Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუქარა დასავლეთს, დაპირებები რუსებს და არაფერი ნავალნიზე - მოვუსმინეთ პუტინის გამოსვლას


პუტინი მიმართავს რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას. 2024 წლის 29 თებერვალი, მოსკოვი.
პუტინი მიმართავს რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას. 2024 წლის 29 თებერვალი, მოსკოვი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ვლადიმირ პუტინმა უკვე მეცხრამეტედ მიმართა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით. ამ ტექსტში მოკლედ გიამბობთ მის გამოსვლაზე, რომელიც რეკორდულად დიდხანს გაგრძელდა.

პირველსავე წუთებზე პუტინი დასავლეთს რაკეტების სროლით დაემუქრა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი დასავლეთი უკრაინაში ჯარებს გადასხამსო.

მან თქვა, რომ რუსეთზე ნებისმიერ თავდასხმას ტრაგიკული შედეგი ექნება.

„მათ [დასავლეთს] უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია სამიზნეები მათ ტერიტორიაზე გაანადგუროს“, - უთხრა პუტინმა ფედერალურ კრებას, რომელიც რუსეთის პარლამენტის ორივე პალატისგან შედგება.

პუტინმა დაამატა, რომ „სისულელეა“, თითქოს რუსეთი აპირებს ევროპაზე თავდასხმას, რითაც უარყო ევროპულ მედიაში გავრცელებული ცნობები.

თუმცა საკუთარ მშვიდობისმოყვარეობაზე საუბრისას ისიც ახსენა, რომ მისი სტრატეგიული ბირთვული ძალები „სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია“.

პუტინმა ისიც თქვა, რომ ბოლო ორ წელიწადში რუსეთის ჯარი ტექნოლოგიურად განვითარდა და კიდევ უფრო მოძლიერდება.

რაც შეეხება უკრაინაში ომს, მას „რუსების სრული უმრავლესობა“ უჭერს მხარს, - თქვა პუტინმა და ომში დაღუპულ ჯარისკაცებს (რომელთა რაოდენობასაც კრემლი არ ასაჯაროებს) წუთიერი დუმილით მიაგო პატივი.

დაპირებები, დაპირებები და კიდევ ერთხელ დაპირებები

გამოსვლის უდიდესი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა დაპირებებს დაუთმო. ყველაზე სარფიანი, მათ შორის ფინანსურად მომგებიანი დაპირება მიიღეს იმ რუსებმა, ვისაც შვილები ჰყავს, ან ეყოლება.

რუსეთმა შობადობა უნდა გაზარდოს, რადგან ოჯახური ღირებულებების „ციტადელია“, აი, დასავლეთში კი, ზნეობას „გამიზნულად ანადგურებენ“, - გაიმეორა პუტინმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი თეზისი.

2024 წელი რუსეთში „ოჯახის წლადაა“ გამოცხადებული. ოჯახური ღირებულებების „გადაგვარებული დასავლეთისგან“ დაცვა პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია.

„შეწყვიტეთ დალევა, დადექით თხილამურებზე“, თქვა პუტინმა, როდესაც რუსებს სპორტის აღორძინებაზე ელაპარაკებოდა.

სხვა დაპირებები: მინიმალური ხელფასი - 350 დოლარი, ტექნოლოგიური და კომპიუტერული რევოლუცია, საგადასახადო სისტემის რეფორმა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა.

ეს ყველაფერი 2030 წლისთვის, ანუ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ალბათ რუსეთში რთულად თუ იპოვით ვინმეს, ვინც გეტყვით, რომ პუტინი 15-17 მარტის არჩევნებს ვერ მოიგებს.

რუსეთის “ახალი ელიტა”

ცალკე დაპირებები მიიღეს უკრაინაში ომის მონაწილეებმა. პუტინმა თქვა, რომ ომიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი ახალი პროფესიების ათვისებას რუსეთის წამყვან უნივერსიტებებში უფასოდ შეძლებენ.

მისი თქმით, უკრაინაში ნაომარი ხალხი რუსეთის „ახალი ელიტა“ უნდა გახდეს.

ეს „ახალი ელიტა“ ნაწილობრივ წარსულში მკვლელობების, გაუპატიურებისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლები ხალხისგან შედგება. მხოლოდ 2022-23 წლებში, შეწყალების სანაცვლოდ, ჯარში 50 ათასზე მეტი პატიმარი გაიწვიეს.

გამოცემა „ვიორსტკის“ ინფორმაციით, ომიდან დაბრუნებული 30-ზე მეტი ჯარისკაცი შემდეგ კვლავ დაიჭირეს მკვლელობის ან გაუპატიურებისთვის. კიდევ 150-ს ჯერაც ასამართლებენ.

რუსი უფლებადამცველები დიდი ხანია ამბობენ, რომ სახელმწიფო უკრაინის ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს არავითარ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას არ სთავაზობს.

„ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ“, - თქვა პუტინმა გამოსვლის დასასრულს.

„მჯერა ჩვენი გამარჯვებების, წარმატების და რუსეთის მომავლის“, - ამ სიტყვებზე მაყურებლები ფეხზე ადგნენ და მქუხარე ტაში დასცხეს. ყველაფერი რუსეთის ჰიმნით დასრულდა.

ეს პუტინის მეცხრამეტე ყოველწლიური გამოსვლა იყო რუსეთის პარლამენტის წინაშე. ის 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა.

ამაზე დიდხანს მას არასდროს ულაპარაკია.

არცერთი სიტყვა ნავალნიზე

პუტინს არ უხსენებია თავისი მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი, რომელიც 16 თებერვალს ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა. პუტინის მოწინააღმდეგეების აზრით კი, ის მოკლეს. ან გამიზნულად, ანდაც ნელი სიკვდილით - კოლონიაში აუტანელი პირობების შექმნით.

პუტინს ნავალნის სახელი საჯაროდ არასდროს წარმოუთქვამს. მის სიკვდილზე კომენტარი კი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ნავალნის ცხედარი მის ოჯახს რვადღიანი დაგვიანებით გადასცეს. პოლიტიკოსს 1 მარტს, მოსკოვში დაკრძალავენ.

ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი, ივან ჟდანოვი ამბობს, რომ კრემლმა „აკრძალა“ ნავალნის 29 თებერვალს დასაფლავება.

„კრემლი ხვდება, რომ ალექსეისთან დამშვიდობების დღეს პუტინს და მის მიმართვას ყველა ფეხებზე დაიკიდებს“, - დაწერა ჟდანოვმა.

XS
SM
MD
LG