www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 3 ივნისი 2008 
  მილადა ჰორაკოვას გმირობა - საოპერო სცენაზე  
  მარიამ ჭიაურელი, პრაღა  

 
მილადა ჰორაკოვა ჩეხების ეროვნული გმირია, კომუნისტების წინაშე დაუმორჩილებლობის სიმბოლო - შეიძლება ითქვას, ისევე როგორც ვაცლავ ჰაველი. მაგრამ ჰაველისაგან განსხვავებით, ჰორაკოვა რეჟიმის დამხობას ვერ მოესწრო. მას სასამართლო პროცესი მოუწყეს და, სამშობლოს ღალატისა და შეთქმულების ორგანიზების ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს. ეს ამბავი ჯერ კიდევ 1950 წელს მოხდა. წელს კი პრაღაში დაიდგა ოპერა, რომელშიც ჰორაკოვას გამბედაობა და ტრაგიკული ბედია ასახული. “ხვალე იქნება” - ასე ეწოდება ამ ოპერას.

[მუსიკა: ნაწყვეტი ოპერიდან “ხვალე იქნება”]

მოქმედების ცენტრში სასამართლო პროცესი დგას. როგორ მიმდინარეობდა ის, ცნობილია საარქივო მასალებით, რაზეც დღეს ნებისმიერ მოქალაქეს მიუწვდება ხელი. შემონახულია მაგალითად, ეს ჩანაწერი: თვით მილადა ჰორაკოვას ხმა: [ჰორაკოვას ხმა] “დიახ, მე არ ვემხრობი თებერვლის გადატრიალებას და არც იმას, როგორც ის განხორციელდა. ამის წინააღმდეგ გამოვედი. ჩვენ უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს ახალი რეჟიმის მიმართ და გვსურდა მისი შეცვლა”.

ეს შეუპოვრობა ძვირად დაუჯდა ჰორაკოვას - ჩეხოსლოვაკიის სახალხო სოციალისტური პარტიის წევრს, პარლამენტის წევრს, რომელმაც მანდატზე უარი თქვა 1948 წლის თებერვალში ხელისუფლების სათავეში კომუნისტების მოსვლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მეგობრები ემიგრაციაში წასვლას ურჩევდნენ, მაგრამ ჰორაკოვამ გაქცევა არ მოისურვა.

[ჩერვენას ხმა] “ყველანი შევთანხმდით, რომ მე-20 საუკუნის უდიდეს ქალად და მე-20 საუკუნის უდიდეს გმირად მილადა ჰორაკოვა მიგვაჩნია და რომ აუცილებელია მისი ამბის მოყოლა, ხშირად მოყოლა. ცხადია, მასზე წიგნებია დაწერილი, შეიქმნა პიესაც, რომელიც პრაღის ერთ-ერთ თეატრში “ლა ფაბრიკაში” დაიდგა, მაგრამ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს საქმე უნდა გაგრძელდეს”, - ამბობს მომღერალი სონა ჩერვენა, რომელიც ახალ ოპერაში ჰორაკოვას განასახიერებს.

სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა ირჟი ნეკვასილმა დადგა, პრაღის წლევანდელი თეატრალური სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ სიახლედ ითვლება. კმაყოფილი ჩანს ოპერის კომპოზიტორი ალეშ ბჟეზინაც: [ბჟეზინას ხმა] “ყველაზე ძალიან ის მიკვირს, რომ ოპერას ძალიან ემოციური რეაქცია ახლავს. თავდაპირველად მსმენელი იგებს ფაქტებს, ვინ იყო ჰორაკოვა, სად და როგორ იქნა დაპატიმრებული. მაგრამ ოპერის დაახლოებით შუა ნაწილიდან ჩანს, რომ მსმენელი უფრო ემოციური ხდება, ჩართულია მოქმედებაში. ფინალურ ნაწილში კი აუდიტორიაში ხედავ ხალხს, რომელსაც თვალებში ცრემლი აქვს, იმდენად დიდია შთაბეჭდილება - და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა. ეს ძალიან მიხარია. ამას არ მოველოდი”.

არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail