Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ ზალუჟნის გადაყენების "წარუმატებელი რეპეტიცია"


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გენერალი ვალერი ზალუჟნი "ვერხოვნა რადის" სხდომაზე. 2022 წლის 28 ივლისი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გენერალი ვალერი ზალუჟნი "ვერხოვნა რადის" სხდომაზე. 2022 წლის 28 ივლისი

Financial Times-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს შესთავაზა გენერალ ვალერი ზალუჟნის ახალი თანამდებობა, რაზეც უკრაინელმა გენერალმა უარი განაცხადა. გამოცემა ეყრდნობა ოთხ ადამიანს, რომლებიც ამ საკითხის გარშემო გამართული დისკუსიის მსვლელობას იცნობენ.

ცნობები, რომ ზელენსკიმ გენერალი ზალუჟნი დაითხოვა, 29 იანვარს გავრცელდა ტელეგრამარხებით და ზოგიერთი უკრაინული მედიასაშუალებით.

იმავეს აცხადებდა უკრაინის პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატიც.


29 იანვარს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰი ნიკიფოროვმა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ პრეზიდენტს მთავარსარდალი არ დაუთხოვია. მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანს არც ის უთქვამს, რომ ზალუჟნი თანამდებობაზე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ გენერალ ზალუჟნის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მალე დაკარგა აქტუალობა, უკრაინელ სამხედრო ექსპერტთა ერთი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ დროის და გარემოების საკითხია.

"ზალუჟნის გადაყენება გარდაუვალია"

უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთავარსარდალ, გენერალ ზალუჟნის შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი უკრაინაში გასული წლის ბოლოს დაიწყო.
ამის საფუძვლად იქცა გამოცემა The Economist-ის 2023 წლის ნოემბერის ინტერვიუ. გენერალმა ზალუჟნიმ მაშინ განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და იმის გამო, რომ უკრაინა და რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით ერთნაირად აღჭურვილი არიან, ომი პოზიციური ბრძოლის ეტაპზე გადავიდაო.

გენერლის შეფასებას პატური სიტუაციის შესახებ, ზელენსკი არ დაეთანხმა. მოგვიანებით, გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, ომით აღარ უნდა დაკავდნენო.

მიუხედავად ასეთი მინიშნებებისა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზელენსკისა და ზალუჟნის კონფლიქტს უარყოფდნენ.

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კომუნიკაციაშია ბატონ ზალუჟნისთან. რა თქმა უნდა, არის სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გარკვეული საუბრების გამართვა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეტევითი ოპერაციები, რა კორექტირებაა საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის უფრო ეფექტიანი გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ესაა ურთიერთობა ყოველდღიურად სამუშაო ფორმატში", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში საუბრის დროს.

მაგრამ ცეცხლზე ნავთი დაასხა მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა მარიანა ბეზუჰლამ, რომელმაც გენერალი ზალუჟნი არაკომპეტენტურაბაში დაადანაშაულა.

„გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ვერ წარმოადგინა რუსეთთან ომის წარმოების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. ვერც - დიდი, ვერც - პატარა, ვერც - ასიმეტრიული და ვერც - სიმეტრიული“, - წერდა მაშინ მარიანა ბეზუჰლა, რომელმაც ზალუჟნის საკითხში კოლეგებთან დაპირისპირების გამო პარტია „ხალხის მსახურის“ რიგებიდან გასვლაზე განცხადება დაწერა.

29 იანვარს, მარიანა ბეზუჰლამ გენერალი ზალუჟნი ალკოჰოლიზმში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

„რაც უფრო მალე გადადგება უკრაინის არმიის მთავარსარდალი, მით მეტი იქნება შანსი, რომ თავი დავაღწიოთ ადამიანების განადგურების ზედაპირულ ჯოჯოხეთს არა მხოლოდ რუსების, არამედ საკუთარი მოძველებული პოსტსაბჭოთა არმიის მიერ“, - წერს მარიანა ბეზუჰლა თავის ფეისბუკში.

უკრაინელი დეპუტატი არ იყო ერთადერთი, ვინც 29 იანვარს გენერალ ზალუჟნის შესაძლო გადაყენების შესახებ წერდა.

„უკრაინსკა პრავდას“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ზალუჟნი „გამოიძახეს და სხვა თანამდებობა შესთავაზეს, შესაძლოა, სადმე ელჩადაც“, მაგრამ მან უარი თქვა. წყარომ დაადასტურა, რომ თანამდებობიდან ზალუჟნის გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს.

Financial Times-ის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის ორი წლის განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი ცვლილების განსახორციელებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შესაცვლელად ემზადება. გამოცემა იმოწმებს ოთხ წყაროს, რომელთა თანახმად, ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის შესთავაზა ახალი თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა.

Financial Times-ის ორი წყაროს თანახმად, ზელენსკის ზალუჟნისთვის მკაფიოდ მიუნიშნებია, რომ იმისდა მიუხედავად, დათანხმდება თუ არა ახალ როლს, ზალუჟნი ამჟამინდელ თანამდებობას მაინც დატოვებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინელი გენერლის სავარაუდო გადაყენების ცნობამ უკრაინულ მედიაში გაჟონა, Financial Times-ის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ზალუჟნის გარკვეული დროის განმავლობაში არ მოხსნის.

ამ ცნობას სარწმუნოს უწოდებს ცნობილი უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო: „ამას მე შევაფასებდი, როგორც გადაყენების წარუმატებელ რეპეტიციას... გუშინ სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა ცნობები იმაზე, თითქოს ზალუჟნი მიიპატიჟეს ზელენსკის ოფისში, სთავაზობდნენ მას ელჩის თანამდებობას და სხვა. მე მთელი ეს ისტორია ძალიან მაგონებს [თავდაცვის მინისტრ] რეზნიკოვის გადაყენების ისტორიას. მაშინაც იყო რამდენიმე მცდელობა, იყო გაჟონვა შესაძლო გადაყენების თაობაზე და ბოლოს და ბოლოს ის [გადადგომა] მოხდა. ამიტომ თუ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობის განვითარებით ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, ზალუჟნის გადაყენება გარდაუვალია. ეს მხოლოდ დროისა და გარემოების საკითხია. თუმცა, წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისით ზელენსკისათვის არ არის მომგებიანი ზალუჟნის გადაყენება, რადგან ეს მას ბევრ, ნეგატიური პოლიტიკური შედეგის მქონე, პრობლემას შეუქმნის“, - განაცხადა ვლადიმირ ფესენკომ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ 2023 წლის 5 თებერვალს თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, თანამდებობას დატოვებდა და მას ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვი შეცვლიდა. ხოლო თავად რეზნიკოვი, არახამიას მტკიცებით, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად დაინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას კორუფციული სკანდალის ფონზე, ბევრი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, დავით არახამიას ამ განცხადებამ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მაშინ სახტად დატოვა.


„ამის შესახებ პირველად მესმის. მე არც სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსთან დაკავშირებით მქონია საუბარი ქვეყნის პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალთან“, - განაცხადა 6 თებერვალს რეზნიკოვმა და დასძინა, რომ მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა მასზე, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

საბოლოო ჯამში, რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე „ვერხოვნა რადამ“ 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში დაითხოვა. 6 სექტემბერს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგინებით, ქვეყნის პარლამენტმა რუსტემ უმეროვი დაამტკიცა.

"ომის დროს შეუძლებელია არსებობდეს დაპირისპირება ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის"

51 წლის ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.

ზალუჟნის დამსახურებას აღიარებს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინას 2024 წელს ესაჭიროება ახალი წარმატების სტრატეგია, რის გამოც ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ვერტიკალში ნებისმიერი საკადრო ცვლილებაა მოსალოდნელი.


„ის, რომ გენერალი ზალუჟნი სარგებლობს პატივისცემით და, მე ვიტყოდი, სახალხო სიყვარულით, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის, პირველ ყოვლისა, შედეგი აინტერესებს. თუ ის (ზელენსკი) ჩათვლის, რომ მისთვის არ არის მისაღები ის სტრატეგია, ის კონცეფცია, რომელსაც გენერალი ზალუჟნი სთავაზობს, მას შეუძლია გენერალი ზალუჟნი სხვა გენერლით ან სხვა იმ ხელმძღვანელით შეცვალოს, რომელმაც მას, შესაძლოა, 2024 წელს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევის კონცეფცია შესთავაზოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა.


რაც შეეხება დაპირისპირებას პრეზიდენტს ზელენსკისა და გენერალ ზალუჟნის შორის, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ ომის დროს, სამხედრო ვერტიკალში შეუძლებელია არსებობდეს დაპირისპირება ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის. „ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სამხედროებმა კარგად იციან, რომ ხელქვეითი უნდა წავიდეს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ტრადიციული, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას, გენერალ ვალერი ზალუჟნის შესახებ არაფერი უთქვამს.

თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია გენერალ ზალუჟნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა უკრაინის გენერალური შტაბის უფროს, გენერალ სერჰი შაპტალასთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელსაც 23 ათასზე მეტი მოწონება აქვს.

უკრაინული მედიის თანახმად, გენერალ ზალუჟნის გადაყენების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტს, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი კირილო ბუდანოვი დაიკავებს.

გასული წლის ბოლოს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა ორი საკითხი: 1. ვის უფრო მეტად ენდობიან უკრაინელები გენერალ ვალერი ზალუჟნის თუ გენერალ კირილო ბუდანოვს. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ერთი თვის წინ ვალერი ზალუჟნის მხარს უჭერდა რესპონდენტთა 94%, კირილო ბუდანოვს კი - 73%.

მეორე გამოკითხვა ეხებოდა ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადაყენების საკითხისადმი უკრაინელთა დამოკიდებულებას. რესპონდენტთა უდიდესმა უმრავლესობამ, 72%-მა განაცხადა, რომ ისინი ნეგატიურად ეკიდებიან ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG