www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 22 ივნისი 2008 
  ყოველკვირეული პროგრამა  
  დავით გამყრელიძე  

 
audio clipროგორი იყო განვლილი კვირა დავით გამყრელიძისთვის? თავის ჩანაწერებს წაგვიკითხავს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე.



15 ივნისი, კვირა
გუშინ საღამოს უცნობი ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე. აღმოჩნდა რომ მარინა რეკავდა ვაშაყმაძე. თემა - “‘თავისუფლების’ დღიურები”. მარინამ ადრეც მთხოვა ამ პროექტში ჩართვა, მაგრამ მოუცლელობის გამო უარი ვუთხარი. გუშინ უარის საბაბი ნამდვილად აღარ მქონდა და მეც დავთანხმდი. აქვე ვიტყვი რომ ჩემი აზრით “‘თავისუფლების’ დღიურები” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია საქართველოს ბოლო პერიოდის ჟურნალისტიკაში. მაშ ასე:
დიდი ხნის მოუცლელობის შემდეგ პირველი კვირა დღეა, როცა სახლში ვარ დილით და არსად გავრბივარ. ცოტა უჩვეულოდ კი ვგრძნობ თავს. ეტყობა, დასვენებამაც გადაჩვევა იცის. მაინც ადრე გამეღვიძა და ლინდასთან ერთად სასეირნოდ ვერის ქუჩებს მივაშურე. მეზობლებიც ცოტა გაკვირვებით მესალმებიან, მე კი დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. დღეს ხომ 15 ივნისია, ჩვენი პარტიის დაბადების დღე. ზუსტად შვიდი წლის წინ ბევრეთის ქუჩაზე პარტია “ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. მერე, საღამოს – კუს ტბის ეთნოგრაფიული მუზეუმი არაჩვეულებრივი წარმოდგენით, კონცერტითა და უამრავი ხალხით. მაშინ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მთელი თბილისი იქ იყო. ის საღამო, ლეკას და ბასა ფოცხიშვილის დამსახურებით, მართლა ძალიან კარგი გამოვიდა.
ისე, რამდენი რამე მოხდა ამ შვიდი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში და “ახლები” ყველგან მოვლენების ეპიცენტრში ვიყავით. ჯერ იყო იმ დროისთვის თითქოსდა უძლეველი მოქკავშირის დაშლა, რაშიც ჩვენმა საპარლამენტო ფრაქციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. ისე, სხვათა შორის, ყველას დაავიწყდა, როგორ გვებრძოდა მაშინ მიშა სააკაშვილი და ხმალამოღებული როგორ იცავდა მოქკავშირს...
მერე – მიშას “ვარდების რევოლუცია” და სრული ეიფორია ქართულ საზოგადოებაში. ამ უბედურებას წინააღმდეგობა მაშინაც მხოლოდ მემარჯვენეებმა გაუწიეს. “ნეობოლშევიკური გადატრიალება” - ასე შევაფასეთ ჩვენ მიშას ეს ავანტიურა. სამწუხაროდ, საზოგადოებას საკმაო დრო დასჭირდა ამის მისახვედრად და, როცა მიხვდა, აღმოაჩინა, რომ ტიპური ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, სადაც აღარც თავისუფალი არჩევნებია, აღარც სიტყვის თავისუფლება, აღარც სამართალი და აღარც თავისუფლება. მგონი, იმედის ქონის უფლებაც კი ჩამოართვეს ამ ხალხს. “ახლები” კარგა ხნის განმავლობაში სრულიად მარტო ებრძოდნენ მიშას და მის ბოლშევიკურ რეჟიმს – პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ.
ეს პარტია ყოველთვის ზნეობრივი პრინციპებით ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში და ახლაც, ამ კრიმინალური საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ახლებმა”, რომლებმაც გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველაზე მეტი, 5 მანდატი მოიპოვეს, უსიტყვოდ გააკეთეს ზნეობრივი არჩევანი – უარი თქვეს ამ პარლამენტის წევრობაზე. არ ვიცი, პრაგმატულად რას მოუტანს ეს პარტიას, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოშიც უნდა დადგეს “იდეალ-პოლიტიკის” დრო. ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

16 ივნისი, ორშაბათი
დილით 6 საათზე გამეღვიძა. ეტყობა, “პახმელიის” ბრალია. გუშინ გვიანობამდე სუფრასთან შემოვრჩი. ლალი ვაჩიბერიძემ, ჩვენი პარტიის სულმა და გულმა, იკისრა იუბილის პურმარილი და ვიწრო წრე წავკისში დაგვპატიჟა. საოცარი ოჯახია, ყველა ჩვენი გულშემატკივარი. ასეთი საღამოები ძალიან მიყვარს. სულ შინაურები ვიყავით და სალაპარაკოც და ხმამაღლა საფიქრალიც ბევრი გვქონდა დაგროვილი. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში საკმაოდ ბევრი ღვინის დალევაც გამომივიდა.
როგორ არ ვეცადე, მაგრამ ძილი ვერაფრით ვერ შევიბრუნე. ძალაუნებურად ფიქრებში მივდივარ: რა იქნება? როგორ უნდა მოიქცე, რომ მიშამ ბოლომდე არ მოკლას პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში? ლოგინიდან ავდექი და ვერანდაზე ჩემი მცენარეების მოვლას შევუდექი. თბილი და მზიანი დილაა. სისხამ დილით თბილისი სულ სხვანაირია, გარინდული და თითქოს მომლოდინე. ამ დროს ეს ქალაქი ყველაზე ახლობელია ჩემთვის. მერე, როცა ქუჩები ივსება ხალხით, მანქანებით, რაღაც სიუცხოვეს ვგრძნობ.
ჩემი ფოტოაპარატი გადმოვიღე და რამდენიმე ფოტო გადავიღე ვერანდიდან. რამდენი ხანია, ფოტოაპარატი ხელში არ მჭერია! მგონი, სექტემბრიდან მოყოლებული. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და ხანდახან კარგი ფოტოებიც გამომდის. პატარა რომ ვიყავი, ყველაზე უფრო მარჯანიშვილის მოედანზე, ფოტომაღაზიაში მიხაროდა მისვლა. იქ ვყიდულობდი ფოტოქაღალდს, გასამჟღავნებელ და საფიქსაჟო მასალებს. მერე შევიკეტებოდი ბნელ აბაზანაში და საათობით ვბეჭდავდი ჩემ გადაღებულ ფოტოებს. ახლა – ციფრული აპარატი, კომპიუტერი... ყველაფერი გამარტივდა. ამ ბოლო დროს საქართველოში ვერაფერს ვეღარ ვიღებ. ფოტოაპარატით რომ გამოვდივარ, ყველა მე მიყურებს გაკვირვებული. ამიტომ ამ ჟინს საზღვარგარეთ ყოფნისას თუ ვიკლავ.
ნელ-ნელა წასვლის დროც მოდის. პარტიაში შეხვედრები მაქვს დანიშნული. მერე ნანა უნდა ვნახო კაკაბაძე. ქალთა კოლონიაში უკვე მერვე დღეა, პატიმარი ქალები შიმშილობენ. რამდენი უსამართლობაა ამ ქვეყანაში! როდემდე გაუძლებს ხალხი ამ ყველაფერს? თუმცა, ყველაფერი ისევ ხალხზეა დამოკიდებული.

17 ივნისი, სამშაბათი
12 საათზე გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო შეიკრიბა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მგონი, ამდენხნიანი მუდმივი “ფორს მაჟორის” შემდეგ პირველად მოგვეცა სერიოზული ანალიზისა და განსჯის საშუალება. ფაქტია, რომ სააკაშვილი ძალიან ცდილობს, პუტინს მიბაძოს და პოლიტიკური პროცესების სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს. სამწუხაროდ, დასავლეთიც სირაქლემას პოზაში დგას და რეალურად ჯერჯერობით არაფერს იმჩნევს. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში რაღაც ახალი სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა სჭირდება ოპოზიციას. როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ქვეყნის შიგნით? რა უნდა გაკეთდეს უცხოელების გასააქტიურებლად? სამსაათიანი დისკუსია დათო საგანელიძის დაბადების დღის აღნიშვნაში გადაიზარდა. ბუტერბროდები, ტორტი, შამპანური და ბევრი ტელეკამერა...
საღამოს ნინო ბურჯანაძე გამოჩნდა საზოგადოებრივი არხის ტელეეკრანზე საკუთარი ფონდის შექმნის იდეით. ზედმეტად ზომიერია ხელისუფლების მიმართ. ფაქტია, უფრთხის სააკაშვილთან დაპირისპირებას. ბევრს ლაპარაკობს დემოკრატიის პრობლემებზე, ადამიანის უფლებებზე, პარლამენტის როლზე, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, მათ ინსტიტუციონალურ გარანტიებზე, მაგრამ არ საუბრობს საკუთარ როლზე ამ პრობლემების შექმნაში. სხვა ეპიზოდებს თავი რომ დავანებოთ, ნინო ბურჯანაძეს ნამდვილად შეეძლო, რომ საქართველოს ერთპატიული პარლამენტი არ ჰყოლოდა. შეეძლო მაშინ, როცა ნაცმოძრაობა სააკაშვილის დავალებით, კანონის სრული დარღვევით, კონსტიტუციას ცვლიდა და საკუთარ საარჩევნო ინტერესებს არგებდა. ამ დროს პარლამენტის წინ შიმშილობდა ეროვნული საბჭო, ბურჯანაძის მისაღებში – მთელი ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია, მას კი სხდომები მიჰყავდა და აქტიურად უჭერდა მხარს ამ უკანონობას. მისი პრინციპული და სამართლიანი პოზიცია გადამწყვეტი იქნებოდა იმ მომენტში და ქვეყანაც დღეს სულ სხვა პოლიტიკურ რეალობას მიიღებდა. მაგრამ მან საკუთარი პოლიტიკური გარანტიები არჩია სამართლიანობასა და თავისუფალ არჩევნებს. მერე თავად გახდა იმ ყველაფრის მსხვერპლი. აწი ვნახოთ, რას იზამს. თუ ის დღეს მაინც გულწრფელია თავის სურვილებში, მე მას წარმატებას ვუსურვებ.
ევროპაში საფეხბურთო ციებ-ცხელებაა. შესაბამისად –საქართველოშიც. ყველა ქართველს სჯერა, რომ ორი რამე იცის ყველაზე უკეთ: პოლიტიკა და ფეხბურთი. ასე რომ, დღეს ყველა ფეხბურთზე და პოლიტიკაზე ლაპარაკობს. იტალია მეოთხედფინალში გავიდა – VIVA ITALIA!!!

18 ივნისი, ოთხშაბათი
დღეს პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გქვონდა. “ახალი მემარჯვენეების” ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პარტია პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. მთელი ამ შვიდი წლის მანძილზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში “ახლების“ ფრაქცია ყოველთვის პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში იყო. ამ რეალობიდან გამომდინარე, პარტიას სერიოზული რეორგანიზაცია სჭირდება, როგორც სტრუქტურული, ისე საკადრო თვალსაზრისით. ყველაფერი ერთ შეხვედრაზე ვერ გადაწყდება, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი მუშაობაა საჭირო რეგიონებში. იქ ამომრჩეველი ნაკლებად ინფორმირებულია და მეტად შეშინებული. უფრო მეტ დროს უნდა ვატარებდეთ პოლიტიკოსები თბილისს გარეთ. მეორე სერიოზული თემა ამერიკა და დასავლეთია. თუ ჩვენ მეგობარ ქვეყნებს უკეთ არ ავუხსენით, რა ხდება საქართველოში, რა რეჟიმი ჩამოაყალიბა სააკაშვილმა და ვინ ვართ ჩვენ, ამ ხელისუფლების ოპოზიცია, რა გვინდა და რისთვის ვიბრძვით, ისე არაფერი გამოვა. მიშა ყველა არჩევნებს ასე და კიდევ უარესად გააყალბებს. სწორედ ამ საკითხებზე გქვონდა დღეს ორსაათიანი მსჯელობა. გარკვეული გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. ვნახოთ, რა გამოვა...
საღამოს შედარებით ადრე, 10 საათზე დავბრუნდი სახლში. დევი უნდა მოვიდეს ხეჩინაშვილი სტუმრად. დიდი ხანია, არ მინახავს, პრაქტიკულად ახალი წლის შემდეგ. ბევრი სალაპარაკო დამიგროვდა დევისთან. მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩვენც დიდხანს ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ძირითადად – პოლიტიკაზე. მაგრამ მე სადაზღვევო ბაზრის ამბებიც მაინტერესებს, სხვა თუ არაფერი, ჩემი შეგნებული ცხოვრების მთელი 10 წელი ამ საქმეს შევალიე. ბევრი რამ შეცვლილა, ბევრი სიახლეა, მაგრამ, როგორც ყველგან, აქაც უამრავი პრობლემაა. ამასობაში ნინო სამხარაძემ “ალიასთვის” ჩემთან ინტერვიუს ჩაწერაც მოასწრო ტელეფონით. ისე კი, დაღლილი ვიყავი, მაგრამ ნინოს უარი ვეღარ ვუთხარი. კიდევ კარგი, ზოგიერთი გაზეთი რომ ახერხებს თავისუფლად წერას! ეტყობა, მიშა ფიქრობს: წერონ და იკითხონო.

19 ივნისი, ხუთშაბათი
დილა ჩვეულებრივ, გაზეთებით დაიწყო. ვერა და ვერ ვეღირსე საქართველოში, რომ გაზეთები დილით ადრე მოიტანოს ფოსტალიონმა. 10 საათზე თუ მოვიდა, მადლობელი უნდა იყო. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ყველა გაზეთის საკვირაო, ვრცელი გამოცემები ორშაბათს რომ მოდის, ეს ნამდვილად უნიკალურია! მთელ მსოფლიოში კვირაობით იმიტომ უშვებენ სქელტანიან ნომერს, რომ ადამიანს კვირას მეტი დრო გაქვს გაზეთის წასაკითხად. აქ კი ორშაბათს, როცა დილიდან, ბუნებრივია, უამრავი საქმე გაქვს დაგემილი, მთელი კვირის ამბები, ანალიზი და პლიუს – ორშაბათის გაზეთებიც ერთად გეყრება თავზე!
მგონი, ცოტა მოვწყდი რეალობას. ამ ქვეყანაში მარტო ეგ რომ იყოს პრობლემა, კი გაუძლებდა კაცი J.
პარტიაში გარკვეული დრო მთავარი კომიტეტის გუშინდელი გადაწყვეტილებების რეალიზაციას მოვანდომე. მე, ფიქრია, მამუკა, მანანა და გოგა ასათიანი კარგა ხანს ვმსჯელობდით დეტალებზე. ისე, ნამდვილად ძალიან კომფორტულია ასეთ ერთგულ და თანამოაზრე გუნდში მუშაობა. რა არ გამოვიარე ამ ხალხთან ერთად და ერთხელ არ მიგრძნია დისკომფორტი. მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა – სკოლაშიც, ინსტიტუტშიც და პარტიაშიც. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ საკმაოდ იშვიათი. ისე, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი მაინც ჩემი მეუღლეა. 30 ივნისს ჩვენი ქორწინების 23 წელი სრულდება. რა პატარები ვიყავით მაშინ: მე 21-ის, მარინა – 18-ის. ახლა უკვე ჩვენი შვილები არიან ამ ხნის: ერეკლე 22-ის, ნინუკა – 17-ის, მე კი, როგორც ბავშვებს, მაინც ისე ვუყურებ. რა მალე გადის დრო!..

პარასკევი, 20 ივნისი
დილით ნიკო ორველაშვილი მოვიდა ოფისში. ნიკო საგარეჯოში იყრიდა კენჭს და დღემდე ვერ შეეგუა იმ ძალადობას და უსამართლობას, რისი მომსწრეც გახდა 21 მაისს. მართლა ძნელია, იმ ტერორის და გაყალბების შემსწრე, მშვიდად უსმენდე ადამიანებს, განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობენ. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს, თავისუფალ მედიას, თავისუფალ სასამართლოს და, რაც მთავარია, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეობას. მე ასე არ ვფიქრობ და ასე არ ფიქრობს საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. აქვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა: მაშინ რატომ ეგუება ხალხი ამას?
დღის განმავლობაში ბევრ ვინმეს ვხვდები, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, მათ უმეტესობას ამ დღიურებში ვერ მოვიხსენიებ. ხალხს უკვე ქუჩაში მოსალმების ეშინია, აღარ ვლაპარაკობ შეხვედრაზე და ღია თანადგომაზე...
ბეტსის სასტუმროში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს ლინკოლნ მიჩელს შევხვდი. ლინკოლნი “ვარდების რევოლუციის” დროს მუშაობდა საქართველოში და, ალბათ, იმ ჯერჯერობით იშვიათ ამერიკელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ბევრი ვილაპარაკეთ ამერიკის პოზიციაზე და იმაზე, თუ როგორ იცვლება ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამერიკისადმი და იმ ღირებულებებისადმი, რომელიც ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული. ეს ძალზე სახიფათო პროცესია და ამ ყველაფრის მიზეზი ეს ხელისუფლებაა. აუცილებელია, ამერიკელებს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ამას სერიოზული მუშაობა და საკმაო დრო სჭირდება. ივლისის ბოლოს ვაშინგტონში წასვლას ვაპირებ. მანამდე კი სარკოზისთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, მაქვს შეხვედრა. მოკლედ, დასავლეთშიც ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
საღამოს – ისევ ფეხბურთი. თურქებმა პენალტებით მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ. მე ხორვატებს ვგულშემატკივრობდი. ამ ჩემპიონატზე თურქებს აშკარად ბედი სწყალობთ. ისე, იღბალი, ალბათ, ყველა საქმეში საჭიროა.

შაბათი, 21 ივნისი
დღეს საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა და თითქოს ყველა ყველაფერს შეეგუა. ახალი საპარლამენტო უმრავლესობა, ახალი თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, კომიტეტის თავმჯდომარეები. ოპოზიციაც კი მოიგონეს თარგამაძის სახით! მოკლედ, ყველა ბედნიერია, გარდა ხალხისა. არჩევნები მორჩა და ხალხი ისევ ნერვებს უშლის ამ ხელისუფლებას. გუშინ ქუჩის მოვაჭრეები აყარეს, ისევ დაჭერები დაიწყეს. მოკლედ ყველაფერი მიშასთვის დამახასიათებელ რეჟიმში დაბრუნდა. თუმცა, ერთი გამონაკლისი მაინც არის: მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერა და ვერ შეიქმნა მრავალპარტიული პარლამენტის იმიტაცია, ეს კი “დემოკრატიის შუქურისათვის” სერიოზული პრობლემაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეტყობა, ყველაფერს გარკვეული დრო სჭირდება...
ამით ჩემი “‘თავისუფლების’ დღიურები” დასრულდა. მგონი, ცოტა უინტერესო და ერთფეროვანი გამოვიდა, თუმცა, მეტნაკლებად ზუსტად ასახა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail