Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუყურებთ კიშლოვსკის უცნობ შედევრს


„სიმშვიდე“ (პოლონეთი, 1976, რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი) - ფოტოილუსტრაცია
„სიმშვიდე“ (პოლონეთი, 1976, რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი) - ფოტოილუსტრაცია

„ცარიელი მშვიდობა მიწაშიაც გვეყოფის”
(ილია ჭავჭავაძე “მგზავრის წერილები”)

„სიმშვიდე“ (პოლონეთი, 1976, რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი)

უცნაურია, ქშიშტოფ კიშლოვსკის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ პატარა ფილმს (სხვათა შორის, კიშლოვსკის ერთადერთ ფილმს, რომელიც სრული სახით აღმოვაჩინე იუტუბის არხზე) მეხსიერება თუ არ მღალატობს, აქამდე არავინ გამოხმაურებია. საფრანგეთშიც კი, სადაც დღემდე კიშლოვსკის კულტია, „სიმშვიდე“ არასდროს უჩვენებიათ კინოგაქირავებაში. მაგრამ ფრანგებს და პოლონელებს არ დავეძებ. ქშიშტოფ კიშლოვსკის ერთ-ერთი პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ დოკუმენტალისტმა, პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის დაკვეთით გადაიღო, უაღრესად აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც სოციალური უთანასწორობის თემა ხელისუფლების მიერ გადაფარულია „ეროვნული ცნობიერების დაცვის“ მოგონილი პრობლემებით, სადაც მშრომელი ადამიანების ჩაგვრის შესახებ ძირითადად პოპულისტები საუბრობენ, სადაც ოპოზიციას იშვიათად ჰყოფნის გამბედაობა გვიამბოს რა გზა გაიარა ქართულმა ბიზნესმა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რას ნიშნავს „ველური კაპიტალიზმი“ („ველური სოციალიზმიც“) და რატომ მოჰყვება ქვეყნის განვითარებას ამდენი მსხვერპლი.

არა, კიშლოვსკი პოლონეთის კომუნისტურ წარსულს არ მიტირის. მაგრამ თავიდანვე ემიჯნება ე.წ. „მორალური აღელვების“ ანტიკომუნისტურ ჯგუფს, პოლონელ კოლეგებს, რომელთაც იმხანად ლიდერიც გამოუჩნდათ - ანჯეი ვაიდა. იმ წელს, როცა კიშლოვსკიმ „სიმშვიდე“ დაასრულა, შედგა პრემიერა ანჯეი ვაიდას ფილმისა „მარმარილოს კაცი“, რომლის მთავარი გმირი რომანტიზირებული მშრომელი, მატეუშ ბერკუტი კალატოზია 50-იანი წლების პოლონეთში. იმხანად ყველასთვის ცხადი იყო, რომ ვაიდამ ბერკუტში ის მუშები იგულისხმა, რომელთა პროტესტი სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშო პოლონეთის ხელისუფლებამ 1971 წელს გდანსკში. პროფკავშირების აქტიურობა აისახა იმ დროინდელ პოლონურ კინოშიც. 1976 წელს, როცა კიშლოვსკი „სიმშვიდეზე“ მუშაობას ასრულებს, ქვეყანა უკვე მოიცვა გაფიცვებმა, რომლებიც ბოლოს აკრძალეს კიდეც. შესაბამისად აიკრძალა „სიმშვიდეც“. აქ ხომ მუშათა გაფიცვა მთელი ფილმის დრამატურგიულ ხაზს განსაზღვრავს.

არადა ვაიდასგან და სხვა პოლონელი რეჟისორებისგან განსხვავებით ქშიშტოფ კიშლოვსკი არსად მიმართავს პროტესტის იდეალიზაციას. უფრო პირიქით, „სიმშვიდეში“ მისთვის დამახასიათებელი სკეპტიციზმით, ირონიანარევი უნუგეშობით შესცქერის პოლონეთის აწმყოს და მომავალს. თუკი იმდროინდელ აქტივისტებთან დამეგობრებული ანჯეი ვაიდა პოლიტიკური ცვლილებების მომავალს მშრომელი კლასის გამოღვიძებაში ხედავს, „სიმშვიდეში“, სილეზიის პატარა ქალაქის მუშები სისტემასთან ბრძოლისთვის მზად უბრალოდ არ არიან. ხელფასი და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები - ესაა, რასაც მოითხოვენ და იმისაც სჯერათ, რომ „კარგი უფროსი“ თუ ეყოლებათ, წყნარად იცხოვრებენ თავიანთ წვრილ-შვილთან ერთად.

კიშლოვსკი მართლაც რომ იშვიათი ავტორია კინოს ისტორიაში, რომელსაც შეუძლია დაიცვას ბალანსი პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობასა და ამავე პერსონაჟის მიმართ დისტანციას შორის. 1994 წელს, როცა კიშლოვსკის კანის კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინომ მთავარი პრიზი „წაართვა“ („მაკულატურა“ კლინტ ისტვუდის ჟიურიმ „ოქროს პალმით“ აღნიშნა), პოლონელი რეჟისორის სამფერა ტრილოგიის ბოლო ფილმი შეფასდა როგორც „კიშლოვსკის დემიურგიზაცია“, როგორც „პათეთიკური მორალიზმი“ და გადაჭარბებული წარმოდგენა საავტორო კინოს შესაძლებლობებზე. საპასუხოდ კიშლოვსკიმ გამოაცხადა, რომ ანებებს კინოს თავს. 2 წლის შემდეგ კი გულის შეტევისგან გარდაიცვალა 54 წლის ასაკში.

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, ვინც „წითელში“ დიდი რეჟისორის ირონია და უმწარესი იუმორი ვერ დაინახა. საერთოდ, მთელ ამ ტრილოგიაში. საერთოდ, კიშლოვსკის შემოქმედებაში.

"პოლონელებს ახლა კეთილი ღმერთი უნდათ, რომელიც ყველაფერს აპატიებს და არა მკაცრი ღმერთი, როგორც პროტესტანტულ დასავლეთში... მათ უნდათ ღმერთი, რომელიც სათნო დედას ჰგავს და არა მკაცრ მამას" - აღნიშნავს ეჟი ტეპლიცი კშიშტოფ კიშლოვსკისადმი მიძღვნილ წიგნში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწერა.

ტეპლიცი მისი მასწავლებელი იყო ლოძის კინოსკოლაში, სადაც კიშლოვსკიმ თავისი პირველი დოკუმენტური ფილმები გადაიღო. მათ შორის “ლოძი”, კინოჩანახატი ქალაქზე, რომელიც კიშლოვსკის სიტყვებით “რამდენადაც უსახოა, იმდენად ფოტოგენურია”. ეს სიტყვები მთელ მის სტილს ხსნის - დოკუმენტურიდან მეტაფორულობამდე კიშლოვსკისთან ერთი ნაბიჯია. ხანდახან იგი ანთროპოლოგი უფროა, ვიდრე დოკუმენტალისტი. დისტანციიდან დაკვირვება მისი ვნებაა. მაშინაც კი, როცა შეიძლება “ჩაეცინოს” იმაზე, რასაც აკვირდება და რაც მთავარია, რასაც იღებს.

“სიმშვიდეში” ავტორის დაკვირვების ობიექტი ახალგაზრდა კაცია, ანტეკი. მას ფილმის პროლოგში სასჯელის მოხდის ვადა უმთავრდება და საპატიმროდან გამოდის. კიშლოვსკისთვის ასეთი ძვირფასი „ორმაგობის“ ეფექტი იმითაც ძლიერდება, რომ ავტორი გვახსენებს - წესიერი და კანონმორჩილი კაცი სისტემაში, რომელიც ადამიანის ღირსებას არაფრად აგდებს, განსაკუთრებით გარიყულია, როცა საეჭვო წარსული აქვს. არადა ბევრს არაფერს ითხოვს ანტეკი სისტემისგან - უნდა სამუშაო, ოჯახი, სახლი, ხელფასი. მას უნდა რომ ყველას ერთმანეთი უყვარდეს - მშვიდობა უნდა!

ანტეკს თამაშობს ეჟი სტური, მსახიობი, რომელიც რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს ქშიშტოფ კიშლოვსკის ფილმით „კინომოყვარული“.

ძალიან ძნელია წესიერი კაცის თამაში, როცა მაყურებელს უფრო ებრალება შენი გმირი, ვიდრე თანაუგრძნობს.

სისტემა სწორედ წესიერებას უსწორდება ყველაზე ადვილად. ანტეკისგან აქ პრინციპულ არჩევანს მოითხოვენ, აიძულებენ გახდეს „მხარე“ ომში საწარმოს უფროსსა და ამბოხებულ მუშებს შორის. მაგრამ მას ომში ყოფნა არ უნდა - მშვიდობა უნდა!

აკვირდება ამას კიშლოვსკი-დემიურგი და დრო და დრო ჩაეცინება ხოლმე. ისტორიის სევდიან კანონზომიერებაზე ჩაეცინება - „ანტეკებს“ სასტიკად უსწორდება ისტორია. უბრალოდ, გააქრობს ხოლმე. თითქოს არასდროს არსებობდნენ.

„სიმშვიდე“, ქშიშტოფ კიშლოვსკის პირველი სერიოზული განაცხადი დიდ კინოში, ერთგვარ სიმეტრიას ქმნის დიდი რეჟისორის შემოქმედებაში კიშლოვსკის უკანასკნელ ფილმთან, „წითელთან“ ერთად („შუაში“ იყო კიდევ „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“). ანტეკი, ერთი საწყალი არსება, რომელმაც ვერ ისწავლა, რომ „ცხოვრება ომია“, კიშლოვსკიმ კინოს დაუტოვა. ისევე როგორც გადაარჩინა თავისი პერსონაჟები „წითელში“, დაასრულა ბოლო ფილმი და თავად წავიდა.

ეს ძალა აქვს კარგ კინოს - დანახვის და შენახვის ძალა.

ფილმის სრული ვარიანტი ინგლისური სუბტრიტრებით შეგიძლიათ იხილოთ იუტიბზე

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG