www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 28 მაისი 2008 
   
  იური ვაჩნაძე, თბილისი  

 
გამოჩენილ ამერიკელ ტენორ-საქსოფონისტს, ჯაზის ლეგენდა ჯონ კოლტრეინს,
მის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება ყოველკვირეული პროგრამის დღევანდელი გამოშვება.

მუსიკალური შესავალი [“Billie’s…” უკრავს ჯონ კოლტრეინი]

“ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი სიკეთის გამტარებელი” _ ეს სიტყვები ეკუთვნის თანამედროვეობის უდიდეს ტენორ-საქსოფონისტ ჯონ კოლტრეინს. აფროამერიკელი მუსიკოსის ცხოვრების დევიზი იყო “ღმერთი, სიყვარული, მუსიკა”. მასშტაბის მიხედვით, კრიტიკოსები ჯაზის ამ ტიტანს ოკეანეს ადარებდნენ ხოლმე. გარდა ტენორისა, კოლტრეინი აგრეთვე შესანიშნავად უკრავდა სოპრანო-საქსოფონზე. მან პირველმა გამოიყენა თავის ხელოვნებაში ინდური მუსიკის ელემენტები. ჯონი “ფენებად” აწყობდა მუსიკალურ ბგერებს და გასაოცარი სისწრაფით ასრულებდა გამისებურ პასაჟებს. მისმა საშემსრულებლო მანერამ უდიდესი ზეგავლენა იქონია მომდევნო პერიოდის თითქმის ყველა მუსიკოსზე. უნდა ითქვას, რომ მეტად უცნაური იყო კოლტრეინისეული აქცენტირება და რიტმი: იგი ხშირად ცდილობდა ჯაზის სტანდარტებად აღიარებული ფრაზირების შეცვლას. თავისი კარიერის დასაწყისში კოლტრეინი ჰარდ-ბოპის სტილში უკრავდა. მოგვიანებით მან შესრულების წყვეტილი სტილი გამოიმუშავა, ალბათ, სონი როლინსის ზეგავლენით. ამის შედეგად, პიესის მელოდიური ხაზი უჩვეულო, დაკლაკნილი მუსიკალური ფიგურებით, ნაგლეჯების სახით იყო წარმოდგენილი. მუსიკოსი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ბგერა ეხმარა ყოველ ტაქტში. გამოჩენილ პიანისტ თელონიუს მონკის მსგავსად, კოლტრეინი იმ კატეგორიის მუსიკოსებს ეკუთვნოდა, რომლებსაც უყვართ სიმეტრიის დარღვევა. ორივეს ტეხილი, ტლანქი ხაზები ახასიათებდა, ორივე იყენებდა უჩვეულო მეტრულ ფიგურებს, რაც გრაუნდ-ბიტისაგან მოწყვეტით სრულდებოდა. 50-იანი წლების ბოლოს კოლტრეინმა დაამუშავა სისტემა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა სტანდარტული ჰარმონიით გათვალისწინებული ერთი აკორდის ნაცვლად ოთხი დაეკრა. უკვე 60-იანი წლების შუა პერიოდში ჯონმა უარყო “კილოური” (”ლადური”) პრინციპები და ე.წ. “თავისუფალი ჯაზით” დაინტერესდა, თუმცა კილოურ პიესებს მაინც სიცოცხლის ბოლომდე უკრავდა. მუსიკაში კოლტრეინის ხასიათი უზენაეს სფეროებთან კონტაქტის ძიებაში ვლინდებოდა. ამ თვალსაზრისით, მისი ზოგიერთი ნაწარმოები, ბახის ან პერსელის ნაწარმოებების მსგავსად, სასულიერო მუსიკის სფეროს მიეკუთვნებოდა. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სავსებით სამართლიანად აღნიშნა, რომ “ჯაზი ვერასოდეს განთავისუფლდება კოლტრეინის ზეგავლენისაგან”.

მუსიკალური ჩანართი [“Lover”, უკრავს ჯონ კოლტრეინი]

ჯონ უილიამ კოლტრეინი დაიბადა 1926 წლის 23 სექტემბერს ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის პატარა ქალაქ ჰემლეთში, მკერავის ოჯახში. დედამისი სწავლობდა მუსიკას ლივინგსტონის კოლეჯში და საეკლესიო გუნდში ფორტეპიანოზე უკრავდა. თვითონ ჯონმა კლარნეტზე დაკვრა დაიწყო ადგილობრივ ორკესტრში. შემდგომში კლარნეტი შეიცვალა ალტ-საქსოფონით.

ახალგაზრდა მუსიკოსის კერპი იმხანად იყო დიუკ ელინგტონის ორკესტრის საქსოფონისტი ჯონი ჰოჯესი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჭაბუკი ფილადელფიაში გაემგზავრა და იქ შაქრის ქარხანაში შეუდგა მუშაობას. ერთდროულად იგი მუსიკაში მეცადინეობას განაგრძობდა. 1945 წელს კოლტრეინი პირველად გამოვიდა პროფესიულ სცენაზე, ჯიმი ჯონსონის ბიგ-ბენდის შემადგენლობაში. სულ მალე მუსიკოსი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

ჰავაის კუნძულებზე ჯონი უკრავდა “Melody Masters” სამხედრო ორკესტრში. ერთი წლის შემდეგ ის ფილადელფიაში დაბრუნდა და ჯო უების ანსამბლში დაიწყო მუშაობა. მომდევნო პერიოდი კოლტრეინის ცხოვრებაში აღინიშნა თანამშრომლობით კინგ კოლასთან, დიზი გილესპისთან და თავისი ახალგაზრდობის კერპთან - ჯონი ჰოჯესთან.

მუსიკალური ჩანართი [“Invitation”, უკრავს ჯონ კოლტრეინი]

კოლტრეინის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯაზის ტიტანმა მაილს დევისმა, რომელმაც ამოიცნო ახალგაზრდა საქსოფონისტის დიდი ნიჭი და თავის კვინტეტში მიიწვია სამუშაოდ. მიუხედავად ამ ჯგუფში მუშაობის მძიმე პერიოდისა, როდესაც კოლტრეინს, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამო, გარკვეული დროით კოლექტივის დატოვება მოუხდა, დევისმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კოლტრეინის შემოქმედებაზე. შემდგომში ჯონმა ჩამოაყალიბა საკუთარი კვარტეტი, თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან - ერიკ დოლფისთან, დიუკ ელინგტონთან, მომღერალ ჯონი ჰარტმანთან. მიუხედავად იმისა, რომ კოლტრეინი სულ ახალგაზრდა, 41 წლის ასაკში, გარდაიცვალა, მისმა შემოქმედებამ ჯაზის ისტორიაში უზარმაზარი კვალი დატოვა.

მუსიკალური ჩანართი [“Russian…” უკრავს ჯონ კოლტრეინი]

არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail