Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოიდიპოს მეფე“ უნდა აგვიკრძალონ?!“ - არის თუ არა ანტიევროპული „ქართული ოცნების" ინიციატივა


8 თებერვალი, 2024 წელი. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.
8 თებერვალი, 2024 წელი. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.

„ამ კანონს თუ აამოქმედებენ, ფაქტობრივად, ნაწარმოები არ დარჩება მსოფლიო ლიტერატურაში, რომელიც არ უნდა აიკრძალოს“.

ფილოლოგი, ლიტერატორი და პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი და “კანვას საქართველოს” დირექტორი გიორგი მელაძე რადიო თავისუფლებასთან აფასებენ „ქართული ოცნების“ ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის მიღებას.

რა წერია პროექტში?

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება. „ქართული ოცნება“ უფრო შორს წავიდა და საკონსტიტუციო ცვლილების პაკეტი წარადგინა, თან ისე, რომ მის მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს. ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით აირჩევენ, მაშინ შეძლებს, მაგალითად, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება[კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 4].

კონსტიტუციური კანონის პროექტი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების „დედა - ქალია, მამა კი - კაცი“ [2023 წლის 4 მაისს პარლამენტში წარმოთქმული სიტყვიდან] სახელმწიფოს უზენაეს კანონში ასახვასაც ითვალისწინებს. პროექტში ეს ფრაზა ასეთი ფორმულირებით მოხვდა: ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს[კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 5].

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“ [კონსტიტუციური კანონის პროექტი, მუხლი 1, პუნქტი 7].

ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, ლიტერატორი, პარლამენტის ყოფილი წევრი.
ლევან ბერძენიშვილი, ფილოლოგი, ლიტერატორი, პარლამენტის ყოფილი წევრი.

ლევან ბერძენიშვილმა განმარტა, რას შეიძლება, გულისხმობდეს ამ შინაარსის ნაწარმოების აკრძალვა. „ოიდიპოს მეფე“ უნდა აგვიკრძალონ?!... როდესაც პარლამენტში შეიკრიბა ეს შემადგენლობა, სადაც მთელ უმრავლესობას ნახევარი წიგნი არ აქვს წაკითხული და ბიძინა ივანიშვილმა ანბანი არ იცის, ბუნებრივია, ისინი ასეთ კანონებს დაწერენ, მაგრამ ახლა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, ვინ, ვინ არის. მართალი გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილმა რომ შარლ პეროს შეუტია, გადავიტანეთ, მაგრამ ახლა უკვე მეტისმეტი მოსდით თავისი უვიცობით. რომ იცოდნენ, რას აკეთებენ, იქნებ არც გაეკეთებინათ“, - ამბობს ბერძენიშვილი.

1 თებერვალი, 2024 წელი. პარტია „ქართული ოცნების" ყრილობა.
1 თებერვალი, 2024 წელი. პარტია „ქართული ოცნების" ყრილობა.

ფილოლოგი მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, ხელისუფლებას მსოფლიო ლიტერატურის დაახლოებით 80%-ის აკრძალვა მოუწევს.

„ამ კანონს თუ აამოქმედებენ, ფაქტობრივად ნაწარმოები არ დარჩება მსოფლიო ლიტერატურაში, რომელიც არ უნდა აიკრძალოს. მაგალითად, მთელი ფოლკნერი უნდა გავაუქმოთ, „ხმაური და მძვინვარება“ ამოვიღოთ პროგრამიდან.

საერთოდ, გაუნათლებლობას და სიბნელეს, საზღვარი არ აქვს. ეს მოსდით იმიტომ, რომ ხმები უნდათ...

ლიტერატურა არასდროს არ არის მამუკებსა და ხუთოსნებზე. ლიტერატურა არის ინცესტზე, უბედურებაზე, მკვლელობაზე, ერთნაირსქესიანებსა და ა.შ. ლიტერატურას არასდროს არ აინტერესებდა (საბჭოთა ლიტერატურის გარდა) რაიკომის მდივნების ცხოვრება“, - თქვა ბერძენიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დროს ყველაზე მეტი, 93 ხმის მიმხრობა გასული წლის მაისში, იუსტიციის საბჭოში მისთვის სასურველი არამოსამართლე წევრების არჩევის დროს, შეძლო.

კონსტიტუციური კანონის მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას 100 ხმით დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ამავე რაოდენობის დეპუტატის მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებს.

საარჩევნო მიზნები

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვლილი.

„სრულიად მკაფიო სიგნალია მოსახლეობისთვის, რომ თუ უნდათ, რომ „ოჯახის სიწმინდე“ და „ქართული ტრადიციული ღირებულებები“ გადაარჩინონ, „ქართული ოცნება“ აირჩიონ კონსტიტუციური უმრავლესობით. მოკლედ, ხელისუფლებას უნდა, კიდევ ერთი მოტივატორი შექმნას ამომრჩევლებში. ეს განზრახვა არის სრულიად აშკარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

სოციოლოგის თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ საზოგადოების უმრავლესობა მგრძნობიარე და არსებითად ნეგატიური დამოკიდებულებისკენაა გადახრილი.

„ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს ძალიან სერიოზული გზა გასავლელი სექსუალური უმცირესობების მიმართ ადაპტაციის და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით. ის გაცილებით ჩამორჩება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის მიმღებლობას. ამ გამოწვევის შესახებ იცის „ქართულმა ოცნებამ“ და თამაშობს ამომრჩევლების ამ მგრძნობიარე ნერვზე“, - აღნიშნა მან.

კაჭკაჭიშვილის აზრით, ე.წ. რუსულ კანონსა და ახალ პროექტში აღნიშნული საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებულია.

მისი თქმით, ახლა „ქართულ ოცნებას“ იმის გარანტია მაინც აქვს, რომ ეს პროექტი მას ამომრჩევლებს არ შეუმცირებს, „რუსული კანონის“ შემთხვევაში ასე არ იყო. „სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ - ამ ორი პროექტისადმი საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავდება“, - შენიშნავს სოციოლოგი კაჭკაჭიშვილი და ამბობს, „აქ მარტივადაც არ არის საქმე. ახალი პროექტის ლობირება „ქართულმა ოცნებამ“ აქტიურად დაიწყო, მას გათვლა აქვს უმრავლესობაზე, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირებულებები და მოვლენები, რომლებსაც დიდი ფასი აქვს ქართული საზოგადოებისთვის - ეს ეხება ევროინტეგრაციას. ერთი მხრივ, ამ კანონის მიღება და, მეორე მხრივ, ევროინტეგრაციის მიმართ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა, ერთმანეთთან იოლად მოსარიგებელი არ არის“.

ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით შესაძლებელია მკაფიო წინააღმდეგობები შეხვდეს. თუ გაშიშვლდა ხელისუფლების ეს კურსი, ჩვენ სავიზო ლიბერალიზაციას დავკარგავთ, ვარაუდობს კაჭკაჭიშვილი.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას ულტრამემარჯვენე ძალებისთვისაც სურს ხმების წართმევა: „ქართული ოცნება“ არის ხარბი, მას არ უნდა, ძალაუფლება ვინმეს გაუყოს. ულტრამემარჯვენე, კონსერვატორების ხმებზეც ნადირობს, მათი გაკოტრებაც უნდა და მათი ამომრჩევლის მობილიზება“.

„ილიბერალური“ კონსტიტუციური კანონის პროექტი

Gnomon Wise-ის მკვლევრის, კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის განმარტებით, ფორმალური თვალსაზრისით, კონსტიტუციის შესაცვლელად არსებობს ორი გზა.

ახლა ყველა კონსტიტუციური ნორმა ქვეყანას მოქცეულია აქვს ერთ დოკუმენტში, სხვანაირად რომ ვთქვათ, ახლა საქართველოს აქვს უმეტესად კოდიფიცირებული კონსტიტუცია.

თუმცა შესაძლებელია, რომ ცალკეული შესწორება არ იყოს კოდიფიცირებული სახით და ცალკე მდგომ კონსტიტუციურ კანონად (მაგალითად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონი) ჩამოყალიბდეს და მასაც კონსტიტუციური ძალა ექნება.

დავით ზედელაშვილი, Gnomon Wise-ის მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი
დავით ზედელაშვილი, Gnomon Wise-ის მკვლევარი, კონსტიტუციონალისტი

ზედელაშვილმა „ქართული ოცნების“ პროექტის შეფასებისას, მათ შორის, აქცენტი დასვა პროექტის მე-6 პუნქტზე, რომელშიც წერია: აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.

როგორც ზედელაშვილმა გვითხრა, ცვლილების პროექტი თავისი შინაარსით არის „ფუნდამენტურად ილიბერალური“ და საბოლოოდ შინაარსობრივად არალიბერალურად აქცევს საქართველოს კონსტიტუციას.

„მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არსებობს განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, პერსონალური ავტონომია, მათ შორის, ეს იქნება ავტონომია გადაწყვეტის თუ ხელშეუხებლობის ნაწილში. ძირითადი მიმართულებით, ადამიანის პერსონალური თავისუფლების სივრცეს უმნიშვნელოვანესად ავიწროებს, ქმნის სოციალური კონტროლის ინსტრუმენტს, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში, არის ძალაუფლების კონსოლიდაცია და მიტაცება“, - ამბობს ზედელაშვილი.

კონსტიტუციონალისტის თქმით, ახალ შესწორებას შეუძლია „მთლიანად, შინაარსობრივად ააყირაოს საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგი... მასთან [დასავლურ ლიბერალურ-კონსტიტუციურ დემოკრატიასთან - რ.თ.] იმდენად ღრმა, ფუნდამენტური წინააღმდეგობა იქნება, რომ ეს იქნება რეჟიმის მხრიდან ღია განაცხადი, რომ ქვეყანა შინაარსობრივად და არსობრივად არის ილიბერალურ რეჟიმში“.

საბოლოო ჯამში, ზედელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, არსებითად „რუსული კანონის“ დაბრუნება, ოღონდ მისი კონსტიტუციის რანგში აყვანა.

Gnomon Wise-ის მკვლევარს მიაჩნია, რომ პროექტი პირდაპირ გულისხმობს მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოებების ცენზურას.

„საქართველოს კონსტიტუციით, ცენზურა აკრძალულია, რაც შესწორების შემდეგ ან შეიცვლება, ან იმგვარად განიმარტება (საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ წინააღმდეგობა არ არსებობს), როგორც მათთვის არის მიღებული. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო რეჟიმის მიერ არის მიტაცებული. პირველი ნაწილი ამ რეჟიმის ჩამოყალიბებისა იყო საჯარო ინსტიტუტების სრულად მიტაცება, ახლა კი შემდგომი ნაბიჯი არის საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოპოვება. საქართველოს ფორმალური თვალსაზრისითაც აღარ ექნება კონსტიტუციური დემოკრატია. ეს ცვლილებები ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილში, სრულად საყრდენი გამოეცლება“, - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, „კანვას საქართველოს" დირექტორს გიორგი მელაძეს არ უკვირს „ქართული ოცნების“ ასეთი გადაწყვეტილება და ხსნის რატომაც:

გიორგი მელაძე, „კანვას საქართველოს" დირექტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი.
გიორგი მელაძე, „კანვას საქართველოს" დირექტორი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი.

„მათვე ეკუთვნით საკონსტიტუციო ცვლილება ოჯახის დეფინიციის შესახებ, ასევე, სხვადასხვა ტიპის რადიკალური კამპანიები, რომლითაც პირდაპირ ებრძვიან განსხვავებული ორიენტაციის ქვიარ ჯგუფებს, ამიტომ ბუნებრივი მგონია, რომ ასეთი კამპანია ექნებოდათ არჩევნებზე. არც უნგრეთთან თანამშრომლობა არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს ერთ-ერთი ორბანისეული ინიციატივაა. რა თქმა უნდა, შეეცდებიან ამ თემაზე ილაპარაკონ და არა ეკონომიკაზე, საგარეო კურსზე, დასავლეთთან დაახლოების მომავალ გეგმებზე... რადიკალურ ნარატივებს გამოიყენებენ, რომ „გაახურონ“ თავისი ამომრჩეველი. ცდილობენ, მოტივაცია შესძინონ ამომრჩეველს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი მელაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლების მიზანი არის დროის მოგება და ამიტომ ცდილობს ყურადღების გადატანას.

„რუსეთში 90-იან წლებში შეიქმნა ოლიგარქიული კლანი და მშვენივრად დააცემენტა პუტინის სისტემა, რომლითაც მივიდნენ კიდეც უკრაინასთან ომამდე.

ჩვენთან ბოლო ათი წელია, რაც ჩამოყალიბდა და მოძლიერდა ახალი ფეოდალური კლანი. ისინი შეეცდებიან, რომ ისეთი სისტემა შექმნან, რომელიც მათი ლეგიტიმურობის მიმართ კითხვებს მოხსნის და დროს მოაგებინებს. საზოგადოებას რაღაცნაირად შეაგუებს ამ რეალობას.

...ისინი ევროკავშირთან დაახლოებას ვერ აღიქვამენ საფრთხედ, გრძელვადიან პროექტად ეჩვენებათ. იმ მომენტამდე კი შეეცდებიან თავისი უკანონო ქონებისა და ქცევის ლეგალიზებას“, - გვითხრა მელაძემ.

ის მოელის, რომ „ქართულ ოცნებას“ ყალბი საკანონმდებლო ინიციატივების მთელი კასკადი ექნება, რომლებსაც ყურადღების გადატანის გარდა, სხვა შინაარსი არ ექნება.

მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო შესწორების მიღებამდე, „ქართული ოცნება“ მიმდინარე წელს გარანტირებულად გეგმავს კანონებში ცვლილებების მიღებას, რომლებშიც გაცილებით უფრო დაკონკრეტდება საკითხები.

კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში ინიციირებამდე საკითხის შეფასებისგან თავს იკავებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG