Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პუტინი - შემთხვევითი ადამიანი კრემლში"


რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი.1998 წელი.
რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი.1998 წელი.

ვლადიმირ პუტინი 25 წელია ერთპიროვნულად მართავს რუსეთს, პერიოდულად, ბირთვული მუქარით, შიშის ზარს სცემს მსოფლიოს, თუმცა, როგორც ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტანტინ სონინი ირწმუნება, ის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანია, რომელიც შემთხვევით მოხვდა ხელისუფლების მწვერვალზე.

ამას პროფესორი სონინი გაზეთ Moscow Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ამბობს სადაც მარტის არჩევნებში ვლადიმირ პუტინის დიქტატორებისთვის დამახასიათებელი 87%-ით გამარჯვებას განიხილავს. პუტინი თითქმის 25 წელია იმყოფება ხელისუფლებაში, თუ არაფერი შეიცვალა, უფლებამოსილების ამოწურვისას ეს ვადა 31 წლამდე გაიზრდება - რაც სტალინის მმართველობაზე მეტია.

სონინის თქმით, ბევრ ქვეყანაში არიან ძლიერი ლიდერები - გამორჩეული პიროვნული შესაძლებლობებით. მაგალითად, სტალინი, რომელიც იყო საშინელი ტირანი და სისხლიანი მკვლელი, მაგრამ მას ახსოვდა ათასობით სახელი, პირადად ადევნებდა თვალყურს ხალხს, რომლებიც მოძრაობდნენ ძალაუფლების საფეხურებზე - მათ იჭერდნენ ან ხვრეტდნენ, სტალინს კი შეეძლო მყისიერად ეთქვა, ვინ ვის ჩაანაცვლებდა.

„სტალინი ასევე ძლიერი ორატორი იყო (მიიჩნევა, რომ ცუდად ლაპარაკობდა, მაგრამ მას ადარებენ იმ ეპოქის ყველაზე ძლიერ ორატორებს, ტროცკის და ლენინს). იგივე შეიძლება ითქვას სხვა ლიდერებზე, პუტინს კი მსგავსი არაფერი აქვს: მას აქვს ცუდი მეხსიერება, ცუდი იუმორის გრძნობა, მას არ ესმის იმ აუდიტორიის, რომელსაც ელაპარაკება.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვინმე აფასებდა მას, როგორც პიროვნებას, ვიდრე ის ქვეყნის ლიდერი გახდებოდა. ძალაუფლება მომაჯადოებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცნობილ ადამიანთან გასაუბრებაზე მოდის, იხიბლება ძალაუფლებით და არა პიროვნებით. სწორედ ამ პარადოქსზე ვცადე დამეწერა“, - ეუბნება რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას კონსტანტინ სონინი.

ჩიკაგოს პროფესორის დასკვნებს ეთანხმება რადიო თავისუფლების მიმომხილველი და ისტორიკოსი, სერგეი მედვედევი. მას დამატებითი მაგალითებიც მოჰყავს, იმ რუსი მმართველებისა, რომლებმაც მკვეთრად შეცვალეს განვითარების ვექტორი, მაგრამ ბოროტებისა და ტირანიის მიუხედავად, პუტინისგან განსხვავებით, გამორჩეული პიროვნული თვისებები ჰქონდათ.

ისტორიკოსი სერგეი მედვედევი.
ისტორიკოსი სერგეი მედვედევი.

„იგივე ივანე მრისხანე, სხვადასხვა გადმოცემით, წიგნის დიდი ჭია იყო. პეტრე I - სრულიად არაადამიანური ენერგიის მმართველი. სტალინი მუშაობდა, ღამეებს ათენებდა მუშაობაში. ამ ფონზე, პუტინი რატომღაც არ ახდენს შთაბეჭდილებას თავისი ადამიანური თვისებებით“.

არადა, როგორც კონსტანტინ სონინი ამბობს, პუტინს აქვს უპრეცედენტო პოლიტიკური ძალაუფლება. რუსეთში ბევრი საკითხი წყდება მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინი წყვეტს მათ.

„ვცადე დამეწერა, როგორი სისტემაა ეს, რომელშიც ადამიანი შემთხვევით ხვდება, შემდეგ კი მთელი სისტემა ამ შემთხვევითი ადამიანის ირგვლივ კონსოლიდირდება“.

"ვლადიმირ პუტინი არ ფლობს რაიმე ისეთ თვისებებს, რომლებიც გამოარჩევდა მას სხვა რუსი პოლიტიკოსებისგან. ენა დიდად არ უჭრის, არ შეუძლია ბევრი სახელისა და რიცხვის დამახსოვრება, იყენებს ერთსა და იმავე პრიმიტიულ ფრაზებსა და ფორმულირებებს, აქვს მდარე იუმორი და ცუდად იჭერს აუდიტორიის განწყობას. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მას არავისზე მოუხდენია შთაბეჭდილება, ვიდრე ძალაუფლება არ მოიპოვა. <…> რუსეთის ისტორიაში ადრეც იყვნენ მმართველები, რომლებიც პიროვნული თვალსაზრისით ასევე არაფრით გამოირჩეოდნენ - თუნდაც იგივე ნიკოლოზ II. მაგრამ მას უზენაესი ძალაუფლება მიღებული ჰქონდა მემკვიდრეობით. 1999 წელს ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა არ მომხდარა. პუტინმა ძალაუფლება მიიღო პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გზით. შესაბამისად, საჭირო იყო ამ გზით მიღებული ძალაუფლების დაცვა. 60 წლით ადრე, ნიკოლაი ბულგანინმა, ასევე შემთხვევითმა და ჩვეულებრივმა ადამიანმა, მიიღო პრემიერმინისტრობა, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა, მაგრამ სწრაფადვე დაკარგა იგი". - "პუტინის ფენომენი, ან როგორ მოიტანა რეპრესიები და ომი შემთხვევითობების ჯაჭვმა". კონსტანტინ სონინი, გაზეთი Moscow Times

სერგეი მედვედევს პუტინის სისტემა აგონებს ვიქტორ პელევინის რომან „გოსპლანის პრინცში“ აღწერილ სურათს. რომანში ყველა ცდილობს ასვლას ზევით პრინცესასთან, იქ კი თურმე ჩალით დატენილი დამპალი თოჯინა ელოდებათ:

„პოლიტიკური სისტემა ყალიბდება სიცარიელის გარშემო. შესაძლოა ეს ბევრს მეტყველებს თავად პოლიტიკურ სისტემაზე, რომელსაც შეუძლია არსებობა პუტინში ყველა იმ მოლოდინისა და კომპლექსების „ჩასხმით“, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა რუსეთში“.

კონსტანტინ სონინი პუტინის სისტემის აღსაწერად იყენებს სათამაშო კონსტრუქტორის მეტაფორას:

„წარმოიდგინეთ „ლეგოს“ ბევრი ფიგურა. ჭკვიანი, ძლიერი ლიდერი მათგან ააშენებს რაღაცას: ვიღაც - სასახლეს, ვიღაც - ციხეს. პუტინმა კი დატოვა გროვა, ისეთი, როგორც გრავიტაციის მოქმედების შედეგად თავისით დალაგდა ყუთიდან გადმოყრის შემდეგ. ტყუილია, რომ თუ უბრალოდ ყუთიდან გადმოვყრით ლეგოს, ის თანაბარ ფენად განაწილდება - არა, მივიღებთ გროვას. სწორედ ასეთი გროვა აღმართა პუტინმა. მგონია, რომ პუტინის სახელმწიფოც ასეთია.

ის ძალიან სტაბილურია იმ გაგებით, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ პირველქმნილ ბულიონთან: ვინც უფრო ძლიერია, მართალიც ისაა; ვინც უფრო ძლიერია, ის დაინიშნება ფსბ-ს ადგილობრივი უფროსის ან ადგილობრივი მთავარი ბანდიტის პოსტზე. მე ვიტყოდი, რომ პუტინის რუსულ სახელმწიფოში ნაკლებად არის რამე სახის წარმატებული ძალისხმევა. დემოკრატია რთული პროცესის შედეგია. დემოკრატია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც თავისთავად ხდება. პუტინი კი ისაა, რაც თავისთავად ხდება“.

სერგეი მედვედევი: "ეს არის აბსოლუტური შემთხვევითობისა და თავისთავადობის ერთგვარი სივრცე. ამ გაგებით, შესაძლოა, პუტინი ნამდვილად არის დაშლის გვიანი ეტაპისა და შერჩევის გაუარესების მტკიცებულება. შედეგად, ჩვენ შევედით ვითარებაში, როდესაც შემთხვევითობამ ზევით აისროლა ადამიანი სახელად პუტინი და მის გარშემო ჩამოაყალიბა შემთხვევითი სისტემა".

კონსტანტინ სონინი: "ნებისმიერ ლიდერს ნებისმიერ ქვეყანაში სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში დარჩენა. პუტინი და მისი სისტემა დიქტატურისკენ მიდიოდნენ, მაგრამ რატომღაც ჩვენ არ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც სხვა ქვეყნებში ზღუდავს და აჩერებს დიქტატურას. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ინტელექტუალებმა არ ავუხსენით რუსეთის მოქალაქეებს, რომ თუ ასე მშვიდად შევხვდებოდით პუტინის ყოველ გადაწყვეტილებას, ყველაფერი ომით დამთავრდება".

სერგეი მედვედევი: "ბოლო ტერაქტის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ არაკომპეტენტურობის მეფობას. გამოძიებაშიც არაკომპეტენტურობა ზეობს. ამის მიუხედავად, თუ ხალხის ნებისა და იგივე განათლებული კლასის თვალსაწიერიდან შევხედავთ, პუტინი მაინც ლეგიტიმურია? არის ძალაუფლებით მოჯადოება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დგას მის სათავეში, თუნდაც პატარა ცახესი იყოს, ის მაინც იღებს უმაღლეს სანქციას, მანდატს ზეციდან, როგორც ჩინეთის იმპერატორი".

კონსტანტინ სონინი: "ლეგიტიმაცია ბუნდოვანი ცნებაა. როცა ვუყურებთ როგორ გამოიყენება იგი, გამოდის, რომ ვინც ძალაუფლებას ინარჩუნებს, ის ლეგიტიმურია და ვინც ძალაუფლებას კარგავს - არალეგიტიმური. 1990 წლის ბოლოს მიხეილ გორბაჩოვი აირჩიეს სსრკ-ს პრეზიდენტად, ერთი წლის შემდეგ კი გორბაჩოვი აღარ იყო, ის ყველამ დაივიწყა. პუტინი ახლა თითქოსდა ექვსი წლით არის არჩეული, მაგრამ ხვალ თუ გამოვა დადგენილება, რომ ის სხვამ შეცვალა, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება; ვინმე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და იტყვის, რომ ეს უკანონოა? დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამას უბრალოდ უგულებელყოფენ".

სერგეი მედვედევი: "გამოდის, რომ სულ ერთია ვინ იქნება სახელმწიფოს მეთაური, განაგებს ადგილი? თუ სახელმწიფოს სათავეში ცხენს დააყენებ, მაშინ ცხენს დაუწყებს ყველა თაყვანისცემას".

კონსტანტინ სონინი: "ნაწილობრივ, დიახ. 1996 წელს ელცინს სჭირდებოდა არჩევნების მოგება, მას სჭირდებოდა პოზიციების შეცვლა, ჩუბაისის გათავისუფლება, რადგან მოქალაქეებს მისი გათავისუფლება სურდათ. არჩევნებში მოსაგებად ელცინს უნდა გაეკეთებინა ის, რაც მოქალაქეებს სურდათ. ანალოგიურად, 2010 წელს იანუკოვიჩმა ვერ მოიგო არჩევნები, ვიდრე არ დაჰპირდა ხალხს, რომ ისინი შევიდოდნენ ევროკავშირში".

„რამდენადაც უღიმღამოა პუტინი, როგორც ადამიანი, იმდენად მოკლებულია პუტინი პოლიტიკოსი ინდივიდუალურობას. 25 წლის განმავლობაში საკვანძო თანამდებობებზე იგი ნიშნავს ადამიანებს პიროვნული ახლობლობის საფუძველზე; ამ დროს მათი პროფესიული უნარები აშკარად მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ძალაუფლება უზარმაზარი პლატფორმაა და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა თვითონ გაიკაფა მისკენ მიმავალი გზა კონკურენტულ, თუმცა არადემოკრატიულ შერჩევის პროცესში გამარჯვებით. მაგრამ თუ ამ შერჩევის შედეგად იოსებ სტალინს ან ნიკიტა ხრუშჩოვს უახლოეს თანამოაზრეებად ჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დღეში 20 საათის განმავლობაში მუშაობა, ჰქონდათ მკვირცხლი გონება, წარმოუდგენელი მეხსიერება, მდგრადი ფსიქიკა, მორალური მოქნილობა და ა.შ., პუტინს ყოველ იგორ შუვალოვსა ან ელვირა ნაბიულინაზე ჰყავს თითო იგორ სეჩინი ან ვლადიმირ იაკუნინი. 18-წლიანი ვადის ბოლოს ლეონიდ ბრეჟნევს ბევრი „თავისიანი“ ჰყავდა გარემოცვაში, მაგრამ პუტინს ძლიერ და დამოუკიდებელ ადამიანებთან მუშაობა არ შეეძლო მმართველობის პირველივე წლებიდან. 2022 წლისთვის ასეთი ხალხი ქვეყნის ხელმძღვანელობაში საერთოდ აღარ დარჩა. თეორიულად პროფესიონალების შერჩევისა და დაწინაურების ამგვარ უუნარობას, თუნდაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეს, უნდა გამოეწვია ძალაუფლების ადრეულ ეტაპზე დაკარგვა, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ მოხდა“. - "პუტინის ფენომენი, ან როგორ მოიტანა რეპრესიები და ომი შემთხვევითობების ჯაჭვმა". კონსტანტინ სონინი, გაზეთი Moscow Times

სერგეი მედვედევი: "ვცდილობ გავიგო პუტინით ხალხის მოხიბვლის მიზეზი, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებსაც მე და შენ ვიცნობდით, რომლებიც ნამყოფი არიან დასავლეთში, იყვნენ გლობალიზებულები და გახსნილები. ჩვენს თვალწინ ისინი რაღაც სრულიად მისტიკური ხიბლის ქვეშ მოექცნენ. იქნებ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მოხიბლული ვართ სახელმწიფოთი?"

კონსტანტინ სონინი: "მე მაქვს თეორია, რომ ჭკვიანი რუსი ხალხი მოჯადოებულია ერთიანობით, მათ ძალიან ეშინიათ კონფლიქტების. მაგრამ კონფლიქტები სრულიად ნორმალურია დემოკრატიული ქვეყნისთვის. შეერთებულ შტატებში უკვე 200 წლის განმავლობაში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, იმართება ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო რბოლა - ნამდვილი კონფლიქტი, რომელიც იჭრება არჩევნებით. რუსეთში კი ამის ეშინიათ: სულერთია ვინ იქნება, მთავარია არ ვირჩევდეთ განვითარების ორი განსხვავებული გზიდან ერთ-ერთს. მე უბრალოდ ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ისურვებდნენ განსხვავებულ გზას, მაგრამ იმდენად არ სურთ არჩევანის გაკეთება, რომ მხარს უჭერენ არსებულ, თუნდაც ძალიან ცუდ გზას".

ვლადიმირ პუტინი და ბორის ელცინი (მარჯვნივ). ინაუგურაცია. 2000 წ. მოსკოვი
ვლადიმირ პუტინი და ბორის ელცინი (მარჯვნივ). ინაუგურაცია. 2000 წ. მოსკოვი

სერგეი მედვედევი: "ეს არის ცვალებადობის, ძალაუფლების და, ზოგადად ცვლილების შიში. შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში რეპრესიულმა სახელმწიფომ შექმნა იმგვარი კომპლექსი, როცა მონა ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ბატონი არ შეიცვალოს, არ შეიცვალოს ძალაუფლების სისტემა".

კონსტანტინ სონინი: "საქმე ის კი არ არის, რომ მონაა, არამედ ის, რომ მას არ სურს არანაირი ცვლილება".

სერგეი მედვედევი: "რუს ხალხს სჭირდება, რომ ვინმემ უთხრას, როგორ გააკეთოს და, რომ ეს „როგორ“ არ იცვლებოდეს. ახლა ცხადია, რომ პუტინმა, დღევანდელი მდგომარეობით, მართლაც რადიკალურად შეცვალა რუსეთის ტრაექტორია. როგორც ჩანს, მან დახურა პეტრე დიდის მოდერნიზაციის სამასწლიანი პერიოდი - ევროპისკენ მიბრუნება. ეს რუსეთის საბოლოო უკან დახევაა პერიფერიისკენ თუ მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ის სადღაც გლობალური ეკონომიკის პერიფერიაზე ბორძიკობს, თუმცა აქვს კონტრ-რეფორმების პერიოდები, შემდეგ კი უბრუნდება თავის წინანდელ ადგილს? რამდენად შეუქცევადია პუტინის მიერ განხორციელებული ცვლილებები?"

„პუტინის ფენომენი“ მდგომარეობს იმაში, რომ რუსული სახელმწიფო სისტემა აშენდა და მდგრადი ფორმით ჩამოყალიბდა არსებითად შემთხვევითი ინდივიდის გარშემო. შედეგი ვერ იქნებოდა ეფექტიანი, ტრაგიკული კი აღმოჩნდა. თხუთმეტწლიანი უძრაობა, როცა ქვეყანა წლიდან წლამდე ჩამორჩებოდა, დასრულდა ომით, რომელმაც უკვე შეიწირა ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე; რეპრესიებით, რამაც გააჩინა ასობით ათასი ლტოლვილი, გაანადგურა მეცნიერება და განათლება, შექმნა ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ კრიზისს გამოიწვევს. მაგრამ დაგვარწმუნებს თუ არა ეს ამბავი იმაში, რომ რუსეთს ცხოვრებისა და განვითარებისთვის, სხვა მოდელი სჭირდება, ჯერჯერობით გაუგებარია“. - "პუტინის ფენომენი, ან როგორ მოიტანა რეპრესიები და ომი შემთხვევითობების ჯაჭვმა". კონსტანტინ სონინი, გაზეთი Moscow Times

კონსტანტინ სონინი: "ვფიქრობ, რომ ეს პუტინს კი არ განუხორციელებია ცვლილებები, არამედ პუტინმა ვერ შეძლო სწორი გეზის, სწორი გზის შენარჩუნება. სწორი გზა არსებითად, ძალიან მარტივი იქნებოდა - იმპერიულობისგან გათავისუფლება.

ჩვენ ვნახეთ მეოცე საუკუნეში, როგორ გათავისუფლდნენ ქვეყნები თავიანთი იმპერიულობისგან. იმის თქმა, რომ ბრიტანეთს ნაკლები იმპერიული კულტურა ჰქონდა, რომ მათ ნაკლები ძალისხმევა დახარჯეს თავიანთი იმპერიის მშენებლობაზე, ან რომ მათ ნაკლები სისხლი დაღვარეს მის დასაცავად, უბრალოდ სასაცილოა. ახლა არავინ იტყვის, რომ ბრიტანეთი რუსეთზე ნაკლებად დიდებული ქვეყანაა. მაგრამ ბრიტანეთმა დაძლია თავისი იმპერიულობა, რუსეთმა კი - ვერა. საფრანგეთმაც და ესპანეთმაც გადალახეს თავიანთი იმპერიულობა. ასევე ვიტყოდი, რომ ავსტრია და უნგრეთიც არ ცხოვრობენ იმავე იმპერიული მსოფლმხედველობით, როგორითაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ".

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG