხედრო ნაწილის ლაზარეთში იმყოფება და, როგორც ამბობს, ერთადერთი მედიკამენტი, რასაც აძლევენ, გაციების საწინააღმდეგო აბებია.

"პუტინისთვის სულერთია, თუ რა პირობებში ცხოვრობს მისი ხალხი"

ამ ვითარებაში მყოფმა ალექსეი სეროტეტომ 2023 წლის ბოლოს წინასაახალწლო მიმართვა გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, რომელშიც პუტინს "მეფეს" უწოდებს.

"არ ვიცი, თუ შემდგომში როგორ უნდა გემსახუროთ თქვენ, მეფევ! იმიტომ, რომ ძალიან რთულ პირობებში ვიმყოფები", - აღნიშნავს ვიდეომიმართვაში სეროტოტო, რომელიც თავის მძიმე ყოფას დაწვრილებით აღწერს.

მან განმარტა, თუ რატომ უწოდა პუტინს მეფე.

"ის არის კიდეც მეფე, რომელსაც არ აინტერესებს, თუ რა პირობებში ცხოვრობს მისი ხალხი. მეფისთვის მისი ჯარისკაცები მონები არიან. მტერს არ ვუსურვებ იმას, რა პირობებშიც ჩვენ, ჯარისკაცები ვიმყოფებით. მისი [პუტინის] დაწერილი კანონები საერთოდ არ მოქმედებს", - ამბობს ალექსეი.

იგი ცხოვრების განმავლობაში სამჯერ იმყოფებოდა „ცხელ წერტილებში“, მაგრამ ამბობს, რომ ამჯერად სახელმწიფოს მიმართ ნდობა დაეკარგა.

„ყველაფერი ჩემი ბრალია, რადგან ეს არჩევანი მე გავაკეთე. იმედგაცრუებული ვარ ჩვენი სახელმწიფოთი, თუ ის საერთო არსებობს. კანონი არ მოქმედებს, ყველა იტყუება, ხოლო ჩემნაირ ინვალიდებს სამხედრო სამსახურში ბოლომდე აჩერებენ. მე დავხოხავ, პრაქტიკულად ვერ ვლაპარაკობ, ფსიქიკური კრუნჩხვები მაქვს, თვალში ვერ ვიყურები და გული მაწუხებს. ჩემს ბედს მტერსაც არ ვუსურვებ“, - დაწერა ალექსეიმ სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტეში“.

2022 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულებამდე გაუგრძელა კონტრაქტები ამ ფორმით არმიაში მყოფ ყველა სამხედრო მოსამსახურეს.

ასე დარჩა ერთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ "ცხელ წერტილში" ალექსეი სეროტეტო, რომელსაც იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორმა უქირავა ადვოკატი, რათა მოსკოვის პროკურატურამ გადაწყვიტოს კონტუზირებული ჯარისკაცის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი.

  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, რასაც მოსკოვი „სპეცოპერაციას უწოდებს“, 24 თებერვალს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ხელში ჩაიგდო დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები და მათი ანექსია გამოაცხადა. უკრაინამ მოახერხა რუსეთის მიერ ადრე დაკავებული ტერიტორიების ნაწილის კვლავ დაბრუნება.
  • პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“. ამ თეზისს ის რუსეთის ჯარების უკანდახევის დროსაც იმეორებდა. ამასთან, რაში მდგომარეობს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით როდის უნდა დასრულდეს ოპერაცია, მას არ დაუკონკრეტებია.

მომზადებულია სიბირ.რეალიის მასალის მიხედვით

XS
SM
MD
LG