|
| |
ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ორშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა დადასტურებული რიცხვი თითქმის 29,000-ს გაუტოლდა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, გუო უეიმინის თქმით, დაშავებულია თითქმის 200, 000 ადამიანი. ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 50,000-ს მიაღწიოს. მიწისძვრის შედეგად სახლ-კარი თითქმის 5 მილიონ ადამიანს დაენგრა. მაშველები პარასკევს განაგრძობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების ამოყვანას. დღეს - მიწისძვრიდან 110 საათის შემდეგ - ამოიყვანეს სამი ადამიანი, მათ შორის ერთი გერმანელი ტურისტი.
| |
| |
შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეტენდენტმა, ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკამ შეერთებული შტატების მტრები – მაგალითად ირანი და ჰამასი – გააძლიერა. ხუთშაბათს, ისრაელის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსულმა ბუშმა ისინი, ვისაც ირანთან მოლაპარაკების გამართვა სურთ, იმ ძალებს შეადარა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე ნაცისტურ გერმანიასთან კომპრომისზე მიდიოდნენ. ამ განცხადებას დემოკრატთა აღშფოთება მოჰყვა.
ბუშის ამ სიტყვების შესახებ ობამამ განაცხადა, რომ "ეს ზუსტად ისეთი შოკისმომგვრელი თავდასხმაა, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა, და მისი მსოფლიოსგან გაუცხოვება გამოიწვია." ობამამ ბუში და რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკკეინი, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დებატებში გამოიწვია.
| |
| |
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიმდინარე წლის ბიოლომდე ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს. ბუში ამ განცხადებით ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში გამოვიდა, სადაც მან ხვალ ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნდა გახსნას. ბუშმა ლიბანზეც ილაპარაკა - მისი თქმით, ამ ქვეყნის ცხოვრებაში ახლა ”გადამწყვეტი მომენტი” დგას.”ჰისბოლასთან” ბრძოლის პროცესში პრემიერ-მინისტრ ფუად სინიორას პროდასავლურ მთავრობას ბუშმა შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა. დღესვე, ჯორჯ ბუშმა მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან და პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.
| |
| |
მსოფლიოს ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ მიანმარის სამხედრო ხელისუფლებას იმის გამო, რომ ის არაადეკვატურად რეაგირებს ორი კვირის წინანდელი დამანგრეველი ციკლონის შედეგებთან ბრძოლის პროცესში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, მიანმარისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ განცხადებით გამოვიდა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო რეჟიმი ”არაადამიანურად” ექცევა ციკლონით დაზარალებულ დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს. მაგრამ ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი, ლუი მიშელი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ციკლონით დაზარალებულ ადამიანებს არ უშველის. მიანმარმა საერთაშორისო დახმარების გარკვეული რაოდენობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ჰუმანიტარული სააგენტოები ამბობენ, რომ დაზარალებულებამდე ამ დახმარების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი აღწევს. ქვეყნის სამხედრო ხელისუფლებამ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და აღიარა ციკლონის მსხვერპლთა გაზრდილი რიცხვი - დაახლოებით 78, 000. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიდევ 56,000 ადამიანი დაკარგულია.
| |
| |
ერაყის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ალ-ყაიდის ძალების წინააღმდეგ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში მიმდინარე ოპერაციის პირველი ოთხო დღის განმავლობაში დაახლოებით 1,100 პირი დააპატიმრეს. სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ მუჰამედ ალ-ასკარის განცხადებით, დაკავებულებს შორის 500-ზე მეტ პირი ძებნილი იყო. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენლები მოსულს ერაყში ალ-ყაიდის ბოლო ურბანულ თავშესაფარს უწოდებენ.
| |
| |
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, წამყვანი მინისტრებისგან შემდგარი შიდა კაბინეტი ჩამოაყალიბა, რომელიც კვირაში ერთხელ შეიკრიბება. ეს ახალი ფორუმი ძალიან გავს ფორმატს, რომელსაც პუტინი პრეზიდენტობის პერიოდში იყენებდა. ხუთშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ ახალი ფორმატი მთავრობის ეფექტიანობის ხარისხს გაზრდის. პუტინის მიერ შექმნილ ფორუმში შედიან ორი პირველი ვიცე-პრემიერი, ხუთი ვიცე-პრემიერი, და შვიდი მინისტრი – მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც, რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ანგარიშს უშუალოდ პრეზიდენტს აბარებენ. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს – პუტინის ახლო მოკავშირეს – თეორიულად შეუძლია პუტინის მიერ ინიცირებულ ამ შეხვედრებზე დასწრება. მაგრამ პუტინის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვოს თქმით, მედვედევი სხდომებს არ დაესწრება.
| |
| |
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, გარი კასპაროვი, დღეს მოსკოვში ალტერნატიული პარლამენტის გახსნას ხელმძღვანელობდა. კასპაროვის განცხადებით, ალტერნატიული პარლამენტის გახსნა მიზნად ”დემოკრატიისა და სახალხო ხელისუფლების აღდგენას ისახავს.” საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს, ფრანს-პრესის ცნობით, მოსკოვში გამართულ ღონისძიებას ოპოზიციის დაახლოებით 500 აქტივისტი დაესწრო. კასპაროვმა რუსეთის მთავრობას ”ფეოდალური მმართველობის” დამყარებაში დასდო ბრალი. ალტერნატიული პარლამენტის ქარტიაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეებს წართმეული აქვთ ”ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.”
| |
| |
ავღანეთში პაკისტანის ელჩი - რომელიც სამი თვის წინ გაიტაცეს, სავარაუდოდ ისლამისტმა ექსტრემისტებმა - გათავისუფლებულია. ტარიკ აზიზუდინი მძღოლთან ერთად ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში მიემგზავრებოდა, როდესაც ის 11 თებერვალს პაკისტანის ხუბერის რაიონში დაიკარგა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მუჰამედ სადიქის განცხადებით, ელჩი ”გათავისუფლებული და მას საფრთხე არ ემუქრება”. ელჩის მძღოლი და პირადი მცველიც გათავისუფლდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მათი გათავისუფლება.
| |
|
|