Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ რას ელის უკრაინაში ახალი სარდლებისგან?


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ. კიევი, 2024 წლის 10 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ. კიევი, 2024 წლის 10 თებერვალი

გასული კვირის ბოლო სამი დღის (9,10,11 თებერვალი) განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების რამდენიმე საკვანძო მიმართულების - სახმელეთო ჯარის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების, სადესანტო-მოიერიშე და ტერიტორიული თავდაცვის ძალების სარდლებიც შეცვალა

ახალ სარდლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის და გენერალური შტაბის ახალ უფროს, გენერალ-მაიორ ანატოლი ბარგილევიჩს 12 თებერვალს თავის რეზიდენციაში უკვე ეთათბირა ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

„პრიორიტეტული საკითხები უცვლელი რჩება: ფრონტი და ფრონტისპირა რეგიონების, ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული საჰაერო ტერორისგან“, - ნათქვამია ზელენსკის მიერ 12 თებერვალს ტელეგრამის საშუალებით გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში.

მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ რთული ამოცანებისა, რომლის გადაჭრისთვისაც, როგორც უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, უკრაინის ახალ სარდლობას არცთუ ისე დიდი დრო და შესაძლებლობა გააჩნია.

ამასთან, უკრაინის საზოგადოების ერთ ნაწილში უკვე გაჩნდა გარკვეული კრიტიკა ტერიტორიული თავდაცვის ძალების სარდლად დანიშნული გენერალ იგორ პლახუტას მიმართ. 2013-2014 წლების ღირსების რევოლუციის დროს იგორ პლახუტა შინაგანი ჯარების სამხრეთის ტერიტორიული სარდლობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა და დაპირების მიუხედავად, როგორც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვერ აღკვეთა 18 თებერვალს მომიტინგეთა სასტიკი დარბევა.

"საჭიროა უფრო ახალი მიდგომა, მათ შორის, მთელი სამეთაურო ვერტიკალის დონეზე"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განაგრძობს მთავრობის და არმიის ხელმძღვანელობის შეცვლის პროცესს, იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს ფრონტის რამდენიმე უბანზე მასიურ შეტევებს.

ვითარება კვლავ სერიოზულია ავდეევკის, კუპიანსკისა და სამხრეთის მიმართულებით.

უკრაინამ 11 თებერვალს გამოაცხადა, რომ ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებული ოლექსანდრ პავლიუკი ინიშნება უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელად. პავლიუკი შეცვლის ოლექსანდრ სირსკის, რომელიც 8 თებერვალს დასახელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად - ამ პოსტზე მანამდე გენერალი ვალერი ზალუჟნი მსახურობდა.

უკრაინის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებებით, უკრაინის საზღვაო ძალების უწინდელი ხელმძღვანელი, იური სოდოლი ამიერიდან უხელმძღვანელებს უკრაინის შერეულ ძალებს. სოდოლმა შეცვალა სერჰი ნაევი, რომელიც აცხადებს, რომ თავისი გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო.

ოლექსანდრ პავლიუკი - უკრაინის სახმელეთო ჯარების ახალი სარდალი 2024 წლის 11 თებერვლიდან
ოლექსანდრ პავლიუკი - უკრაინის სახმელეთო ჯარების ახალი სარდალი 2024 წლის 11 თებერვლიდან

ორივე გენერალი, ოლექსანდრ პავლიუკიც და იური სოდოლიც, დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, ისე უკრაინელ სამხედრო ექსპერტებშიც, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ამ საკადრო ცვლილებას ომში გარდატეხაც უნდა მოჰყვეს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს და განახლებას, 2024 წელს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ომის წარმოების მიდგომისადმი პრინციპული ცვლილებების ჭრილში განვიხილავ. საქმე ისაა, რომ 2024 წელი უნდა გახდეს უკრაინისთვის გადამწყვეტი წელი. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, რადგან არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2025 წელს. ამიტომ უკრაინისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია გადამწყვეტი გამარჯვებების მიღწევა სწორედ 2024 წელს. ამისთვის ჩვენ გვაქვს დროის ძალიან მოკლე, დაახლოებით 2024 წლის აპრილ-ნოემბრის შუალედი, რომლის დროსაც საჭირო იქნება აქტიური საბრძოლო მოქმედებების განხორციელება და გარდატეხის მოხდენა ომის მსვლელობაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.

უკრაინის შძ-ის გაერთიანებული ძალების ახალი სარდალი იური სოდოლი (მარჯვნივ). ერთ-ერთი წვრთნის დროს ზურგით გადაჰყავს "დაჭრილი" მებრძოლი. 2018 წლის 8 მაისი
უკრაინის შძ-ის გაერთიანებული ძალების ახალი სარდალი იური სოდოლი (მარჯვნივ). ერთ-ერთი წვრთნის დროს ზურგით გადაჰყავს "დაჭრილი" მებრძოლი. 2018 წლის 8 მაისი

ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა, რისთვისაც საჭირო იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაცია მანამ, ვიდრე 2 წლის განმავლობაში რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის არმია მობილიზაციის კანონის ამოქმედების შემდეგ ახალ შევსებას მიიღებდეს.

„თანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინა ამ პერიოდში დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს შძ-ის პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობის მობილიზებას, ვინაიდან ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ სავარაუდოდ მხოლოდ აპრილისთვის შევა ძალაში, ხოლო ახლად მობილიზებულების ჩარიცხვა უკრაინის არმიაში მხოლოდ შემოდგომისთვის მოხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც ახლა უნდა დაიგეგმოს, განხორციელდება უკვე მობილიზებული პირადი შემადგენლობის და იმ ტექნიკის საშუალებით, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია. შესაძლოა, რომ უკვე ახლა ამას დაემატოს გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები, ATACAMS-ის რაკეტები და GLSDB-ები (ხმელეთიდან გასაშვები მცირე დიამეტრის ბომბები), რომლებიც გააძლიერებენ უკრაინის არმიას. მაგრამ ამისთვის საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები სწორედ მართვაში და პირადად მე ამასთან ვაკავშირებ გენერალ ზალუჟნის შეცვლასაც. მიმდინარე ომზე ზალუჟნის ჰქონდა უფრო ტრადიციული შეხედულება, რომლებსაც იგი 2022-2023 წლებში ქადაგებდა. ახლა კი საჭიროა უფრო ახალი მიდგომა, მათ შორის, მთელი სამეთაურო ვერტიკალის დონეზე. სწორედ ამით არის განპირობებული მიმდინარე საკადრო ცვლილებები შძ-ის ხელმძღვანელობაში“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 30 იანვარს დაამტკიცა და ვერხოვნა რადაში განსახილველად წარადგინა ახალი კანონპროექტი მობილიზაციის შესახებ.


კანონპროექტში მკაფიოდ არის განსაზღვრული ჯარში სამსახურის ვადები ომის პირობებში. ყველა ჯგუფის შშმ პირები გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან. მოხალისეებს მობილიზაციის შემდეგ ორთვიანი ვადა ეძლევათ პირადი საკითხების მოსაგვარებლად და მობილიზაციისთვის მოსამზადებლად.
კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ყოველწლიური ძირითადი შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ჯარის ნაწილების მიერ შეიძლება გაიცეს არანაკლებ 15 დღის ოდენობით. ტყვეობიდან გათავისუფლებული სამხედროები დამატებით მიიღებენ 90-დღიან შვებულებას, თუკი სამხედრო სამსახურის გაგრძელებას გადაწყვეტენ.

მობილიზაციის შემდეგ ყველა მოქალაქე გაივლის სავალდებულო სამხედრო სწავლებას 2-3 თვის განმავლობაში. კანონპროექტი ითვალისწინებს გაწვევის გაუქმებას და საბაზისო სამხედრო მომზადების შემოღებას. ამგვარი მომზადების 18-24 წლის ასაკის მონაწილე თავად ირჩევს, როდის გაიაროს სამხედრო მომზადება, რომელიც მაქსიმუმ 5 თვეს გასტანს.

დაკარგა თუ არა კონტრშეტევამ სტრატეგიული მნიშვნელობა?

უკრაინელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ მობილიზაციის ახალი კანონის ამოქმედება მნიშვნელოვნად განმუხტავს იმ დაძაბულობას, რომელიც ფრონტზე მყოფი, დაახლოებით 800 000 უკრაინელი სამხედრო პირის ოჯახებსა და ახლობლებში ბოლო ხანს შეიმჩნევა.

მათ რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია, რომელზეც ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ არ დაუშვას სამხედრო სამსახურის ვადის 36 თვემდე გახანგრძლივება და გამოაცხადოს იმ სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაცია, რომლებიც ჯარში უკვე 18 თვეზე მეტია მსახურობენ.

„სინამდვილეში, თუ არ მოხდა საკადრო გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ გენერალიტეტის შეცვლის დონეზე, არამედ იმ მხრივაც, თუ როგორ უნდა გადაწყდეს მებრძოლების რეკრუტირება ფრონტის ხაზზე, - შესაძლოა, ამან უკრაინაში შექმნას სოციალური აფეთქების საფრთხე, რომელიც ქვეყანას ქაოსში შეიყვანდა. ამიტომ, უმჯობესია, როგორც იტყვიან, ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა დამსახურებული გენერლების ჩანაცვლება ახალი სარდლებით, ვიდრე ქვეყანა შიგნიდან აფეთქდეს, რაც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს. გავიხსენოთ, რომ როდესაც კრემლი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გეგმავდა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ შიგნიდან აფეთქდებოდა და რუსეთის ტანკები უბრალოდ, წინააღმდეგობის გარეშე შემოვიდოდნენ უკრაინაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამოცემა „დეფენს ექსპრესის“ სამხედრო მიმომხილველმა ივან კირიჩევსკიმ.

უკრაინის გმირი, ბრიგადის გენერალი იჰორ სკიბიუკი, სადესანტო-მოიერიშე ძალების ახალი სარდალი
უკრაინის გმირი, ბრიგადის გენერალი იჰორ სკიბიუკი, სადესანტო-მოიერიშე ძალების ახალი სარდალი

ათ დღეში ზუსტად 2 წელიწადი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიდან, რომლის პირველ-ორ კვირაში რუსეთის არმიამ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა და კიევის ოლქს მიუახლოვდა.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული შედეგიანი თავდაცვისა და კონტრშეტევების შედეგად 2022 წლის მარტსა და აპრილში, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჯერ კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან განდევნეს. ამას მოჰყვა 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ჯერ ხარკოვის, შემდეგ კი ხერსონის ოლქიდან.

რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში მყოფი კიევისთვის ოფიციალურად გამოცხადებულ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება რჩება, მაგრამ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები ბოლო ხანს სულ უფრო ემხრობიან კონტრშეტევაზე უარის თქმას და ე.წ. სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლას.

გასულ წელს არაერთმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში ურჩევს უკრაინას დარჩეს თავდაცვაში, რათა თავიდან აიცილოს ტერიტორიების შემდგომი დაკარგვა. ამავე დროს, უკრაინის პარტნიორები განიხილავენ შესაძლო კომბინირებულ სტრატეგიას, რომელშიც „აქტიური თავდაცვა“ რუსეთის არმიის ზურგში მდებარე ობიექტებზე იერიშებთან იქნება შერწყმული.

სწორედ ასე ესმით „სტრატეგიულ თავდაცვაზე“ გადასვლის იდეა უკრაინელ ექსპერტებსაც.

„სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლა სრულიადაც არ გამორიცხავს მოულოდნელ კონტრშეტევას. მით უფრო, შეგვიძლია გავიხსენოთ კონტრშეტევა, რომლის შედეგადაც გენერალ სირსკის მეთაურობით 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის ოლქი გათავისუფლდა. მაშინ იქ ვითარება ისე გამოიყურებოდა, რომ უკრაინას არათუ კონტრშეტევისათვის, არამედ თავდაცვისთვისაც კი არ ჰყავდა საკმარისი ძალა. მაგრამ ზოგიერთი ოპერატიული ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინის დაჯგუფებამ მოახერხა კონტრშეტევაზე გადასვლა და გაარღვია ფრონტი, რომელსაც ერთბაშად რუსეთის რამდენიმე საერთო-საჯარისო არმია იცავდა“, - ამბობს ივან კირიჩევსკი.

რას საყვედურობენ გენერალ იგორ პლახუტას?

გენერალი ოლექსანდრ სირსკი, რომელიც ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშნა.

მის წინამორბედ გენერალ ვალერი ზალუჟნის კი მადლობა გადაუხადა და უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა. ხოლო ოლექსანდრ სირსკის ზელენსკიმ უწოდა ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაური, რომელსაც აქვს როგორც თავდაცვის წარმატებული გამოცდილება (კიევის დაცვის ოპერაცია), ასევე იერიშისა, როდესაც ხარკოვი გაათავისუფლა.

მიუხედავად რუსეთში გატარებული წლების და რუსული საბაზისო სამხედრო განათლებისა, გენერალ სირსკისადმი ნდობა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებში საკმაოდ მაღალია.

„გენერალი სირსკი არის მაგალითი იმისა, რომ რუსული სამხედრო განათლების მქონე ოფიცრები წარმატებით ეუფლებიან ნატოს სტანდარტებს. გენერალი სირსკი პუბლიკის თვალში შესაძლოა დიდად არ ასოცირდებოდეს სამხედრო ოპერაციის დაგეგმარების დასავლურ სტანდარტებთან. მას რუსეთში ცხოვრებას და რუსულ სამხედრო განათლებასაც წამოაძახებენ, მაგრამ ავიღოთ 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია. ეს ოპერაცია სწორედ ნატოს სტანდარტების მიხედვით დაიგეგმა. ასე რომ, დასავლურ სტანდარტებს შეუძლია, გააწონასწოროს უკრაინის ახალ სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებული ცალკეული საკადრო ნაკლოვანებები. თანაც სამხედრო ხელოვნების ისტორიას არ ახსოვს ისეთი გენერალი, რომელსაც ნაკლოვანება არ ჰქონოდა“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ივან კირიჩევსკი.

მას მხედველობაში ჰყავს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ახალი სარდალი, გენერალი იგორ პლახუტა.

როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, იგორ პლახუტას დანიშვნა გააპროტესტა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ზეციური ასეულის გმირთა ოჯახები“, რომელიც 2013-2014 წლების ღირსების რევოლუციის დროს კიევის მაიდანზე დაღუპული ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა ოჯახების წევრებს აერთიანებს.

მათი თქმით, იგორ პლახუტა, რომელიც იმხანად შინაგანი ჯარების სამხრეთის ტერიტორიული სარდლობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმს იცავდა.

„უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტზე იგორ პლახუტას დანიშვნა, ძალიან საინტერესო მიდგომაა ლუსტრაციისადმი. [პლახუტა] ღირსების რევოლუციის დროს იყო მაიდანზე და ხელმძღვანელობდა შინაგანი ჯარების ძალებს, რომლებიც არაერთხელ და სისტემატურად არღვევდნენ კანონს, პატივისა და საღი აზრის ცნებების საწინააღმდეგოდ, იყენებდნენ ფიზიკურ ძალას ...“ - ნათქვამია „ზეციური ასეულის გმირთა ოჯახების“ განცხადებაში.

კიდევ ერთი უკრაინული ორგანიზაცია "კორუფციის წინააღმდეგ ცენტრი" კი წერს, რომ იგორ პლახუტა "მაიდნის წმენდის მცდელობაში მონაწილეობდა".

თავად სარდალ პლახუტას ამ კრიტიკაზე რეაქცია არ გაუკეთებია.

მაგრამ „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, 10 წლის წინანდელი მღელვარე მოვლენის ზოგიერთმა მონაწილემ ისიც გაიხსენა, რომ პლახუტა იყო ერთ-ერთი ის მეთაური, ვინც დემონსტრანტებთან მოლაპარაკებებზე წავიდა და მაიდნიდან თავისი ქვეშევრდომების გაყვანას ცდილობდა.

სამხედრო ექსპერტ ივან კირიჩევსკის აზრით კი, სამხედრო ძალებში გენერალ იგორ პლახუტას იცნობენ ოფიცრად, რომელსაც კრიტიკულ მომენტებში ვითარების მართვა შეუძლია.

„მით უფრო, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ანუ ნატოს სტანდარტებით მსუბუქი ქვეითი ჯარი, ფლანგებიდან ფარავს კადრირებულ ბრიგადებს და აქედან გამომდინარე, ფრონტზე შექმნილი ვითარება, დიდწილად, ტერიტორიული თავდაცვის სარდლობის მხრებზე გადადის. ამიტომ, შესაძლოა, როდესაც გენერალ პლახუტას კანდიდატურა განიხილებოდა, ჩაითვალა, რომ საჭიროა ტერიტორიული თავდაცვის ძალების, როგორც ჯარის სახეობის მართვის სტაბილიზაცია გარკვეული მიმართულებით. ასეთ დროს საჭიროა გამოირიცხოს ერთგვარი პოლიტიკური ასპექტი და ყურადღება ფუნქციონალზე გამახვილდეს“, - ამბობს კირიჩევსკი.

11 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლად ბრიგადის გენერალი, უკრაინის გმირი იჰორ სკიბიუკი დანიშნა. 45 წლის სკიბიუკი ორი წლის წინ მეთაურობდა უკრაინის შძ-ის მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას, რომელმაც თავი ისახელა ბალაკლეის, კუპიანსკისა და იზიუმისთვის მიმდინარე ბრძოლებში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG