Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ხომალდ "ცეზარ კუნიკოვზე", რომელიც უკრაინის მტკიცებით შავ ზღვაში ჩაძირეს?


რუსეთი აცხადებს, რომ დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.
რუსეთი აცხადებს, რომ დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან რუსეთის დიდ სადესანტო ხომალდ „ცეზარ კუნიკოვზე“ თავდასხმისა და მისი შესაძლო ჩაძირვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კრემლი კომენტარს არ აკეთებს.

„ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს სამხედრო უწყების პრეროგატივაა“, - უპასუხა რუს ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ცნობით, 14 თებერვალს თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული დრონებით გაანადგურეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობას თან ერთვის ვიდეოც, რომელიც რუსულ გემზე შეტევის ოპერაციას უნდა ასახავდეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხომალდზე და რამდენი დაიღუპა უკრაინის შეტევის შედეგად. მაგრამ თუ „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურების ცნობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა უკრაინის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად 2 წლის განმავლობაში დიდი სადესანტო ხომალდების ნახევარზე მეტი დაკარგა.

"ეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიის სისტემური გამოფიტვაა"

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული წარმოების ე.წ. დამრტყმელი საზღვაო დრონებით Magura V5 გაანადგურეს. ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გაიხვრიტა გემის მარცხენა ბორტი და „ცეზარ კუნიკოვმა“ ჩაძირვა დაიწყო. დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, „ოკუპანტების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია წარუმატებელი იყო“.


„ცეზარ კუნიკოვის“ განადგურებას მოწინააღმდეგის გამოფიტვის მორიგ შედეგიან ოპერაციას უწოდებს სამხედრო მიმომხილველი ოლექსანდრ კოვალენკო.

„ის, რაც ახლა ხდება, რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიის თანდათანობითი, სისტემური გამოფიტვაა. ხაზს ვუსვამ ფლოტილიას იმიტომ, რომ ის ხომალდები, რაც რუსეთს შავ ზღვაში ჰყავს, თავისი რაოდენობით და ბრძოლისუნარიანობით სწორედ ფლოტილიას წარმოადგენს.

„ცეზარ კუნუკოვი“ ეს არის დიდი სადესანტო ხომალდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იგებოდა. და თანაც არა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ასეთი სადესანტო ხომალდი ეწყობოდა პოლონეთში, გდანსკში მდებარე ვერფში (გემთსაშენ ქარხანაში - რ.თ.). და რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა მოახერხოს ამ დანაკარგის კომპენსირება.

ამ ტიპის სამხედრო ხომალდის განადგურება სავსებით ეწერება რუსეთის შავი ზღვის ფლოტილიასთან ბრძოლის ჩვენს კონცეფციაში. ის ითვალისწინებს შავ ზღვაში თითოეული რუსული საბრძოლო საშუალების თანდათანობით განადგურებას იქამდე, სანამ რუსეთი არ მოახდენს თავის სამხედრო ხომალდების სრულად ევაკუაციას, მაგალითად, კასპიის ზღვაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამხედრო მიმომხილველმა ოლექსანდრ კოვალენკომ.

უკრაინის თავდაცვის ძალები თითქმის ორი წლის განმავლობაში „ნადირობდნენ“ „ცეზარ კუნიკოვზე“, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დესანტისა და ტექნიკის ტრანსპორტირების ამოცანებს ასრულებდა შავ და აზოვის ზღვებში.

2022 წლის მარტის ბოლოს „ცეზარ კუნიკოვი“, რომელიც იმხანად აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა, ბეწვზე გადაურჩა უკრაინის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, რომლის დროსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ორი დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ და „ორსკი“ დაკარგა.

დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“ კი დაზიანდნენ. მაგრამ უკრაინის შეტევას, როგორც რუსული მედია იტყობინებოდა, ვერ გადაურჩა „ცეზარ კუნიკოვის“ გემის მეთაური, მესამე რანგის მეთაური ალექსანდრ ჩირვა, რომელიც უკრაინის თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან ერთ თვეში დაიღუპა.

„ასეთი ინფორმაცია მართლაც არსებობს. საქმე ისაა, რომ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ ეტაპზე, რუსეთი შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდებს იყენებდა ცოცხალი ძალისა და [საომარი] საშუალებების ბერდიანსკში გადასროლისთვის. სწორედ ამიტომ დაარტყეს ბერდიანსკის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, რომლის დროსაც სრულად განადგურდა დიდი სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, ხოლო ორი დაზიანდა.

ერთ-ერთი დაზიანებული სადესანტო ხომალდი იყო სწორედ „ცეზარ კუნიკოვი“. და ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ დაზინების შედეგად დაიჭრა სასიკვდილოდ ხომალდის კაპიტანიც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოლექსანდრ კოვალენკომ.

2022 წლის მარტში უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში რუსეთის დიდი სადესანტო გემები „სარატოვი“ და „ორსკი“ გაანადგურეს.
2022 წლის მარტში უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში რუსეთის დიდი სადესანტო გემები „სარატოვი“ და „ორსკი“ გაანადგურეს.

"ცეზარ კუნიკოვი" და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

„ცეზარ კუნიკოვი“ თავისი კლასიფიკაციით განეკუთვნება 775-ე პროექტის დიდ სადესანტო ხომალდს. მას, როგორც შავი ზღვის ფლოტის ლოგისტიკის ნაწილს, რუსეთი იყენებდა ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის, ნაწილობრივ ტაგანროგის და ასევე ბერდიანსკ-აზოვის ზღვის მიმართულებით დესანტირებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის.

„ცეზარ კუნიკოვის“ ეკიპაჟი 87 ადამიანისგან შედგება. მაგრამ ასეთი პროექტის სადესანტო გემს, სხვადასხვა ვითარებაში, 150 მედესანტისა და საშუალო ზომის საბრძოლო ტექნიკის - 10 ტანკის ან 30 ჯავშანმანქანის გადაყვანა შეუძლია.


2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში.

კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუ“-ს ცნობით, 2008 წლის 10 აგვისტოს „ცეზარ კუნიკოვი“ იყო იმ ხომალდების ჯგუფის ფლაგმანი, რომლებმაც საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს ბრძოლა გაუმართეს.

ასეთ ბრძოლას რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას უწოდებს საქართველოს გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა.

„რუსეთი იტყუება, როცა აცხადებს, რომ თითქოს სადესანტო გემი "ცეზარ კუნიკოვი" 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებთან საზღვაო ბრძოლებში ჩაბმულიყოს.

ფაქტი ისაა, რომ ეს სადესანტო ხომალდი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ შემოსულა და ჩვენ მიერ არაკონტროლირებად შავი ზღვის წლებში მანევრირებდა.

ცხადია, არსებობდა ეჭვი, რომ რუსეთის დესანტის გადმოსხმის შემთხვევაში ეს ხომალდი მათ დაეხმარებოდა ხმელეთზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ცხადია, რომ ამ ხომალდს ჩვენ განვიხილავდით სამიზნედ და დესანტირების მცდელობის შემთხვევაში ხმელეთიდან მისგან დაცვის ყველა საშუალებები გაგვაჩნდა“, - ამბობს თადარიგის გენერალი ზაზა გოგავა, 2006-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა სიმბოლურს უწოდებს, რომ რუსი ოფიცერი ცეზარ კუნიკოვი, რომლის სახელსაც გემი ატარებს, ზუსტად 81 წლის წინ, 14 თებერვალს მოკლეს.

გემის ჩაძირვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს მოსკოვს.

დილით თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ტოვებდა უკომენტაროდ სამხედრო გემებზე თავდასხმის ყველა ცნობას, რომლებსაც პირველად ბლოგერები, თვითმხილველები და თავად ამ თავდასხმების ორგანიზატორი, უკრაინული მხარე ადასტურებდნენ.

მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ღია წყაროებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცნობებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.

თუ „ცეზარ კუნიკოვის“ განადგურება დადასტურდა, რუსეთის დანაკარგი შავ ზღვაზე 21-მდე გაიზრდება.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მომენტისათვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტს 13 დიდი სადესანტო ხომალდი ჰქონდა.

"ცეზარ კუნიკოვის" განადგურებით მათი რაოდენობა 5-მდე შემცირდება. და კიდევ უფრო შესუსტდა რუსეთის არმიის საზღვაო სადესანტო პოტენციალი. ეს კი არ შეიძლება, არ გვახარებდეს“, - თქვა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრი პლეტენჩუკმა, ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG