სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 09:03

ჩვენ შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და მოწვეული ჟურნალისტები მოვალე არიან, იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:

სიზუსტე

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა მთელი მაუწყებლობა და ყველა პუბლიკაცია (ინტერნეტით გავრცელებულის ჩათვლით) ემყარებოდეს დაზუსტებულ ფაქტებს. თუ რომელიმე ფაქტის მნიშვნელოვანი დეტალები ეჭვს ან უთანხმოებას იწვევს, ინფორმაცია უნდა ემყარებოდეს, სულ ცოტა, ორ დამოუკიდებელ წყაროს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები მაუწყებლობისთვის ან გამოსაქვეყნებლად არ იყენებენ მასალას, რომელიც ეფუძნება მითქმა-მოთქმას ან დაუსაბუთებელ ინფორმაციას.

ფაქტობრივი შეცდომები (თუ მაინც დაშვებულ იქნა) უმოკლეს ხანში უნდა გამოსწორდეს.

მიუკერძოებლობა

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტების კონტექსტში, რომელიც ხელს შეუწყობს მოვლენებსა თუ საკითხებში მსმენელის (მკითხველის) გარკვევას და ვითარებაში სიცხადის შეტანას ფაქტების დაუმახინჯებლად ან მიუკერძოებლად ასახვით.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, მმართველი თუ ოპოზიციური ჯგუფისგან, ემიგრანტთა ორგანიზაციებისგან, კომერციული ან სხვა, კერძო ინტერესის მქონე ორგანიზაციისგან თუ რელიგიური უწყებისგან, იქნება ეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამაუწყებლო სივრცეში შემავალ ქვეყნებში თუ მათს საზღვრებს გარეთ, და არ უნდა ეწეოდეს კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შეხედულებების მხარდაჭერასა და პროპაგანდას.

ანალიზი, კომენტარი და სარედაქციო წერილი

მაუწყებლობის ნებისმიერი ნიმუში და პუბლიკაციები უნდა შეიცავდეს ზოგადი ინფორმაციისა და განმარტების ელემენტებს, რომლებიც მსმენელს (მკითხველს) დაეხმარება, გაერკვეს მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობასა და შესაძლო შედეგებში. ფაქტების ამსახველ რეპორტაჟებს ჟურნალისტებმა არ უნდა დაურთონ პირადი მოსაზრებები თუ შეფასებები. კომენტარების გამოქვეყნება, როგორც წესი, არასასურველია. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ამჯობინებს შეფასებების, და არა პირადი მოსაზრებების გამოთქმას. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თანამშრომელთა მიერ კომენტარების დაწერა დაშვებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ სამაუწყებლო ნაწილის დირექტორის ან მისი მოადგილის წინასწარი თანხმობით. მოწვეულ ექსპერტთა კომენტარები უნდა შეესაბამებოდეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პროფესიულ სტანდარტებს.

მოდერაციის კილო

მაუწყებლობასა და პუბლიკაციებში მუდამ დაცული უნდა იყოს მშვიდი და ზომიერი კილო, ადგილი უნდა ეთმობოდეს ცივილიზებულ, გონივრულ მსჯელობას, რომელიც ასახავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას. მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური, სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცმხყოფელ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების აღიარებულ სტანდარტებს.

მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად. სახალხო მღელვარებისა თუ სხვა სახის დაძაბული ვითარების ამსახველი პროგრამები უნდა იყოს გაწონასწორებული და ფაქტებზე დამყარებული.

პროპაგანდის დაუშვებლობა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მიღებულსა და აღიარებულს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არ უნდა უჭერდეს მხარს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური კურსის გატარებას თუ კანონის მიღებას, მისი პროგრამები არ უნდა გამოხატავდეს არჩევით ან დანიშვნით თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა მხარდაჭერას ან მათს მიმართ წინააღმდეგობას.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მხარს უჭერს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, როგორც ეს ასახულია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნით აქტში. მაგრამ მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა უწევდეს პროპაგანდას სეპარატისტულ ან სეცესიონისტურ მოძრაობებს და მათ მხარს არ უნდა უჭერდეს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მხარს უჭერს ადამიანის გადადგილებისა და მიგრაციის თავისუფლებას საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მაგრამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მაუწყებლობა და პუბლიკაციები არ უნდა აქეზებდეს ცალკეულ პირთა სხვა ქვეყანაში გაქცევას ან ემიგრაციაში წასვლას.

ეთიკური ქცევა

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თანამშრომლები და მაუწყებლობისა თუ პუბლიკაციების შექმნაში მონაწილე მოწვეული ექსპერტები თავიანთ საქმიანობაში უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდნენ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად როგორც სამაუწყებლო სივრცეში, ისე მის საზღვრებს გარეთ - კერძო პირებთან, ჯგუფებთან, პოლიტიკურ თუ კომერციულ ინტერესებთან მიმართებით. დაუშვებელია, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ბოროტად ისარგებლონ საჯარო პირის სტატუსით ან რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კარგი რეპუტაციით პირადი ინტერესების სასარგებლოდ. იხ. წესები, რომლებიც ეხება “ინტერესთა კონფლიქტს”.