Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გეგმავს გენერალი ზალუჟნი 2024 წელს და ექნება თუ არა ამის დრო?


გენერალი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ 2024 წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამი სფეროსკენ.
გენერალი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ 2024 წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამი სფეროსკენ.

გენერალ ზალუჟნისა და პრეზიდენტ ზელენსკის უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებდნენ, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 2024 წლის საბრძოლო გეგმა ვერ წარმოადგინა.

და იმ დროს, როდესაც კიევის წყაროებზე დაყრდნობით დასავლეთის მედია კვლავ აქტიურად განიხილავს გენერალ ვალერი ზალუჟნის პოსტიდან შესაძლო გადაყენებას, ტელეკომპანია „სიენენმა“ გამოაქვეყნა უკრაინელი გენერლის საავტორო სტატია, რომელშიც 2024 წლისთვის რუსეთთან ომის წარმოების ახალ მიდგომებსა და უკრაინის არმიის მთავარ ამოცანებზეა საუბარი.

„მტრის დასამარცხებლად, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მობილური ტაქტიკისა და საშუალებების მხრივ, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები და გზები (რუსეთზე) უპირატესობის მოსაპოვებლად“, - წერს ზალუჟნი.

ამასთან, უკრაინელი მთავარსარდალი სტატიაში არ ახსენებს არც მასა და უკრაინის პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას და არც პრეზიდენტის ოფისში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გამართულ შეხვედრას, რომელზეც, უკრაინული მედიის ცნობით, მთავარსარდალ ზალუჟნის ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილება გააცნო.

"უპილოტო სისტემები საუკეთესო საშუალებაა არამომგებიანი პოზიციური ბრძოლებიდან გამოსასვლელად"

რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის ორი წლის თავზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ „ომის დაგეგმარება შეიცვალა“, რაც ნიშნავს, რომ ომში გამარჯვება, რომელიც თავის უნიკალურ ლოგიკას მისდევს, უნიკალურ სტრატეგიას საჭიროებს.

გენერალი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ 2024 წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამი სფეროსკენ: მაღალტექნოლოგიური საშუალებებით უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის სისტემის შექმნის, საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ახალი ფილოსოფიის დანერგვის და რაც შეიძლება სწრაფად ახალი საბრძოლო შესაძლებლობების ათვისებისკენ.

რუსეთთან ომში ინიციატივის მისაღწევად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. ვალერი ზალუჟნის თანახმად, ეს სისტემა სხვა თანამედროვე იარაღთან ერთად უკრაინისთვის საუკეთესო საშუალებაა არამომგებიანი პოზიციური საბრძოლო მოქმედებებიდან გამოსასვლელად.

გენერლის მტკიცებით, სწორედ ასეთ „დიზაინზე“ მუშაობს უკრაინის გენერალური შტაბი დიდი ხნის განმავლობაში, რათა „რადიკალურად შეცვალოს სტრატეგიული მიდგომები, თავად წვრთნებისა და სამხედრო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფილოსოფია“.

ტელეკომპანია „სიენენის“ მიერ გამოქვეყნებული გენერალ ვალერი ზალუჟნის საავტორო წერილი ერთგვარი პასუხია იმ კრიტიკოსებისთვის, რომლებიც უკრაინის არმიის მთავარსარდალს 2024 წლისთვის ომში წარმატების სტრატეგიის არქონის გამო ადანაშაულებდნენ.

„გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. ვერც - დიდი, ვერც - პატარა, ვერც - ასიმეტრიული და ვერც - სიმეტრიული“, - წერდა შარშან შემოდგომაზე უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა.

უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის კომენტარი მოჰყვა 2023 წლის ნოემბერში, გენერალ ზალუჟნის კომენტარებს.

გამოცემა The Economist-ს უკრაინის შძ-ის მთავარსარდალმა განუცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდა. შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენ.

რას მიიჩნევს ზალუჟნი რუსეთის სიძლიერედ და მოკავშირეთა სისუსტედ?

„სიენენში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში გენერალი ვალერი ზალუჟნი ერთი სიტყვითაც არ ახსენებს უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას, რაზეც არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა როგორც უკრაინულ, ისე დასავლურ მედიაში.

მაგრამ უკრაინის შძ-ის მთავარსარდალი არ მალავს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოების სისტემის მიმართ. კერძოდ, გენერალი ზალუჟნი არასრულყოფილს უწოდებს უკრაინის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას და პრობლემად მიიჩნევს სამხედრო მრეწველობის ნაწილობრივ მონოპოლიზაციას, რაც აძლიერებს, მაგალითად, მოკავშირეებისგან საბრძოლო მასალების მიღებაზე უკრაინის დამოკიდებულებას.

„უკრაინაში საომარი მოქმედებების ინტენსივობისა და, ასევე, საწვავზე მომუშავე მუხტების გლობალური დეფიციტის გამო, ჩვენს პარტნიორებს ეწურებათ რაკეტების, საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალების მარაგი. საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სისუსტე ნიშნავს, რომ რუსეთს, ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობით, ჯერ კიდევ შეუძლია თავისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ამუშაოს ომში უკრაინის გამოსაფიტად“, - წერს გენერალი ვალერი ზალუჟნი.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ გადააქვს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომიდან, რუსეთი, - გენერალ ზალუჟნის აზრით, შეეცდება სხვა რეგიონებში შემდგომი კონფლიქტების პროვოცირებას.

„რუსეთს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ადამიანური რესურსების მობილიზაციის მხრივაც, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები კი ვერ ახერხებენ შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის გაზრდას, რაც შეუძლებელი იქნება არაპოპულარული ზომების გარეშე“, - წერს გენერალი ზალუჟნი, რომლის დასკვნით, უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიური გადაიარაღების სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა, რომლის შექმნა ხუთ თვეშია შესაძლებელი.

მაგრამ უცნობია, მისცემს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გენერალ ზალუჟნის ამ გეგმების რეალიზების დროს.

თუ ტელეკომპანია „სიენენს“ დავუჯერებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს თანამდებობიდან, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს.

  • 2023 წლის ბოლოს, უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები არაერთხელ იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის კონფლიქტია. წყაროთა თანახმად, ზელენსკი გაღიზიანებული იყო ზალუჟნის მზარდი პოპულარობით და გენერლის საჯარო განცხადებით ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ.
  • 50 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG